რუმინეთიც დავიბრიყვეთ

რუმინეთიც დავიბრიყვეთ

ირბ-ს მაინც სტეჟარი ურჩევნია

თამამი ვარაუდი გაგვიმართლდა: ბორჯღალოსნებმა ჯერ-არნახულად დაიბრიყვეს სტეჟარი, ჩვენი და მათი მეტოქეობის მატიანეში ზედიზედ ორჯერ პირველად გაიმარჯვეს, შეინარჩუნეს ანთიმოზ ივერიელის თასი, ერთა თასზე ლიდერობა განიმტკიცეს და ირბ-ის რეიტინგის მოწინავე 15-ეულში დაბრუნდნენ.

>>   "ანთიმოზის" დასატოვებლად
>>  
ტინკუ ტურისტად მოდის?
>>  
რვა ცვლილება
>>    ბორჯღალოსნები მძლავრობენ!

რუმინეთს აქვს რაგბის რიგიანი ტრადიცია, ჩვენზე უკეთესი ინფრა-სტრუქტურა და უმეტესი ადამიანური რესურსიც, რის გამოც პატივცემულმა ირბ-მა ნამსოფლიოთასევს ბობოლათა ახალ, 17-გუნდა კატეგორიაში გადაწერა სტეჟარი, ჩვენ კი, ფორმალური აღზევების მიუხედავად, მაინც მათ მომდევნო საფეხურზე დაგვტოვა.

ამეების გამო კარპატელებს ამიერიდან გაათკეცებული მონდომებით შევერკინებით. გადაახალისეს გუნდი მათ და ასევე მოვიქეცით ჩვენ. მოვიწვიეთ ოზი გურუ და იმათ კივი ჩამოიყვანეს. ჰოდა, ახალი ოთხწლედის პირველმა თამაშმა ცხადად გვიჩვენა, რომ წარსულს ჩაბარდა დრო, როცა სტეჟარი ბეკთა უმეტესი კლასით შეცდომებზე დაგვიჭერდა ხოლმე და მწარედ გვიგებდა.

შეუფერებლად ცოტა

პირველი ტაიმის ბოლო ათ წუთსა და მეორის ერთ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, იმათ შანსი არცა ჰქონიათ. ბურთი მეტწილად ჩვენ გვეპყრა, ფორვარდებით ვმძლავრობდით, მალაღურაძეს ფეხით გამართულად მიყავდა თამაში და ოთხი შვილის მამა, ხელობით ბუღალტერი უელსელი რეფიც, ამ სიშორეზე სამსაჯოდ პირველად რომ გამოეშვათ, აწ უკვე უავტორიტეტო სტუმრებს არა წყალობდა.

ბორჯღალოსნებმა ამჯერად იმაზე უფრო შთამბეჭდავად ირაგბეს, ვიდრე ერთი კვირის წინ, პორტუგალიასთან - თიმ ლეინის, ლევან ცაბაძისა და ხუთი ჯეელის სადებიუტო მატჩში. ვაგლახ, რომ იმ შაბათისგან განსხვავებით, ამჯერად აღარც მზემ გამოანათა და გრიპით ლოგინად ჩავარდნილთა პროცენტმაც იმატა, რის გამოც ვაკის ბოლოში ქომაგი მოვლენისთვის შეუფერებლად ცოტა მივიდა.

დინჯად, მეთოდურად

საწყის 35 წუთში მეტოქე ისე დაზაფრული ჩანდა და იმოტოლა უპირატესობაც გვქონდა, რომ წინ 10 ქულაზე მეტით ნაღდად უნდა გავსულიყავით. იმათ შოკს თავი თანდათან დააღწიეს და უცბათ ჩვენ დავიბენით ბრინჯივით, რითაც ამდენი ნაამაგარი ლამის იყო წყალს გავატანეთ. მაგრამ არა: მეორე ტაიმის დასაწყისშივე ავიღეთ 9 ქულა და თამაში დინჯად, მეთოდურად მივიყვანეთ გამარჯვებამდე.

როგორც ასეთ მატჩებში ხდება, ჩვენგან ყველა კარგი იყო, მაგრამ მაინც გამოსაყოფნი არიან ზოგნი: ნაკრებში ოდენ მეორედ მოთამაშე მალაღურაძისა ზემოთვე ვთქვით; დერეფანში პარპაშებდა ჩხაიძე და ზუსტად აგდებდა ნატრიაშვილი; გორგოძის გაჩერება სტეჟარს ძაან უჭირდა; გიორგაძემ ბევრი უტია, კაჭარავამ კი მეტოქეს ბლომად უშალა; ბარკალაიამ ექვსი ცდით ხუთი გოლი გაიტანა და შკინინმაც კადნიერად გამოაქცუნა გადაკიდებულები.

ეგებ კანადაც ჩამოვსვათ

ბებრები საგანგებოდ არიან მოსახსენიებელი. დაუდეგარმა შველიძემ 43-ე კეპი მიითვალა, ყინჩმა კაპიტანმა აბუსერიძემ კი სანიშანსვეტო, 50-ე და "რომ პეტროლ ჯორჯიას" მიერ დაწესებული 1 500 დოლარიც შეირგო. სტუმართაგან პრიზი გადაეცა დიმოფტეს. არადა, აშკარად უკეთესი იყო უნივერსალი ტინკუ, ვინც აქ საფრანგეთიდან ვითომც ტურისტად ჩამოვიდა, მაგრამ ლელო კი დაგვიდო.

რუმინელებმა, წინა ვიზიტისგან განსხვავებით, ტაში დაგვიკრეს. "ანთიმოზის" ფლობაში სტეჟარი მინიმალური სხვაობითღა გვისწრებს. მატჩამდე ისინი იოტისოდენით, 19 წერტით იყვნენ წინ რეიტინგში და ცხადი იყო, რომ რაგინდარა მოგებით გადავუსწრებდით, მაგრამ რაკი დაბარებულივით 15 ქულით (ორ ლელოზე მეტით) მოვუგეთ, ორშაბათს, ჩვენებურად ოთხ საათზე ახალი რეიტინგი რომ გამოქვეყნდება, ვინძლო კანადაც ჩამოვსვათ მე-14 ადგილიდან.


საქართველო 22:7 რუმინეთი

ბორჯღალოსნები

(ბეკ) 15 ოთარ ბარკალაია, 14 გიორგი შკინინი, 13 დავით კაჭარავა (22 რეზო გიგაური 65) 12 ირაკლი გიორგაძე, 11 ირაკლი ჩხიკვაძე; 10 ლაშა მალაღურაძე, 9 ირაკლი აბუსერიძე კაპ (20 ბიძინა სამხარაძე 77) /

(ფორ) 1 გოდერძი შველიძე (16 დავით დადუნაშვილი 57) 2 ირაკლი ნატრიაშვილი, 3 დავით ზირაქაშვილი (17 დავით ქუბრიაშვილი 54); 4 კახა უჩავა, 5 მამუკა გორგოძე; 6 შალვა სუთიაშვილი, 7 გიორგი ჩხაიძე, 8 დიმიტრი ბასილაია (18 რატი ურუშაძე 69)

(უქმ) 21 მეკო კვირიკაშვილი / 19 ზვიად მაისურაძე -

ლ: გორგოძე; გ 4ს: ბარკალაია; ა: მალაღურაძე

სტეჟარი

(ბეკ) 15 ფლორინ ვლაიკუ, 14 გეორგიცა ბიჯუ, 13 ჩაბა გალი, 12 კატალინ დასკალუ, 11 შტეფან ჩუნტუ (22 კატალინ ფერკუ 57); 10 იონუც დიმოფტე, 9 ვალი კალაფეტეანუ /

(ფორ) 1 რადუ ბაშალაუ, 2 ბოგდან ზებეგა (16 მარჩელ მიხალაკე 14-19 * 19 სტელიან ბურჩა 70), 3 იონ პაულიკა; 4 ვალენტინ პოპირლანი (18 ვასილე რუსი 61) 5 ალინ კოსტე; 6 მიხაი მაკოვეი, 7 მარიუს ტინკუ, 8 კოსტიკა მერშოი კაპ

(უქმ) 21 დან ვლადი, 20 ჩიპრიან კაპლესკუ / 17 მიხაი ადასკალიცეი -

ლ: ტინკუ; გ: ვლაიკუ

რეფ ნილ ბალარდი; კიდ: დევიდ ვილიამსი / ვეინ დევისი (უელ); ოქმი მიხეილ ჩაჩუა

შაბ 9/02    მიხეილ მესხი

7:0(9) 10:0(22) 10:7(40) ნახევარი (40+6) / 13:7(45) 16:7(49) 19:7(51) 22:7(80+2) ბოლო (80+5)

უკეთესნი [რომ პეტროლ ჯორჯია] აბუსერიძე და დიმოფტე


ერთა თასი 2007/08

საქართველო   5-1   219:  73
რუსეთი   4-1   156:  76
რუმინეთი   3-3   155:  99
ესპანეთი   3-3   165:142
პორტუგალია   2-3     68:  96
ჩეხეთი   0-6     40:317

წლეულსვე: საქართველო - 23/02 პორტუგალია (გარეთ), 29/03 ჩეხეთი (გ), 12/04 რუსეთი (გ), 26/04 ესპანეთი (შინ)

სხვა მატჩები: 16/02 პორ - ჩეხ, 23/02 ესპ - რუმ, 1/03 რუს - პორ, 8/03 რუმ - პორ & რუს - ესპ, 15/03 რუს - რუმ, 22/03 რუმ - ჩეხ, 19/04 ჩეხ - რუს, 10/05 ესპ - პორ

20 წლის (1989-2008) მონაგარი: 98 თამაში (37 შინ, 45 გარეთ, 16 ნეიტრალურზე) 57 მოგება - 37 წაგება * 4 ფრე / ქულა 2283:1891 (+392) ლელო 279-209 (+70)

რუმინეთთან: 11თ (5შ 5გ 1ნ) 4-7 / 201:237, ლ 18-24

ანთიმოზის თასი: საქ 3 (2005 2007 2008) - რუმ 4 (2002 2003 2004 2006)

სულ 177 ბორჯღალოსანი: 97 ფორვარდი, 74 ბეკი და 6 უნივერსალი; ფორვარდებმა გაიტანეს 147, ხოლო ბეკებმა 132 ლელო

კეპი (ღვინისფერი) 57 პალიკო ჯიმშელაძე, 55 მახო ურჯუკაშვილი, 53 ბესიკ ხამაშურიძე, 51 აქვსენტ გიორგაძე, 50 ირაკლი აბუსერიძე / (ვერცხლისა) 48 ილია ზედგინიძე, 47 გია ლაბაძე; 45 ზურაბ მჭედლიშვილი და ვიქტორ დიდებულიძე; 43 გოდერძი შველიძე

ლელო: 15 მახო ურჯუკაშვილი, 14 ილია ზედგინიძე (2 საჯ), 12 ბესიკ ხამაშურიძე; 11 თედო ზიბზიბაძე და აქვსენტ გიორგაძე; 10 არჩილ ქავთარაშვილი, ლევან ცაბაძე, გია ლაბაძე, ირაკლი მაჩხანელი და მამუკა გორგოძე; 9 პალიკო ჯიმშელაძე; 8 ვასილ კაცაძე და ბესო უდესიანი (2 საჯ); 7 გოდერძი შველიძე; 6 ნიკო იურინი, ბადრი ხეხელაშვილი და დავით დადუნაშვილი; 5 დავით ბოლღაშვილი, ვიქტორ დიდებულიძე, გიორგი შკინინი და ზვიად მაისურაძე

ქულა (კიკერები) 320 პალიკო ჯიმშელაძე, 274 მახო ურჯუკაშვილი, 105 ნუგზარ ძაგნიძე, 99 მეკო კვირიკაშვილი, 63 კახა მაჩიტიძე, 62 შოთა მოდებაძე, 53 ნიკო იურინი, 43 ბობა კვინიხიძე, 28 ოთარ ბარკალაია


მატჩის რჩეული

პირველი ნახევარი

2 რუმ: ვლაიკუმ ალამთან გაახერხა აუტი, მაგრამ სტეჟარი რაქში ხელით თამაშისთვის დაჯარიმდა

3 საქ: აბუსერიძემ გაათამაშა თავისუფალი, მაგრამ იმათ მეოთხედში ბოჭვაზე დავჯარიმდით

6 საქ: მალაღურაძემ ზურგში გადაკიდა, იმათ კი ლელოში შეიტანეს და დაამიწეს; 5-მეტრა შერკინებიდან ბასილაიამ შეუტია და ჯარიმა გვერგო

9' საქ: შერკინება მოვითხოვეთ, ბასილაიამ ისევ შეუტია, გიორგაძემ გაჭრა ხაზი და გორგოძემ ახლოდან, ძალით შეიტანა ლელო; ბარკალაიამ მარჯვნიდან გარდასახა * 7:0

12 საქ: შკინინმა გამოაქცუნა გადაკიდებული, გორგოძემ გაარღვია დაცვა, ირბინა და ოფლოუდი გაახერხა; მალაღურაძემ იქეთა ფრთაზე გადაკიდა, შეუტია გიორგაძემ, მაგრამ წითელ ზოლში (ბოლო ხუთი მეტრი) ბურთი წინ გადაგვივარდა

19 საქ: გორგოძე მიეძალა, შკინინმა გაჭრა ხაზი, მალაღურაძემ შველიძეს დაარტყმევინა, მოკლე ფრთაზე გაუტიეს კაჭარავამ და აბუსერიძემ, მაგრამ რვა ფაზის შემდეგ წითელ ზოლამდე დაგვივარდა ბურთი

21 საქ: მეტოქეს შერკინება დავუტრიალეთ, მაგრამ აბუსერიძის მიერ ფრთაზე გადაკიდებული უკანა ხაზს გადაცდა

22' საქ: სტეჟარმა 22-დან განაახლა, მაგრამ რაქში დაჯარიმდა და ბარკალაიამ 45 მეტრიდან შეაგდო * 10:0

25 საქ: მეტოქეს არეკნზე დავუფარეთ, კაჭარავამ ბურთს ორჯერ მიკრა ფეხი, იმათ ლელო ძლივს დაიცვეს, ჩვენ კი 5-მეტრა შერკინების შემდეგ შევფერხდით

28 საქ: პინგ-პონგის შემდეგ მალაღურაძემ ალამთან გაახერხა აუტი, მაგრამ იმათ ივარგეს და მოიგერიეს

33 საქ: დერეფნიდან ავაგორეთ მოლი და სამჯერ დავკარით, მაგრამ წითელ ზოლში დაგვივარდა ბურთი; იმათ შერკინებაში უკან დავახევინეთ და ძლივს მოიგერიეს

37 რუმ: სტეჟარმა ბარკალაია ალყაში მოაქცია, დერეფნიდან მალაღურაძემ ძლივს მოიგერია; იმათ მოლით 20 მეტრი იარეს და წითელ ზოლში ძლივს შევაჩერეთ

40' რუმ: 5-მეტრა შერკინებაში მოგვაწვნენ, ბურთი აგვართვეს და ტინკუმ დაგვიმიწა, ვლაიკუმ კი მარჯვნიდან გარდასახა * 10:7

40+6 რუმ: დიმოფტეს აბრაგანი დაუვარდა შკინინს, აბუსერიძემ გაათამაშა თავისუფალი და გადაკიდა, შკინინმა ორჯერ გამოაქცუნა და კაჭარავას ჩვენს ნახევარზე წინ დაუვარდა

მეორე ნახევარი

45' საქ: პინგ-პონგის შემდეგ შველიძემ წითელ ზოლს უწია, სტეჟარი რაქში ხელით თამაშისთვის დაჯარიმდა და ბარკალაიამ 30 მეტრიდან, მარცხნიდან დაკრა * 13:7

49' საქ: 20-მეტრა დერეფნიდან მივეძალეთ, ისინი კი ბოჭვაზე ჭიშკრიდან არ შევიდნენ და ბარკალაიამ 25 მეტრიდან შეაგდო ჯარიმა * 16:7

51' საქ: 20-მეტრა შერკინებიდან შეუტიეს გიორგაძემ, გორგოძემ და მალაღურაძემ 10 მეტრიდან არეკნი დაარტყა * 19:7

59 რუმ: დიმოფტემ მომხვდურ დაცვას ზურგში გადაუკიდა, მაგრამ გალმა ჩვენს 22-თან ვერ დაიმორჩილა ბურთი

67 საქ: სტეჟარი საკუთარ მეოთხედში ბლოკზე დაჯარიმდა, მაგრამ ბარკალაიამ 30 მეტრიდან, მარცხნიდან ოდნავ ააცდინა

71 რუმ: სტეჟარმა გადაკიდებული გამოაქცუნა, მაგრამ შკინინმა დაიჭირა

75 რუმ: სტეჟარმა შერკინებაში მოპოვებული ჯარიმა სწრაფად გაათამაშა, ჩვენს 22-ში კი ჩხუბი ატყდა და ჯარიმა გვერგო

80+2' საქ: სტეჟარმა თავის მეოთხედში შვიდკაცა გამართა და ბურთი დაკარგა; გორგოძისა და გიორგაძის რეიდთა შემდეგ ბარკალაიამ 15 მეტრიდან შეაგდო ჯარიმა * 22:7

80+5 რუმ: სტეჟარმა 10-მეტრა დერეფნიდან ააგორა მოლი, მაგრამ უკან დავახევინეთ

:::

Free Web Hosting