ბორჯღალოსნები მძლავრობენ!
ფრიად წარმატებული გამოდგა "ბორჯღალოსანთა" ახალი გურუს დებიუტი: ავსტრალიელი თიმ ლეინის მიერ დამოძღვრილმა ბიჭებმა ულაპარაკოდ ძლიეს აქამდე ძაან უხერხული მეტოქე, პორტუგალიის "ლობუში" და ოფიციალურ "ერთა თასზე" დაწინაურების გარდა, არა-ფორმალური "უმცროსი ექვსი ერიც" მოიგეს.
>>
ლობუშთან გამოიცდება
>>
ახალ გუნდს შექმნის
>>
ლეგიონს ჩამოსვლა უჭირს
>>
ლეინი ნაღდად ჩამოდის
>>
ოზი ლეინი გაგვეცნო
ლეინი საქართველოში გასაცნობად შუა დეკემბერში გვეწვია, გუნდი კი სამშაბათსღა,
მატჩამდე ოთხი დღით ადრე ჩაიბარა. მზადება თოვლსა და ყინვაში მიმდინარეობდა.
ფრანგულ კლუბთა თავნებობის გამო ნაკრები ძლივს შევაკოწიწეთ, მაგრამ იმდენად დიდი
იყო ემოციური მუხტი და მსოფლიო თასზე ძალუმად გამოსვლის შემდეგ მომატებული
პასუხისმგებლობა, რომ რკენა საქართველოს ბარაქიანი გამარჯვებით დასრულდა და ლიანგმა
გაიხარა.
ლეინს რაზმი აქაურებმა, ლევან ცაბაძემ, ვასილ აბაშიძემ და გია ჭუმბურიძემ ნაკრების ყოფილ მწურთნელებთან, მალხაზ ჭეიშვილთან, დავით ჩავლეიშვილთან და პაატა ნარიმანაშვილთან მოთათბირებით დაახვედრეს. გურუმ ახალი, საფირმო, ავსტრალიური სტილის დანერგვა პირველივე ვარჯიშიდან სცადა და შეგირდები ლაფშიც არ დაზოგა, რამაც შედეგი ბოლოსკენ, მეხუთე ლელოს სახით მოიტანა.
აბუს ქუდი ერგება
პორტუგალიასთან შებმით მე-20 სანაკრებო სეზონი გავხსენით. აქამდე 172 ბორჯღალოსანი გვყავდა, ამჯერად კი ამქარს ერთბაშად შეემატა ხუთი. დებიუტი ლელოთი აღნიშნა არმაზსა და კლერმონში დახელოვნებულმა ფოთელმა დიმიტრი ბასილაიამ, გარდასახვით კი ლელოელმა ირაკლი ყიასაშვილმა. მათ გარდა სიმბოლური "პირველი კეპი" მიიღეს ლელოელმავე დუდუ ქუბრიაშვილმა, ყოჩმა ლაშა მალაღურაძემ და ხულიგანაში გაზრდილმა ანტონ ფეიქრიშვილმა.
კიდევ რამდენიმე ჩვენებურს თითო-ოროლა კეპი ჰქონდა მოგროვილი, კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე კი შაბათს, რუმინეთთან სანიშანსვეტოს, 50-ეს მიითვლის. ქართველთაგან პირველმა პალიკო ჯიმშელაძემ რომ დაძლია ეს მიჯნა, ღვინისფერი ქუდი გადაეცა ბარბაროსებთან ბურთაობის წინ, მას შემდეგ კი ვაგლახ, რომ მივივიწყეთ შარშანწინ საფუძველ-ჩაყრილი ტრადიცია და მახო ურჯუკაშვილი, ბესიკ ხამაშურიძე და აქვსენტ გიორგაძე აქამდე დაუჯილდოებელნი გვყვანან.
ბალანსი გავიუმჯობესეთ
თუ ბითუმ რევანშს, ანუ შარშანწინდელ 40:0-ს სათვალავში არ ჩავაგდებთ, პორტუგალიასთან თამაში გვიჭირს. ამჯერად ვერც სხვაობისა და ვეღარც ლელოიანობის რეკორდი ვერ მოვხსენით, მაგრამ ბალანსი კი ძაან გავიუმჯობესეთ. ვეტერანი ხამაშურიძე მელელოვეთა სიაში მესამე ადგილზე ავიდა, მეკო კვირიკაშვილს კი 6 ქულაღა ჭირდება და ლეგენდარულ ნუგზარ ძაგნიძეს გაუტოლდება. სტატისტიკური განხრით სათქმელია ისიც, რომ ამჯერად ბეკებმა მეტი ლელო გაიტანეს, ვიდრე ფორვარდებმა, რაც თუმც საყოველთაო რაგბული კანონზომიერებაა, ჩვენს მაგალითზე კი ხშირად ირღვეოდა.
რა დასამალია და პორტუგალია ის ვერ იყო, რაც უწინ გვინახავს. გურუ ტომეჟ მორეიშმა კავკასიაში მსოფლიო თასის მხოლოდ ხუთი მონაწილე წამოიყვანა და ისიც არ დაუმალავს, რომ ნაკრები სულ ორჯერ ავარჯიშა. მწურთნელი, მისივე თქმით, ახლების დარჯაკში გატარებას აპირებდა. ჰოდა, შენიშნავდა გონიერი ექსპერტი, რომ შეგირდები რაგბის ყველა კომპონენტში ჩამორჩებოდნენ ჩვენებს და იმდენადაც დაზაფრულნი იყვნენ, რომ შეცდომა გაქნილ წინამორბედებზე ბევრად მეტი მოსდიოდათ.
ცხვირწინ დაუმიწათ
პირველი და მეოთხე ლელო სწორედ რომ ლობუშის ლაფსუსებს მოყვა. ყიასაშვილის მიერ კიდიდან დარტყმული ჯარიმა კართან რომ დაეცა, იმათ ბურთი დავით კაჭარავამ ცხვირწინ დაუმიწათ, აბუსერიძის მიერ ლობუშის ზურგში გადაკიდებულს კი ადევნებულმა კაჭარავამ ფეხი მიკრა და რეზო გიგაური ლელოს უკანა ხაზთან დაახტა. მესამე დერეფანში აგორებული მოლით შეიტანა მსოფლიო თასებზე პირველი ქართული ლელოს გამტანმა დავით დადუნაშვილმა, მეორეზე კი კაჭარავასა და გიგაურის წაბურთავება ხამაშურიძემ ფრთაზე, ძალისმიერი რეიდით დააგვირგვინა.
დერეფანში მეფობდა რატი ურუშაძე. ირაკლი ჩხიკვაძემ ლიგაში ნასწავლი ჰითებით მიხდომის ხალისი დაუკარგა ლუზიტანებს. "აბუს" შემთხვევა არ გაუშვია ხელიდან, რომ არ შეეტია, უკანა ხაზი კი ჩინებულად აათამაშა გაოდესელებულმა ვერელმა მალაღურაძემ, ვინც მეხუთე ლელოზე ორი მომსხეპი პასი რომ გაახერხა და ბასილაიამ მეტობა არად ჩააგდო, კისერში მის შემბოჭველს სინბინი ალალად ეკუთვნოდა, მაგრამ იტალიელმა მსაჯმა აპატია.
ყოველ წელს ვლინდებოდეს
"ერთა თასი" ამჟამინდელი ფორმატით 2000 წლიდან თამაშდება. ევროპული ფირა აერ-ის თავდაპირველი ჩანაფიქრი ეგ იყო, რომ გამარჯვებულს მალე (!) "ექვსი ერის" მაჩანჩალა უნდა შეეცვალა. ამის გამო ჩემპიონი ყოველ წელს ვლინდებოდა, მაგრამ რაც ელიტამ ტელევიზიის მეშვეობით მინიმუმ 2011 წლამდე გალავანი შემოივლო, ხოლო აერ-მა მსოფლიო თასის შესარჩევებად დაიწყო "ერთა თასის" გამოყენება, ადგილები ორი წლისა და წრის ჯამით ნაწილდება.
და მაინც, რაღაი რაგბი
უნიკალაური სპორტია; რადგან მასში მედიას ოფიციოზზე ნაკლები სიტყვა როდი ეთქმის;
რაკი შეჯიბრს მუღამი ყოველ წელს უნდა ჰქონდეს; რამეთუ "ერთა თასი", მავან ბობოლა
საითთა აზრით, ფაქტობრივად "უმცროსი ექვსი ერია" და ბიჭებსაც გარჯა უნდა დაუფასდეთ,
უპრიანად მიგვაჩნია, რომ საპიარო მოსაზრებებით საქართველო 2007 წლის ჯილად
გამოვაცხადოთ, ჩვენს კავშირს კი ვთხოვოთ, რომ ფირა აერ-ის წინაშე დასვას საკითხი,
რათა ოფიციოზმაც შეიწყნაროს მედიის აზრი.
საქართველო 31:3 პორტუგალია
ბორჯღალოსნები
(ბეკ ^ ახალბედა) 15 ირაკლი ყიასაშვილი^ 14 ირაკლი ჩხიკვაძე, 11 ბესიკ ხამაშურიძე (22 ოთარ ბარკალაია 63); 13 დავით კაჭარავა, 12 რეზო გიგაური; 10 მეკო კვირიკაშვილი (21 ლაშა მალაღურაძე^ 67) 9 ირაკლი აბუსერიძე კაპ (20 ბიძინა სამხარაძე 70)
(ფორ) 1 გოდერძი შველიძე (სუთიაშვილი 71), 2 დავით დადუნაშვილი სბ 61 3 დავით ქუბრიაშვილი^ (17 ანტონ ფეიქრიშვილი^ 52); 4 ლევან დათუნაშვილი, 5 კახა უჩავა (19 ზვიად მაისურაძე 71); 6 შალვა სუთიაშვილი (16 ირაკლი ნატრიაშვილი 63) 7 რატი ურუშაძე, 8 დიმიტრი ბასილაია^
(არ შესულა) 18 გიორგი ჩხაიძე -
5ლ: კაჭარავა ხამაშურიძე დადუნაშვილი გიგაური ბასილაია; 3გ: ყიასაშვილი, კვირიკაშვილი 2
ლობუში
(ბეკ) 15 ვესკუ გესპარი (21 ბერნარდუ დუარტე 75) 11 გონსელუ ფორუ, 14 ედერიტუ ეშტევეში; 13 უგო მელუ, 12 ფრენსისკუ მირე; 10 პედრუ კებრალი, 9 ფრენსისკუ მეგელიანეში (20 ლურენსუ კედოში 52)
(ფორ) 1 როდრიგუ ეგიარი (16 გუშტევუ დუარტე 47) 2 ჟოაუ კორეია კაპ (19 ფრენსისკუ ფრეგეტეირუ 77) 3 ჟუან მურე (17 დიოგუ ფიელიუ 77); 4 ედუარდუ ეკუშტა (18 მენუელ სომერ-რიბეირუ 41) 5 სებასტიანუ კუნია (22 დიოგუ მირანდა 70); 6 ჟუან სევერინუ, 7 ენტონიუ დუარტე, 8 ტიეგუ ჟირეუ -
ს: კებრალი
რეფერი ჯულიო დესანტისი; კიდეებზე: რობერტო ორლანდინი / ჯანლუკა ბონაჩი (იტალია); ოქმი უჩა ნარიმანიძე
შაბ 2/02 მიხეილ მესხი (10 ათასამდე)
7:0(9) 12:0(26) 12:3(33) / 19:3(44) 26:3(51) 31:3(76) ბოლო (80+2)
ერთა თასი 2007/08
საქართველო | 4-1 | 197: 66 |
რუსეთი | 4-1 | 156: 76 |
რუმინეთი | 3-2 | 148: 77 |
ესპანეთი | 3-3 | 165:142 |
პორტუგალია | 2-3 | 68: 96 |
ჩეხეთი | 0-6 | 40:317 |
წლეულსვე: საქართველო -
9/02 რუმინეთი (შინ), 23/02 პორტუგალია (გარეთ), 29/03 ჩეხეთი (გ), 12/04 რუსეთი (გ), 26/04 ესპანეთი (შ)
უმცროსი ექვსი ერის ჩემპიონები
რუმინეთი | 2000 2002 2004 2006 |
საქართველო | 2001 2005 2007 |
პორტუგალია | 2003 |
20 წლის (1989-2008) მონაგარი
97 თამაში (36 შინ, 45 გარეთ, 16
ნეიტრალურზე)
56 მოგება - 37 წაგება * 4 ფრე
ქულა 2261:1884 (პლუს 377) ლელო 278-208 (პლუს 70)
პორტუგალიასთან: 11თ (5შ 6გ) 6-4*1 / 269:174, ლ 35-11
სულ 177 ბორჯღალოსანი:
97 ფორვარდი, 74 ბეკი და 6
უნივერსალი;
ფორვარდებმა გაიტანეს 146, ხოლო ბეკებმა 132 ლელო
კეპი (ღვინისფერი) 57 პალიკო ჯიმშელაძე, 55 მახო ურჯუკაშვილი, 53 ბესიკ ხამაშურიძე, 51 აქვსენტ გიორგაძე / (ვერცხლის) 49 ირაკლი აბუსერიძე, 48 ილია ზედგინიძე, 47 გია ლაბაძე; 45 ზურაბ მჭედლიშვილი და ვიქტორ დიდებულიძე; 42 გოდერძი შველიძე
ლელო: 15 მახო ურჯუკაშვილი, 14 ილია ზედგინიძე (2 საჯ), 12 ბესიკ ხამაშურიძე; 11 თედო ზიბზიბაძე და აქვსენტ გიორგაძე; 10 არჩილ ქავთარაშვილი, ლევან ცაბაძე, გია ლაბაძე და ირაკლი მაჩხანელი; 9 მამუკა გორგოძე და პალიკო ჯიმშელაძე; 8 ვასილ კაცაძე და ბესო უდესიანი (2 საჯ); 7 გოდერძი შველიძე; 6 ნიკო იურინი, ბადრი ხეხელაშვილი და დავით დადუნაშვილი; 5 დავით ბოლღაშვილი, ვიქტორ დიდებულიძე, გიორგი შკინინი და ზვიად მაისურაძე
ქულა (კიკერები) 320 პალიკო ჯიმშელაძე, 274 მახო ურჯუკაშვილი, 105 ნუგზარ ძაგნიძე, 99 მეკო კვირიკაშვილი, 63 კახა მაჩიტიძე, 62 შოთა მოდებაძე, 53 ნიკო იურინი, 43 ბობა კვინიხიძე
:::