რვა ცვლილება

რვა ცვლილება

"ბორჯღალოსანთა" შტაბმა ოთხშაბათს, დათქმულ ვადამდე სამი საათით ადრე გამოაცხადა იმ 22 რჩეულის ვინაობა, ვინც შაბათს, ვაკეში, რუმინეთის "სტეჟარს" შეერკინება, რათა "ანთიმოზ ივერიელის თასი" საქართველოში ერთი წლითაც დაავანოს.

თასი შარშან, წლის ამ დროს, სტუმრად, გენჩას პარკში, ავდარში მოვიგეთ მეორედ. ნაკრების შერკინების მწურთნელის, ლევან ცაბაძის გეგმით, გადანომრილი 15-ეული და მარქაფაც საღამოს ვარჯიშის შემდეგღა უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ დღის სამი საათისთვის "თბილისის ფორუმზე" რომ გამოჩნდა უტყუარი სია, "ლეონსიო" კავშირის ოფისს ნაღდად მოახსენებდა, დახანებას აზრი აღარა აქვსო.

პორტუგალიის მომსრველ 15-ეულში ერთბაშად რვა ცვლილებაა. დაგვემატნენ შინაური გიორგი შკინინი და საფრანგეთიდან ჩამოსულები - ირაკლი გიორგაძე, დავით ზირაქაშვილი და მამუკა გორგოძე, ოთხი კაცი კი - ოთარ ბარკალაია, ლაშა მალაღურაძე, ირაკლი ნატრიაშვილი და გიორგი ჩხაიძე მარქაფიდან დაწინაურდა.

ბორჯღალოსანთა კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე შაბათს სანიშანსვეტო, 50-ე კეპს მოიხვეჭს. სამი რჩეული - ირაკლი ნატრიაშვილი, კახა უჩავა და ბიძინა სამხარაძე კონსტანცის "ფარულში" თამაშობს და ამდენად, მეტოქეს ახლოდან იცნობს.

სხვაფრივ, რუმინეთში ისე შესრულდა ღამის ათის ნახევარი, რომ სტეჟარმა შეპირებული 24-კაცა სია არ გამოაქვეყნა, მაგრამ დღისით კი გავრცელდა ცნობა, რომ მეტოქეს პერპინიანიდან კვაჭი მარიან ტინკუ უხმია.

საქართველოს "ბორჯღალოსნები"

რუმინეთის წინააღმდეგ: შაბ 9 თებ 2008; მიხეილ მესხი 16.00

კეპი * დაგვემატა პორტუგალიის შემდეგ, ^ მარქაფიდან დაწინაურდა, # მარქაფაში გადასვეს

(ბეკ) 15 ოთარ ბარკალაია^ (26), 14 გიორგი შკინინი* (22), 13 დავით კაჭარავა (15), 12 ირაკლი გიორგაძე* (30), 11 ირაკლი ჩხიკვაძე (3); 10 ლაშა მალაღურაძე^ (1), 9 ირაკლი აბუსერიძე კაპ (49) /

(ფორ) 1 გოდერძი შველიძე (42), 2 ირაკლი ნატრიაშვილი^ (4), 3 დავით ზირაქაშვილი* (16); 4 კახა უჩავა (3), 5 მამუკა გორგოძე* (26); 6 შალვა სუთიაშვილი (6), 7 გიორგი ჩხაიძე^ (25), 8 დიმიტრი ბასილაია (1) -

(მრქ) 22 რეზო გიგაური# (15), 21 მეკო კვირიკაშვილი# (25), 20 ბიძინა სამხარაძე (30) / 16 დავით დადუნაშვილი# (15), 17 დავით ქუბრიაშვილი# (1); 18 რატი ურუშაძე# (26), 19 ზვიად მაისურაძე (23)

ერთა თასის კიბე: საქართველო 4-1 (197:66), რუსეთი 4-1 (156:76), რუმინეთი 3-2 (148:77), ესპანეთი 3-3 (165:142), პორტუგალია 2-3 (68:96), ჩეხეთი 0-6 (40:317)

წლეულსვე: საქართველო - 23/02 პორტუგალია ((გარეთ), 29/03 ჩეხეთი (გ), 12/04 რუსეთი (გ), 26/04 ესპანეთი (შინ)

20 წლის (1989-2008) მონაგარი: 97 თამაში (36 შინ, 45 გარეთ, 16 ნეიტრალურზე) 56 მოგება - 37 წაგება * 4 ფრე / ქულა 2261:1884 (+377) ლელო 278-208 (+70)

რუმინეთთან: 10თ (4შ 5გ 1ნ) 3-7 / 179:230, ლ 17-23

:::

Free Web Hosting