"ანთიმოზის" დასატოვებლად
დრონი იცვალნენ: საქართველომ შარშანდელ მსოფლიო თასზე ბევრად უფრო ღირსეულად რომ ირაგბა, ვიდრე მეტი ტრადიციის პატრონმა რუმინეთმა, "ერთა თასზე" შებმის წინ ფავორიტები "ბორჯღალოსნები" არიან და არა "სტეჟარი".
>>
ტინკუ ტურისტად მოდის?
>>
რვა ცვლილება
>>
ბორჯღალოსნები მძლავრობენ!
ამას მეტოქეც რომ გრძნობს, ხავსს ეჭიდება და გვექადნება, აქამდე არნახული
სხვაობით მოგიგებთო, რაზეც ყაბულს ვერა ვართ და "ანთიმოზ ივერიელის თასის"
შენარჩუნებას უსიკვდილოდ ვაპირებთ.
კარპატელებს პარასკევის პრეს-კონფერენციაზე დააგვიანდათ. ვიდრე მათი ზელანდიელი მენეჯერი, დინამოელი კაპიტანი, მედია შეფი და რადიო ჟურნალისტი ქართველთა კითხვებს პასუხობდნენ, გუნდი დამზრალ მოედანზე ვარჯიშობდა.
გაირკვა, რომ დელეგაციას შინიდან გამოფრენისას ინციდენტი შემთხვევია, შემადგენლობის განხრით კი წაუვირეშმაკებია: მარიუს ტინკუ და იონუც დიმოფტე ვითომც ტურისტებად მოდიოდნენ საქართველოში, მაგრამ უცებ პირდაპირ 15-ეულში ამოყვეს თავი.
აქაც კივურ-ოზური
დაგანგრევთო, მოგვიგო 8 ნომერმა, ვისაც მისმავე მედია შეფმა გაუსწორა, მერსოიუ კი არ ხარ გვარად, არამედ მერშოი-ო!
კაპიტანზე მეტი ისაუბრა ზელანდიელმა "ტექნიკურმა დირექტორმა", რეალურად კი მწურთნელმა ელის მიჩენმა, ვინც "ბორჯღალოსანთა" ავსტრალიელ გურუს, თიმ ლეინს გვერდით ეჯდა და ამით ტრანს-ტასმანურ რაგბულ მეტოქეობას "ერთა თასიც" მოეცვა.
მიჩენი მედგარი წინააღმდეგობის გაწევას დაგვპირდა. ვაკეში მისი დებიუტია. სტუმრებს არ დაუმალავთ, რომ სორინ სოკოლი, პეტრუ ბალანი, რაზვან მავროდინი და ალეკსანდრუ მანტა ნაკრებიდან სულ წავიდნენ, რითაც ჯეელებს მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი.
ნაყოფიერად ვივარჯიშეთო
მიჩენმა შენიშნა, სამხრეთელი რომ ვარ, დინამიურ და თვალ-სასეირო რაგბს შევასწავლი რუმინელებს, მაგრამ მათი სტილის შეცვლას დრო ჭირდებაო; ანუ, კივი გურუს მოსაზრება ასი პროცენტით დაემთხვა ერთი კვირით ადრე ჩვენი ლეინის მიერ თქმულს.
თიმმა ამჯერად ბრძანა, პორტუგალიასთან მოგების შემდეგ ჩინებულ გუნებაზე ვართ. სარუმინეთოდ სრული ხუთი დღე ვემზადეთ და უფრო ნაყოფიერადაც ვიმუშავეთ; სამი ლეგიონერიც შეგვემატა, რაც დიდი ძალაა, მაგრამ გუნდის ბირთვი რომ გამოვკვეთო, მაგას ნახევარი წელი მაინც ჭირდებაო.
კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე სანიშანსვეტო, 50-ე მატჩისთვის გულდაგულ რომ ემზადება, კათედრაზე გოდერძი შველიძემ შეცვალა და მოგვახსენა, რომ ბოლო წლებში შერკინებაში ხან ჩვენ ვჯობდით და ხანაც ისინი მძლავრობდნენ, ახალი სახეები კი იმად უნდა გამოჩნდეს ნაკრებში, რომ ვეტერანთა მხარდამხარ დაოსტატდნენ.
თასი ახალივით ბრწყინავს
კავშირი ტრადიციას ერთგულობს და პალიკო ჯიმშელაძის კვალად, "აბუს" სამახსოვრო კეპით თამაშამდე დააჯილოდებს, ამავე მიჯნის დამძლევ კიდევ სამ ბორჯღალოსანს (მახო ურჯუკაშვილი, ბესიკ ხამაშურიძე, აქვსენტ გიორგაძე) კი მაშინ დააფასებს, როცა თამაშთა განრიგი ამის საშუალებას მისცემს.
"ანთიმოზ ივერიელის" თასმა ბოლო 12 თვე ვაკის ოფისში გაატარა. როგორც ყველა მსგავს ჯილდოს, ჩვენსასაც გაწმენდა, გაპრიალება, გამაგრება და მორიგი გამარჯვებულის დაკვრა დაჭირდა. ხელი გამოიღო ბენზინის იმპორტიორმა "რომ-პეტროლმაც" და 1500 დოლარი დაუწესა ჯილდოდ მეტოქეთა თითო საუკეთესო მოთამაშეს, რომელთაც მათივე მწურთნელები 75-ე წუთის მიდამოში შეარჩევენ.
თამაში ირბ-ის რეიტინგის ჭრილშიც მნიშვნელოვანია. რუმინეთი ამჟამად სულ რაღაც 19 წერტით გვისწრებს და თუ მოვუგებთ, მე-15 ადგილიდან უსიტყვოდ ჩამოვსვამთ, ხოლო თუ სხვაობა მინიმუმ 15 ქულა იქნება, კიდევ ერთი საფეხურით მაღლა ავიწევთ. მეორე მხრივ, წაგება, ირბ-ის საითის გათვლით, სამიოდე ადგილით დაბლა დაგვწევს. ასე რომ, გასამარჯვებლად სტიმული საკმაოდა გვაქვს.
საქართველო - რუმინეთი
ბორჯღალოსნები
კეპი * დაგვემატა პორტუგალიის შემდეგ, ^ მარქაფიდან დაწინაურდა, # მარქაფაში გადასვეს, $ მსოფლიო თასელი
ბეკები: 15 ოთარ ბარკალაია^$ (26), 14 გიორგი შკინინი*$ (22), 13 დავით კაჭარავა$ (15), 12 ირაკლი გიორგაძე*$ (30), 11 ირაკლი ჩხიკვაძე (3); 10 ლაშა მალაღურაძე^ (1), 9 ირაკლი აბუსერიძე$ კაპ (49) /
ფორვარდები: 1 გოდერძი შველიძე$ (42), 2 ირაკლი ნატრიაშვილი^ (4), 3 დავით ზირაქაშვილი*$ (16); 4 კახა უჩავა (3), 5 მამუკა გორგოძე*$ (26); 6 შალვა სუთიაშვილი (6), 7 გიორგი ჩხაიძე^$ (25), 8 დიმიტრი ბასილაია (1) -
მარქაფა: 22 რეზო გიგაური#$ (15), 21 მეკო კვირიკაშვილი#$ (25), 20 ბიძინა სამხარაძე$ (30) / 16 დავით დადუნაშვილი# (15), 17 დავით ქუბრიაშვილი# (1); 18 რატი ურუშაძე#$ (26), 19 ზვიად მაისურაძე$ (23)
მწურთნელები: თიმ ლეინი (ავსტრალია) / ლევან ცაბაძე (33); მენეჯერი ვასილ აბაშიძე (15)
სტეჟარი (მუხები)
ბეკები: 15 ფლორინ ვლაიკუ$ (14), 14 გეორგიცა ბიჯუ (1), 13 ჩაბა გალი$ (14), 12 კატალინ დასკალუ (12), 11 შტეფან ჩუნტუ (3); 10 იონუც დიმოფტე$ (24), 9 ვალი კალაფეტეანუ$ (14) /
ფორვარდები: 1 რადუ ბაშალაუ (1), 2 ბოგდან ზებეგა (18), 3 იონ პაულიკა (23); 4 ვალენტინ პოპირლანი (1), 5 ალინ კოსტე (1); 6 მიხაი მაკოვეი (5), 7 მარიუს ტინკუ$ (34), 8 კოსტიკა მერშოი კაპ (30) -
მარქაფა: 22 კატალინ ფერკუ$ (19), 21 დან ვლადი$ (10), 20 ჩიპრიან კაპლესკუ (4) / 16 მარჩელ მიხალაკე (1), 17 მიხაი ადასკალიცეი (1); 18 ვასილე რუსი (2), 19 სტელიან ბურჩა (6)
მწურთნელები: ელის მიჩენი (ზელანდია) / მარინ მოცი; მენეჯერი მირჩა პარასკივი (33)
მსაჯები
რეფერი ნილ ბალარდი; კიდეებზე: დევიდ ვილიამსი / ვეინ დევისი (უელსი); კომისარი ჯანი მორანდინი (იტალია)
შაბ 9/02 მიხეილ მესხი 16.00
>> წარსული
ერთა თასი 2007/08
კიბე: საქართველო 4-1 (197:66), რუსეთი 4-1 (156:76), რუმინეთი 3-2 (148:77), ესპანეთი 3-3 (165:142), პორტუგალია 2-3 (68:96), ჩეხეთი 0-6 (40:317)
წლეულსვე: საქართველო - 23/02 პორტუგალია ((გარეთ), 29/03 ჩეხეთი (გ), 12/04 რუსეთი (გ), 26/04 ესპანეთი (შინ)
ირბ-ის რეიტინგი (4/02) ... 14 კანადა 6725, 15 რუმინეთი 6673, 16 საქართველო 6654, 17 რუსეთი 6588, 18 იაპონია 6535, 19 შტატები 6468, 20 ურუგვაი 6318, 21 ესპანეთი 6230, 22 პორტუგალია 6006
20 წლის (1989-2008) მონაგარი: 97 თამაში (36 შინ, 45 გარეთ, 16 ნეიტრალურზე) 56 მოგება - 37 წაგება * 4 ფრე / ქულა 2261:1884 (+377) ლელო 278-208 (+70)
:::