გაჭირვება მიჩვენე ...

გაჭირვება მიჩვენე ...

   გლობალური საფინანსო კრიზისი რაგბსაც შეეხო: ზელანდიასა და ავსტრალიაში უკვე შეიკვეცა სანაკრებო პროგრამები და ინგლისშიც გუნდებისა და ჯამაგირების შემცირებაზე ფიქრობენ. იტალია სწორ დასკვნამდე მივიდა და კელტურ მარაქაში სამხრეთული მოდელით, რეგიონებით აპირებს გარევას, შობაზე კი ბრიტანეთში სრული საშინაო პროგრამაა და მისი რჩეულის ხილვა "გლობალითაა" შესაძლებელი.

ექსპერტთა შეფასებით, დაღმასვლა სამ, ექვს, ცხრა თვეს გაგრძელდება. ელიტარულ სპორტთაგან უკვე იზარალეს გოლფმა, ავტორბოლამ და რალმა: დამოკლდა სეზონი, გაუქმდა ტურნირები, შემცირდა მომსახურე პერსონალი.

სპონსორებიც ფეხს ითრევენ შეწევნაზე და პროგნოზიც ეგეთია, რომ 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში დანიშნული ფეხბურთის მსოფლიო პირველობა ტურისტებს მოისაკლისებს, რაღაი ყველგან გაჭირდა ცხოვრება და ხალხი ფულს ხელგაშლილად ვეღარ ხარჯავს.

სამხრეთულ რაგბს სარჩოს მეტი, გარანტირებული წილი ფასიანი ტელევიზიიდან შესდის, რის გამოც ზეპური პროდუქცია - ზე 14 და "სამი ერი" გაისადაც შეუფერხებლივ იწარმოება, სხვა დარგები კი ვაგლახ, რომ გაჩერდებიან.

"მაორი" იუქმებს

ავსტრალია დახურავს მეორე, "ა" ნაკრებს, რომელიც 2007-08 წლებში "წყნარი ოკეანის თასზე" ეჯიბრებოდა ზელანდიას, იაპონიასა და კუნძულებს (ფიჯი სამოა ტონგა) რაღაი ირბ სამონაწილეო გრანტს მხოლოდ არა-ბობოლებს აძლევს.

გაუქმდა "ავსტრალიის ფარიც", რომელზეც არიფი შტატები ასპარეზობდნენ, მაგრამ კავშირი 8 მილიონს მაინც დახარჯავს "განვითარებაზე" და 17 მილიონსაც მიუთვლის ზე 14-ის მონაწილე ოთხ ფრანჩაიზს (ვორათაზი ფორსი ბრამბიზი რედსი).

ზელანდია გაისად აღარ შეკრებს მკვიდრთა ნაკრებს, მაორს, 5-გუნდა წყნარი ოკეანის თასში კი მეორე ნაკრებს ჩააბამს. დუბლს აუქმებს აფრიკაც და ამდენად გაუგებარია, ვიღას მიავლენს რუმინეთში, ირბ-ის "ერთა თასზე", და მსოფლიოში უძლიერესი კივი დედაკაცებიც, "ბლექ ფერნზი" (შავი გვიმრები) ალბათ მხოლოდ ავსტრალიას ეთამაშება.

ათამდე დავიყვანოთო

კავშირის გადაწყვეტილებამ აღაშფოთა მაორულ საქმეთა მინისტრი, დოქტორი პიტა შარფლზი. მისი თქმით, რაგბის მამები ყველაფერს ითვისებენ, სანაცვლოდ კი არაფრის გაღება არ სურთ. და მართლაც, კავშირისა და 2011 წლის მსოფლიო თასის მარკეტინგი მთლიანად ჰაკასა და მაორულ ტატუს ეფუძნება!

გაფაციცდნენ სპონსორებიც. ამერიკულ "ფორდს" რომ გაუჭირდა, შეპირებული სამის ნაცვლად მხოლოდ ერთი სეზონით გააგრძელა კონტრაქტი ზე 14-ის ხუთი კივური გუნდის (კრუსეიდერზი ჰარიკენზი ბლუზი ჩიფსი ჰაილენდერზი) პატრონობაზე, "ადიდასს" კი სხვა რა გზა აქვს - ზელანდიურ რაგბთან 2019 წლის ჩათვლითაა წილნაყარი.

ინგლისში "პრემიერ რაგბი" იმაზე ფიქრობს, რომ 12-გუნდა პირველობა ათამდე დაიყვანოს. მოსხეპვის კანდიდატები არიან მაჩანჩალები, ბრისთოლი და ნიუკასლი (ჯონი ვილკინსონის კლუბი) რომლებიც ფინანსურად წამგებიანები არიან. ამქარი იმაზეც მსჯელობს, რომ პრემიერშიპი ჩაკეტოს, ანუ შემოსვლა და გავარდნა გააუქმოს, რაც თურმე ლეგიონერთა წილის შემცირებასაც გამოიწვევს.

ორი ზე-კლუბით

ჩაკეტილი ლიგა (11-კაცა) ფეხბურთშია იშვიათობა (ავსტრალია შტატები) თორემ ყველა სხვა თამაშში (ჰოკეი კალათბურთი ბეისბოლი ბურთაობა რულზი ლიგა კრიკეტი ლაკროსი) ნორმაა. რაგბში მისი მაგალითია სამხრეთული ზე 14 და ჩრდილოური "კელტური", ხოლო ინგლისი, საფრანგეთი და იტალია აქამდეც ფეხბურთის მოდელს მისდევენ.

იტალიას, თავისივე შეფასებით, ზრდა რომ შეუნელდა, კელტებთან დაძმობილება მოაფიქრდა, და რაკი ევროპული "ჰაინეკენის" არიფები, ტრევიზო, კალვიზანო და მისთანები ვერაფერს აკლებენ მანსთერს, ოსფრიზს, ლენსთერსა და კომპანიას, ამიტომ ლათინებს დაუდგენიათ, რომ შექმნან ორი ახალი, სავარაუდოდ რეგიონული ზე-კლუბი და ისინი გაიყვანონ "მაგნერზსა" და "ჰაინეკენზე".

კელტები ლათინთა შემდეგი სეზონიდანვე მიღებაზე თითქოს ყაბულს არიან. ჰოდა, თუ კრიზისის მიუხედავად, საქმეს თავი მაინც დაედგა, მაშინ ნეტარ "ექვს ერში" მივიღებთ ორივე მოდელის სამ ლიგას: კლუბურებს - ინგლისურ "გინესსა" და ფრანგულ ტოპ 14-ს, და ოთხი მოსუსტო ქვეყნის საზიარო, ფრანჩაიზულ "მაგნერზს"!

წლეულს საუკეთესო

ნოემბრის ტესტთა, "ჰაინეკენისა" და არა-ფრანგული, ზომიერი კალენდრის გამო, "გინესსა" და "მაგნერზზე" ჯერ პირველი წრეც არ დასრულებულა. "გლობალზე" პარასკევსა და შაბათს ამ ტურნირებიდან ორ-ორი ლაივია, გასულ ვიქენდზე კი ინგლისში მოეწყო წლის ნაღდად საუკეთესო მატჩი, რომელშიც ბასმა 24:20 ძლია სეილი.

პირველი სამხრეთ-დასავლეთის კლუბია, მეორე კი რაგბი-ლიგური ჩრდილოეთისა. ბასში ღერძი აფრიკულია: მიხაელ კლასენსი (9) - ბუჩ ჯეიმზი (10), სეილში კი თამაშობენ ფრანგი სებასტიან შაბალი (4), სქოთი ჯეისონ ვაითი (6), არგენტინელი ხუან-მარტინ ფერნანდეს-ჯოვე (8), უელსელი დვეინ პილი (9), ზელანდიელი ლუკ მაკალისტერი (12), სამოელი ანიტელეა ტუილანგი (13) და ინგლისელი მარკ კუეტო (15).

პირველი ლელო მაკალისტერმა გაიტანა. მერე კლასენსმა შუბლზე დააბიჯა შაბალს და ამან რომ გალახა, გაასინბინეს. კარს ისევ ბლომად აცილა ჯეიმზმა, კუეტომ კი ბოლო მეოთხედში მეორედაც რომ დაალელოვა მასპინძლები, სეილი ალალად იგებდა 20:16.

მაგრამ არა! ბუჩმა ჯარიმა დაკრა, ბოლო შეტევაში კი ალეკს ქროქითმა ახლოდან გამოზომილად გადაკიდა და ბასის ორ-მეტრა (!) ნორჩმა გარემარბმა, მეტ ბანაჰანმა ეშხიანი ლელო გაიტანა.

>>    ინგლისის "გინესის პრემიერშიპი"

(9 რაუნდი) ლონდონ აირიში 32, ბასი 30, გლოსთერი 27, ლესთერი 25 - სეილი 25, ჰარლიქვინზი (ლონ) 24, სარასენსი (ლონ) 20; ვოსფსი (ლონ) ვუსთერი 16; ნორსჰემპთონი 15, ნიუკასლი 10 - ბრისთოლი 9

>>    კელტეთის "მაგნერზის ლიგა"

(7 რაუნდი) მანსთერი (ლიმრიქი) ირლ 26; ოსფრიზი (სვონზი) უელ, გლაზგო შტლ 20; სქარლეთსი (ჰლანეჰლი) უელ 18, ლენსთერი (დუბლინი) ირლ 17; ალსთერი (ბელფასტი) ირლ, ედინბურგი შტლ 16; დრეგონზი (ნიუპორტი) უელ 15, ბლუზი (კარდიფი) უელ 11, ქონოთი (გოლვეი) ირლ 8

>>    ვიქენდი გლობალზე (საქ დროით ^ ცოცხლად)

მლ

 დრეგონზი - კარდიფი  

პარ 18.00^  23.30,  შაბ 08.00

ირბ

 ოსკარები  

შაბ 17.00    22.00

გპ

 სარასენსი - აირიში

შაბ 17.30^  კვი 12.00

გპ

 ჰარლიქვინზი - ლესთერი

შაბ 20.00^  კვი 01.30 14.00

მლ

 ალსთერი - ლენსთერი

შაბ 23.30^

მლ

 ქონოთი - მანსთერი  

კვი 23.00

<<< >>> 

Free Web Hosting