"გულივერა" თვის საუკეთესოა!

"გულივერა" თვის საუკეთესოა!

   საშობაო არდადეგები დაიწყო ფრანგულ რაგბში, რაიც უმეტეს ბორჯღალოსანთა საკლუბო ასპარეზია. ტოპ 14-ში ნოემბრის საუკეთესო მოთამაშე "მონპელიეს" მორკინალი მამუკა გორგოძე გახდა, პრო დ2-ის მაჩანჩალა "ბეზიემ" კი აიყვანა 10 ნომერი ლაშა მალაღურაძე და პირდაპირ ძირითადში დააყენა.

გალურ ელიტაში, ბრიტანულისგან განსხვავებით, შემდეგი რაუნდი 2-4 იანვარსღაა. ნოემბერში უკეთესი ფრანგები "ლე ბლეს" სამ ტესტში რომ მონაწილეობდნენ და არგენტინელი და მულღაზანზრელი ლეგიონერებიც ეროვნულ ბეგარას იხდიდნენ, ფანობას არჩევანი მანამდელზე მწირი ჰქონდა. ჰოდა, სადაც სამართალია, გაიმარჯვა "ლელოში" გაზრდილმა "გულივერამ" (196 სმ, 120 კგ) ვინც ბოლო წელში, მსოფლიო თასის აქეთ, ძაან უმატა.

"თვის საუკეთესოს" გამოვლენა ეროვნული ლიგის საითზე ხმის მიცემით ხდება. "თბილისის ფორუმის" წევრის, "აკაის" მიერ ბმულის გამოქვეყნების შემდეგ ქართველები რომ გავაქტიურდით, მამუკამ (63%) ოთხ დღეში უკან მოიტოვა ინგლისელი ენდი გუდი (ბრივი 18%) და ფრანგი რემი მარტენი (ბეიონი 18%). ერთი კია, გორგოძის პირველობა მთლად აქაურთა დამსახურებაც ვერაა, რაღაი წამხედურობის გამო, სხვებიც იმას მისცემდნენ ხმას, ვინც წილობრივად წინ იყო.

საქმე კარგად მისდით

მამუკამ არჩევა საკადრისად, ორი ლელოთი აღნიშნა "ტულონთან", ვინც "მონპელიემ" 33:8 ძლია. გორგოძის გუნდი გაისად მეტად გაძლიერდება - ლუი პიკამოლმა "ტულუზს" გადასვლაზე უარი უთხრა; "კასტრიდან" მოდის "ლე ბლეს" კაპიტანი ლიონელ ნალე და ფრანგული რაგბის სახე, წვეროსანი და თმებ-გაწეწილი სებასტიან შაბალიც ინგლისის "სეილში" ასრულებს 5-წლიან მოღვაწეობას.

ქართული რაგბის თემი მალაღურაძეზე წუხდა, თუ ბიჭი "ყოჩებში" დიდხანს დარჩა, ვეღარ გაიზრდებაო. "ბეზიემ", ვისაც საქმე გავარდნაზე აქვს, ათი დღე სინჯა ოდესაში დავაჟკაცებული ვერელი და კონტრაქტი გაუფორმა. ლაშამ პირველ ტაიმში ჯარიმა გაიტანა და 55-ე წუთზე შეცვალეს, გუნდმა კი 8:34 წააგო "ნარბონთან", სადაც მივიწყებული ბორჯღალოსანი, გიორგი კუთარაშვილი დგას პირველ ხაზში.

ჩვენს ძირითად კვაჭ-ბურჯებსაც კარგად მისდით საქმე. დავით ზირაქაშვილმა საწყისი 64 წუთი ითამაშა და მისმა "კლერმონმა" სტუმრად 20:16 ძლია "დაკსი". "კასტრმა" აქვსენტი გიორგაძე 66-ე წუთზე რომ შეცვალა, ფრე იყო, მაგრამ მერე 9:16 წააგო გასვლა "პერპინიანთან". თავიდან ამდენივე ითამაშა გოდერძი შველიძემ და მისმა "მონტობანმა" 19:12 დაამარცხა ბასკეთის "ბიარიცი", ტულონელი დავით ქუბრიაშვილი კი შესვენების წინ ჩაება ბრძოლაში.

>>>    საფრანგეთის პირველობა

ტოპ 14 (13 რაუნდი)

ტულუზი 48, სტად ფრანსეზი (პარიზი) 45, პერპინიანი 43, ბეიონი 37 - კლერმონი 35; ბრივი მონპელიე მონტობანი 32; დაკსი 26, ბიარიცი 25; ტულონი ბურგუენი 20 - კასტრი 19, მონდემარსანი 15

პრო დ2 (14 რაუნდი)

მეტრო რასინგი (პარიზი) 49, ორიაკი 42; აჟენი ალბი ლაროშელი 40 - პო 39, ლიონი 36, უაიონაზი 35, გრენობლი 34, ნარბონი 32, ოში 31, ტარბი 29, ბორდო 26, კოლომიე 21 - ბეზიე 16, ბურგანბრესი 15

<<< >>> 

Free Web Hosting