ფაფუ თბილისის შვიდკაცა!

ფაფუ თბილისის შვიდკაცა!

   ქართულმა რაგბმა ომის აქეთ მესამე კულუარული მარცხიც იგემა: კენიაში გადატანილ ჭაბუკთა "მსოფლიო ალაფასა" და შოტლანდიის დუბლის ჩამოსვლის ნაცვლად ჩვენს კატასტროფულ ბრიტანულ ვიზიტს დაემატა გაქრობა "თბილისის შვიდკაცისა", რომელიც 2003 წლიდან რეგულარულად იმართებოდა და ევროპული სერიის ეტაპი იყო.

საგაისო სერია, თავისივე ფინალის გარდა, სხვა არაფრის შესარჩევია, მაგრამ ევროპული ფირა აერ-ის გეგმით, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (სოკ) კი უნდა უჩვენოს, რომ შვიდკაცა 2016 წლის თამაშების პროგრამაში ჩართვას ალალად იმსახურებს.

ამ ქველი განზრახვის მიუხედავად, სერიას ძველებურად უგანეს ინგლისმა და შოტლანდიამ, ირლანდია და უელსი კი დასს საგაისოდ გამოაკლდნენ. ასპარეზს დაუბრუნდა ფირა აერ-ის შემქმნელი და მარჩენალი საფრანგეთი, ოფსაიდში კი რაგბულად ოთხი უმნიშვნელო ქვეყანა დარჩა და ერთი, დანიის ეტაპიც მოიკვეცა.

მუქთი ტურიზმი, ნაკლები საზრუნავი

ჩვენი, ზაზა ქასაშვილის ძალისხმევით დაწესებული შვიდკაცა გადაბარგდა ოდესაში, რაც ვერაფერი ნუგეშია იმის მიუხედავად, რომ იქ დიასპორა გვქონდა და ქართველები დღემდე თამაშობენ. მანდა და ათენში მოუწევთ ჩაუქობა ჩვენს ბიჭებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი "პაესტკა" მოემატებათ.

ამ ბოლო შენიშვნის წამკითხველს შეიძლება ეჩვენოს, რომ საკითხს მეტისმეტად მერკანტილურად ვუდგებით, მაგრამ დიდი გონი არ ჭირდება იმის მიხვედრას, რომ ჯეელებს უყვართ მუქთი ტურიზმი, კავშირის ოფისს კი 15-კაცა რაზმის სტუმრად გაგზავნით ბევრად ნაკლები საზრუნავი ადგება, ვიდრე ცხრაჯერ ამდენის მასპინძლობით.

სამაგიეროდ, რაგბს აკლდება აგიტ-იარაღი, ბოლო წლებში შეთხელებულ ლიანგს კი დაჭერობანის, განდაგან სირბილისა და ბოხოხიან ქალთა როკვის ცქერა. ზარალობენ სხვებიც: აქაური ოტელები, მძღოლები, ლუდისა და მზესუმზირის გამყიდველები და ტელე-კომენტატორები.

>>>    2009 წლის ევრო-შვიდკაცა

^ მონაწილეობს საქართველო

1   16-17/05   სოპოტი (პოლონეთი)
2   23-24/05   ათენი^ (საბერძნეთი)
3   30-31/05   სპლიტი (ხორვატია)

4  

06-07/06  

ოდესა^ (უკრაინა)

5   13-14/06   ოსტრავა (ჩეხეთი)
6   20-21/06   მოსკოვი (რუსეთი)

ფ  

11-12/07  

ჰანოვერი (გერმანია)

<<<     "თბილისის ფარის" მფლობელები

საქართველო 2003 2004 2005 (ბათუმში)
საფრანგეთი 2006 2007
უელსი   2008

<<< >>> 

Free Web Hosting