ტრადიცია ცოცხლობს

ტრადიცია ცოცხლობს

   127-ე "ვარსითი მეჩი", ანუ ინგლისის ორი გამოჩენილი უნივერსიტეტის, ოქსფორდისა და ქემბრიჯის რაგბი, მოიგო პირველმა და მეტოქეს გამარჯვებათა წყება სამზე დაუსრულა.

საუნივერსიტეტო რაგბს პროფესიულ ხანაშიც არ გასვლია ყავლი. ოქსფორდი ინგლისის ყოფილმა გურუმ, ბრაიან ეშთონმა წაავარჯიშა, ქემბრიჯი კი უელსის დაცვის გადიამ, შონ ედვარდსმა. მეტოქეებს თითო სამხრეთელი ვარსკვლავიც ჰყავდათ:

33 წლის ზელანდიელმა კვაჭმა, ანტონ ოლივერმა (59 კეპი) ტულონის მიერ შეძლეული 250 ათასი ევრო იუარა და ფრანგულ ტოპ 14-ში ომს ოქსფორდში სწავლა ამჯობინა, 29 წლის ავსტრალიელმა მეორე ხაზელმა, დენ ვიკერმანმა (54 კეპი) კი ქემბრიჯში გადაწყვიტა ფინანსთა ცოდნის გაღრმავება.

კიკერებს აქაც უსტვინეს

რკენას დასაბამი 1872 წელს, 20-კაცა, უმსაჯო რაგბის ხანაში უდევს. 1921 წლიდან თამაში ინგლისური რაგბის ტაძარში, თვიქნემში იმართება, რის გამოც ორივე სტუდენტური ქალაქი ნახევარი დღით ცარიელდება. ოქსფორდს მუქი ლურჯი, ხოლო ქემბრიჯს ცისფერ და თეთრ ზოლა კვართი აცვია.

წლევანდელ შეყრამდე ქემბრიჯს მოეგო 60, ოქსფორდს 52 და 14-ჯერაც ფრე ყოფილიყო. ხუთშაბათს გამართული 127-ე ბურთაობა აქამდელებზე ქულა-უხვი გამოვიდა. გარემარბი თიმ ქეთლინგი შეიქნა პირველი ოქსფორდელი, ვინც ბოლო 88 წელში ჰეთ-თრიკი შეასრულა და მისმა გუნდმაც პირველი ტაიმი 15 ქულით მოიგო.

ქემბრიჯმა ბოლომდე იბრძოლა და ჩამორჩენა ოთხამდე დაიყვანა, მაგრამ დასკვნით სამ წუთში ვეღარ შეიტანა გამარჯვების ლელო. სხვაფრივ, ტრადიციებიც იცვლება და რაგბის კავშირის კონსერვატორ მოხელეთა გულის გასახეთქად, პროფესორი და სტუდენტი ფანობაც "არნახულ მკრეხელობას" ჩადიოდა - მეტოქის კიკერს უსტვენდა!

>>    ოქსფორდი 33:29 ქემბრიჯი

4ლ: 11 ქეთლინგი 3, 7 კლარკი; 2გ 3ჯ: 12 გრეგორი - 4ლ: 15 რიჩარდსი, 1 ქონლონი, 9* ვილერი, 14 ველვუდი; 3გ ს: რიჩარდსი სბ რიჩარდსი

რეფ ბარნსი; თვიქნემი (45 ათასი)  Iტ 25:10

<<< >>> 

Free Web Hosting