სამხრეთი ისევ მძლავრობს

სამხრეთი ისევ მძლავრობს

   ნოემბრის ბოლოს დასრულებულ ზეპური რაგბის სეზონში სამხრეთმა ნახევარსფერომ კიდევ დაუმტკიცა ჩრდილოეთს, რომ ბევრადა სჯობს, ბობოლა "სამი ერის" მედროშემ, 2011 წლის მსოფლიო თასის მასპინძელმა ზელანდიამ კი ისე შეასრულა "ბრიტული სლემი", რომ ლელო არც გაუშვია.

<<    წლის 52-ვე ტესტი

სამხრეთის "სამი ერი" ჩრდილოეთის "ექვს ერს" წლეულს 20-ჯერ ერაგბა და პატივცემული "ბიბისის" თვლით, 19-1 აჯობა ჯამური ანგარიშით 593:251 (ლელოებით 61-21), ნოემბერის 11 შებმაში კი მხოლოდ უელსმა ძლია ავსტრალია და ისიც ზელანდიელი მოძღვრით.

ტაფიათა გარდა, კივი გურუ ჰყავთ თავად "ოლ ბლექსს", ავსტრალიას, არიფებს - კანადასა და იაპონიას, აფრიკელი - "ბოკეს" გარდა, იტალიას, შარშანდელი მსოფლიო თასის აქეთ კი, რაზმის გაახალგაზრდავების გარდა, მწურთნელიც შეიცვალა ირბ-ის 10-გუნდა ბობოლა ამქრის რვა წევრმა და მხოლოდ ზელანდიამ და შოტლანდიამ დაიტოვეს ნაკრების მანამდელი დამრიგებელი.

უვარგისი სეირი

სამხრეთი ჩრდილოეთს ჯობს იმით, რომ უკეთესი ათლეტები ჰყავს. აკი ინგლისის გურუმ, მარტინ ჯონსონმა გაჯორა შეგირდები, წრთობა მხოლოდ საკლუბო დონეზე სათამაშოდ გყოფნით, ნაკრებში კი ბოლო მეოთხედამდეღა გწვდებათ ჯანიო.

"სამმა ერმა" საკუთრივ თამაშიც ევროპელებზე უკეთ იცის. "ოლ ბლექსის" ფიჯელი ფრთის, ჯო როკოთოკოს შეფასებით, სამხრეთელებს ეხერხებათ და უყვართ ხელდახელ შეტევა, ბრიტები და ფრანგები კი ჭიდაობასა და პინგპონგზე ხარჯავენ ძალას.

ისიც სათქმელია, რომ სამხრეთში რაგბი მეტწილად დარში იმართება, ჩრდილოეთში კი სიცივეში, წვიმასა და ლაფში. ღამის რაგბი ყოვლად უვარგისი სეირი რომაა, ცხადად ჩანს საფრანგეთის მაგალითზე, მაგრამ საქმეში კომერცია ერევა და აღარაა საშველი.

სამი კოდექსი

სამხრეთი რომ უფრო შნოიანად და ინტენსიურად რაგბობს, მაგას ახალ წესებსაც უნდა უმადლოდეს. რაც ზე 14-ში თეფი (უცებ გათამაშება) შემოიღეს უმეტესი ჯარიმის ნაცვლად, სუფთა დრომ შვიდი წუთით იმატა, ამან კი მორაგბეთა კონდიციების ზრდაც მოიტანა.

წესების მხრივ წლეულს ვითარება სავალალოდ კომიკური იყო. 52 ტესტი სამი სხვადასხვა კოდექსით განისაჯა: "ექვს ერზე" და "სამხრეთში" მოქმედებდა ძველი წესები; "სამი ერზე" თეფი პლუს ირბ-ის 13 "საცდელი სიახლე", "ჩრდილოეთში" (ნოემბერი) კი მხოლოდ ნოვაციები, მაგრამ არა თეფი, რაღაი ევროპამ მასში ხიფათი დაინახა და ირბ-ს აღარ შემოაღებინა, ესაო და სამხრეთს აწყობსო.

ავტორიტეტთა ვერსიები

"ექვსი ერი" სლემით, ლაზათიანი ბურთაობით მოიგო უელსმა. ივნისში ევროპამ სამხრეთში გამოხშირული გუნდები მიავლინა. "სამ ერზე" ზელანდია თავიდან ჩამორჩა, რადგან რიჩი მაკქოუ დაშავებული ჰყავდა, მაგრამ მერე გამოასწორა მდგომარეობა და წკიპზე აჯობა ავსტრალიას, ვისაც რიჩის გამზრდელი რობი დინსი წაფავს.

ნოემბერში სრულიად რაგბეთი საუკეთესო რაზმებით შეიყარა ევროპაში. რაღაი თქმულა, "ისა ხარ, რაც რომ სულ ბოლო მატჩშიო", აქ მოგვაქვს ავტორიტეტულ საითთა მიერ შედგენილი სანოემბრო ნაკრებები. ერთში, მსოფლიოსაში, ექვსი კივის გარდა, ოთხი უელსელი, ორ-ორი აფრიკელი და სქოთი და ერთიც ოზია, მეორეში კი, სამხრეთისაში, ერთბაშად 11 ზელანდიელი მოხვდა.

>>>     სიმბოლური ნაკრებები

<<    "პლანეტის" მსოფლიო
(მიუთითებლად ზელ)

(ბეკ) 15 ლი ბერნი (უელ) 14 ჯო როკოთოკო, 13 კონრად სმითი, 12 მა ნონუ, 11 შეინ ვილიამსი (უელ); 10 მეტ გიტო (ავს) 9 მაიკ ბლერი (შტლ) /

(ფორ) 1 ტონი ვუდქოქი, 2 ჯონ სმიტი (აფრ) 3 იუენ მარი (შტლ); 4 ბაკის ბოთა (აფრ) 5 ალი ვილიამსი; 6 რაიან ჯოუნზი (უელ) 7 რიჩი მაკქოუ კაპ, 8 ენდი პაუელი (უელ);

(მრქ) 22 მალილი მულიაინა, 21 დენ კარტერი, 20 დენი ქეა (ინგ) / 16 კევენ მეალამუ, 17 ალან ჯეკობსენი (შტლ); 18 ალუნ-ვინ ჯოუნზი (უელ), 19 სერჯო პარისე (იტა)

<<    "ჰევენის" სამხრეთული

(ბეკ) 15 მალილი მულიაინა, 14 ჯეიპი პიტერსენი (აფრ) 13 სთერლინგ მორტლოქი (ავს) 12 მა ნონუ, 11 სიტივენი სივივატუ; 10 დენ კარტერი, 9 ჯიმი ქოუანი /

(ფორ) 1 ტონი ვუდქოქი, 2 კევენ მეალამუ, 3 ნემია ტიალატა; 4 ალი ვილიამსი, 5 ვიკტორ მეტფილდი (აფრ); 6 სხალკ ბერგერი (აფრ) 7 რიჩი მაკქოუ, 8 როდნი სოიალო;

(მრქ) 22 ჟან დეფილიერსი (აფრ) 21 მეტ გიტო (ავს) 20 რუან პინარი (აფრ) / 16 სთივენ მური (ავს) 17 ბისთ მთავარირა (აფრ); 18 ბრედ სორნი, 19 ჯორჯ სმითი (ავს)

<<< >>> 

Free Web Hosting