მომავლის ნაკრები

მომავლის ნაკრები

   ჩრდილოური ტესტების ჩაროზად ავსტრალიის ჯეელებმა ზემტკიცე დაცვითა და შანსების გამოყენებით ახალ "უემბლიზე" ძლიეს მსოფლიოს უპირველესი წვეული კლუბი "ბარბაროსები", რომლის 15-ეულშიც ცხრა "ბოკე" და ოთხიც "ოლ ბლექი" ბურთაობდა.

შოუ ლონდონის 1908 წლის ოლიმპიადის საუკუნოვან იუბილეს მიეძღვნა. იმ თამაშებზე რაგბის შეჯიბრში ორი გუნდი ჩაება და ერთი მატჩი გამართა. ტურნეზე მყოფმა "ვოლაბებმა" ნისლში 32:3 ძლიეს ბრიტანეთის მიერ წარდგენილი ქორნვოლის საგრაფო და იჩემპიონეს. ჰოდა, ოვალურ ბურთა თამაში პროგრამაში დაბრუნებას შვიდკაცის სახით რომ ლამობს, საიუბილეო მატჩით თავი კიდევ შეახსენა ოლიმპიზმის მახვშებს.

ახალი "უემბლის" აგება 800 მილიონი გირვანქა დაჯდა, მაგრამ ვაი, რომ ინგლისის მთავარ საფეხბურთო სტადიონს მოედანი ვერ უვარგა. ასპარეზის სიმოკლის გამო რაგბზე ლელოები 5-მეტრაღა დახაზეს, რბილი გაზონი კი მალე დაითხარა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, ოზთა წითელ ზოლში ზედიზედ ექვსჯერ რომ მოეწყო შერკინება, ჯერ ერთი მწყობრი ამოყირავდა და მეტოქეს დაენარცხა, მერე კი პირუკუ. აქ ვოლაბებს ორივე ბურჯი მძიმედ დაუშავდათ, რის გამოც მიწოლა აიკრძალა და ოზებმაც, დაუღალავი ჯორჯ სმითის სარდლობით, ომი გამარჯვებამდე მიიყვანეს.

უღიმღამო ტესტი

პროფესიონალიზმმა რაგბს ძალუმად დაატყო ხელი. შედეგის გაღმერთებამ დაცვა შეტევაზე მეტად განავითარა. თამაში დაიშტამპა, წესთა მალიმალი ცვლა კი მობურთალებს გონს ურევს და აფრთხობს. ტესტ-რაგბი მიწაზე ჭიდილის, ფეხით პინგ-პონგისა და კონტრ-შეტევის ნაზავი რომ გახდა, გურმანებს ბარბაროსთა მატჩებშიღა ეიმედებათ ძველებური, გემრიელი თამაშის ხილვა, მაგრამ შეიბნენ გუნდები უემბლიზე და უღიმღამო ტესტი გამოუვიდათ.

ავსტრალიას რომ აკლდნენ დალეწილი ყოჩები - სთერლინგ მორტლოქი, მეტ გიტო და ნეითან შარფი, მომავლის ნაკრები გაუყვანა ვარსკვლავებს, რომელთაც ერთად სულ ორჯერ ევარჯიშათ და ამიტომ შეხმატკბილება აკლდათ. ბოკეს კვაჭი ჯონ სმიტი დერეფანში ოვალს აცილებდა თვისტომ მხტომელებს, სახელიანი ბეკები ხშირად ვერ უგებდნენ ერთმანეთს, 10 ნომერი ფრანსი სტეინი კი ბურთს ვერ ელეოდა, გეზს უსწოროდ ირჩევდა და არეკნებზეც შეიშალა.

ადათის დარღვევით

ვოლაბთა ფორვარდებს კაპიტანი სმითი შეფობდა, ბეკებს კი ადამ ეშლი-კუპერი. უელსთან წაგებული ტესტი არცერთს რომ არ დაუწყია, სასწაული ბრძოლის ჟინი გამოიჩინეს. ავსტრალია შუა პირველ ტაიმში 13 ქულით დაწინაურდა: სმითის გახერხებული თერნოვერიდან რაინ კროსი გაიჭრა და ლოტე ტუნქირს ფეხით ლელოში შეუგორა, ჯერაც ოდენ 18 წლის ჯეიმზ ოკონორმა კი სამი დარტყმით სამი გოლი გაიტანა.

რაგბი რომ ნაღდი იყო და არა სალაღობო, მაგას 32-ე წუთზე ამტყდარი და სარეკლამო ფარებზე გაგრძელებული ჩხუბი მოწმობს. ბარბაროსებმა როცა იგრძნეს, რომ ოზთა დაცვას ვერაფერს უხერხებდნენ, ძველი ადათის დარღვევით, ჯარიმების კარში დარტყმა იკადრეს და ჩამორჩენა შვიდამდე შეამცირეს, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ვოლაბთა ლელოს მიაწყდნენ.

პრინცესა ანამ

ტელი-რეფმა ბარბაროსებს ორჯერ ვერ დაუმტკიცა ლელო: კივ რიჩი მაკქოუსა და ოზ ლეგიონერ როდნი ბლეიქს დაცვამ არ დაანება ბურთის დამიწება. მერე საყრდენი რომ უეცრად გამოეცალათ, შერკინების ჩაქცევისას გაუწყდა აქილევსი მეტ დანინგს, ხოლო მკერდის კუნთი - სეკორე კეპუს. იქვე ეშლი-კუპერმა პასი ჩაუჭრა სტეინს, მაგრამ ლელოში გადაგორებულს ფური დიუპრე ჩაუწვა, მიწოლის აკრძალვის შემდეგ კი ბარბაროსებმა შერკინებაში მარდი მარქაფა დაიმატეს.

ბრძოლაში ჩაება ავსტრალიელი ლეგენდა ჯორჯ გრეგანი და დავარდნილ ბურთს ფეხი რომ მიკრა, ნორჩმა ოკონორმა უსწოროდ მოიგერია. უმალ ჟაკ დეფილიერსმა გარეთ მიაწოდა შეინ ვილიამსს, ამან კი შიგნით ჯერი კოლინზს, მაგრამ სტეინმა გარდასახვა ააცილა. მანვე 73-ე წუთზე 35 მეტრიდან დაახაია ჯარიმა და იქვე მესამედაც ამაოდ სცადა არეკნი, ბოლოს კი თერნოვერზე დრუ მიჩელმა გაქუსლა, მეურვე მიიზიდა და ბურთი ლოქი თერნერს გაატანა.

ჰოდა, "ქორნვოლის თასი" და მედლები ვოლაბებს გადასცა პრინცესა ანამ, ცნობილმა ცხენოსანმა და თავადაც ოლიმპიელმა.

>>>     ბარბაროსები 11:18 ავსტრალია

ბარ: მონთგომერი (შ.ვილიამსი 41) როკოთოკო რ.გიარი (ო.სმითი 51) დეფილიერსი ჰაბანა <10-9> ფ.სტეინი დიუპრე (გრეგანი 60) / პუჩარელო (ბლეიქი 33, რიგანი 60) ჯ.სმიტი კაპ ჯონსტონი (კოსტერი 51); ბოთა მულერი (ჯექი 51); კოლინზი მაკქოუ ბერგერი - ლ: კოლინზი; 2ჯ: მონთგომერი

ავს: ოკონორი (მიჩელი 65) ტუნქირი კროსი (თერნერი 58) ეშლი-კუპერი იოანი <10-9> ქ.კუპერი შიანი (ბერჯესი 51) / კეპუ (ფრაიერი 47) პოლოტა-ნაუ დანინგი (ელიგზანდერი 47); ჩიზომი (ქიმლინი 79) მაკმენიმანი; მამი ჯ.სმითი კაპ, ბრაუნი (ფოქოქი 47) - 2ლ: ტუნქირი თერნერი; გ 2ჯ: ოკონორი

რეფ ვაითი (ინგ) ლონდონი, უემბლი (43 600)

0:7(13) 0:10(20) 0:13(23) 3:13(35) 6:13(39) / 11:13(62) 11:18(78) ბოლო (80+2)

ბოჭვა: 27-55(28) 56-102(53) 94-136(77) 104-146(ბოლო)
ჩანაწერი გლობალზე:
პარ 10.00 20.30

<<< >>> 

Free Web Hosting