საიდან სადაო

საიდან სადაო

      აპრილში დაწყებული აზიური რაგბის სეზონი ნოემბერში უგვანოდ დასრულდა: ბუმბერაზი ჩინეთი ისე გამოეთიშა 2011 წლის მსოფლიო თასს, რომ ერთი შესარჩევიც არ გაუმართავს. სამაგიეროდ, საგაისო შეჯიბრებათა სტრუქტურა რომ დაისახა, ახალ, მესამე ჯგუფში მოხვდა ჩვენი ახლობელი ირანი, ვისაც პრომოციულ ხატად იტალიელ ფაშისტთა მიერ 1930-იან წლებში შექმნილი პლაკატი აურჩევია.

სულ რაღაც ოცი წლის წინ აზიის რაგბის კავშირს (არფუ) რვა წევრი ჰყავდა და წელიწად გამოშვებით მართავდა პირველობას, რომლის ფინალშიც კორეა უკვე უგებდა იაპონიას. მას აქეთ "ალუბლებმა" შორს მოიტოვეს მდევრები, თამაშის მიმდევრები კი სხვა ქვეყნებშიც შეკავშირდნენ. ჰოდა, რაგბის სპონსორობით ცნობილმა, "ეიჩ ეს ბი სი" ბანკმა არფუ-ს წლეულს პირველად რომ გაამართვინა "აზიის ხუთი ერი", ოთხ დონეზე 25 გუნდი მოგროვდა.

ინდოეთის ორი ტრადიციული კლუბის, კალკუტისა და ბომბეის მიერ ნაძღვნევი ხალასი ვერცხლის, 8 კილოიანი, ჩრდილოური ურჩხულითა და სამხრეთული ვეფხვით შემკული თასი იოლად (ჯამში 310:58) მოიგო იაპონიამ, ელიტიდან კი გავარდა არაბეთი, ვინც ყაზახეთმა ბოლო მატჩში 56:27 გააბურთავა. ყაზახი 15 ნომერი, ციმბირში მორაგბე მაკსიმ ლიფონტოვი გახდა ტურნირის საუკეთესო მექულეც, მაგრამ ოქროს ურდოს ნაგრამმა ჩემპიონთან შინ მაინც ბლომად, 6:82 წააგო.

მეზობლებს დაერივნენ

ელიტის კვალად ტურნირები ქვედა დონეებზეც გაიმართა. მსოფლიო თასისთვის შერჩევის პროგრამით, თაილანდმა ივნისში შინ გაასაღა ინდოეთი, მალაიზია და პირველ ჯგუფში აღზევდა. მერე ფილიპინების "ვულკანმა" იმარჯვა გუამზე, ვინც თუმც ირბ-ის სრულუფლებიანი წევრია, შეჯიბრის სტრუქტურის გადამკიდე შერჩევის პროცესის მიღმა დარჩა, ინდონეზიამ კი ივლისში შინ აჯობა ლაოსსა და კამბოჯას.

ოქტომბერში ბიშქექში შეიყარა სრულიად სათემურლენგო - უზბეკეთი, ყირგიზეთი, ირანი. პირველი საბჭოური რეგბის მარაქაში 1970 წელს გაერია და რუსის ჯარის მეშვეობით კავშირის დაშლის წინ უმაღლეს ლიგაშიც შემოვიდა, მეორემ კი პერესტროიკის ხანაში თასის ტურს ისე უმასპინძლა, რომ ოვალურ ბურთს ნაზიარებიც არ იყო.

ახლა ორივეგან ფიზკულტურის ინსტიტუტი და პოლიცია ეტანება რაგბს, ისლამისტურ ირანში კი კავშირი ალირეზა ფაზლოლამ 2002 წელსღა დააფუძნა. ნაკრებიც დაერია მეზობლებს და რეგიონში უძლეველია, საითის ყდაზე კი სპარსებს ბრმად გადაუღიათ მუსოლინის დროინდელი გრაფიკოსის, მანჩოლის ცნობილი ნახატი, რომელიც ფაშისტებისგან კატალონიელმა რესპუბლიკელებმაც კი მიითვისეს.

კომენტატორის გარღვევა

ირანი რაგბობის სტილით ჩვენ გვგავს - მეტოქეს შერკინებით ერევა, ხოლო ბეკები ვერ უვარგა. ტურნირის სტარტზე სპარსებმა არეკნი (!) დაკრეს და ყირგიზებთან პირველი ტაიმი წააგეს, მაგრამ მეორეში 8 ნომერმა, აჰმად ეთეჰათფურმა ჰეთ-თრიკი გაასრულა. უზბეკმა ფორვარდებმა ფავორიტს ხუთი შერკინებაც აართვეს, მაგრამ ვეება მორთეზა რასოლი ვერ გააჩერეს. ჰოდა, გაისად მესამე ჯგუფში ირანი ირაგბებს.

ამასობაში ირბ-ის განვითარების სამსახურის მიერ მიზანში ამოღებულ ჩინეთს შეემთხვა ფათერაკი - არ ჩაბრძანდა ტაივანზე, რის გამოც მეორე დონეზე გაირიცხა და მსოფლიო თასს გამოაკლდა. ჰონკონგში დაბუდებულმა არფუ-მ ინციდენტს წაუყრუა; ტაივანმა თავი იმართლა, კომუნისტ მეზობელს ვიზები დროულად მივეციო, და ჩინური რაგბის მოხელე ჭანკიც დუმს იმაზე, რომ უფროსობა ჯარისკაცებს სარაგბოდ არც გაუშვებდა მეამბოხე, ჩანკაიშურ კუნძულზე.

ჩინეთის გამოკლების გამო ტურნირის ფორმულა შეიცვალა. ტაივანმა პირველობის შანსი ხელიდან გაუშვა. სტარტზე სინგაპური სულ ბოლომდე ათით აგებდა შრი ლანკასთან, აზიის "იესპიენ"-ის კომენტატორმა, 8 ნომერმა ბენ ვილერმა ძალუმი გარღვევა რომ მოაწყო. სინგაპური ფრეს გამორჩა, ორი დღის შემდეგ კი ერთი, კინკილა ქულით მოუგო მასპინძელს და აღზევდა "ხუთ ერზე", სადაც, რესურსის სიმწირის გამო, არაფერი ესაქმება.

>>>    აზიის ხუთი ერი   
26/04-24/05 მიმოსვლით
                  
<<   ვრცლად

იაპონია   4-0
კორეა   3-1
ჰონკონგი   2-2
ყაზახეთი   1-3
არაბეთი   0-4

>>>    პირველი ჯგუფი
11-15/11 ტაინანი (ტაივანი)

სინგაპური 20:20 შრილანკა
ტაივანი 22:23 სინგაპური
ტაივანი 35:23 შრილანკა

ჩინეთი ტაივანზე არ ჩავიდა

>>>    მეორე ჯგუფი
11-14/06 ბანგკოკი (თაილანდი)

ნახევარფინალი
მალაიზია 30:5 პაკისტანი
თაილანდი 30:22 ინდოეთი

ფინალი
თაილანდი 30:7 მალაიზია
ინდოეთი 92:0 პაკისტანი

>>>    I რეგიონი
28/06-5/07 გუამი

გუამი 74:0 ბრუნაი
ფილიპინები 101:0 ბრუნაი
გუამი 8:20 ფილიპინები

>>>    II რეგიონი
12-19/07 ჯაკარტა (ინდონეზია)

ლაოსი 33:0 კამბოჯა
ინდონეზია 23:11 ლაოსი
ინდონეზია 55:3 კამბოჯა

>>>    III რეგიონი
5-11/10 ბიშქექი (ყირგიზეთი)

ყირგიზეთი 16:30 ირანი
უზბეკეთი 6:8 ირანი
ყირგიზეთი 15:15 უზბეკეთი

>>>    IV რეგიონი

ყატარი მონღოლეთი მაკაუ
ყატარში შეკრებას თავი ვერ დაედგა

>>>    გაისად
# 1/12 ირბ რეიტინგი

ხუთი ერი: იაპონია#16 კორეა#22 ჰონკონგი#30 ყაზახეთი#34 სინგაპური#48

პირველი (მსოფლიო) არაბეთი#49 ტაივანი#50 შრილანკა#51 თაილანდი#61

მეორე: ჩინეთი#44 მალაიზია#78 ინდოეთი#80 პაკისტანი

მესამე (ახალი) ფილიპინები ინდონეზია ირანი გუამი#82

რეგიონები (ვარაუდი)
ლაოსი კამბოჯა ბრუნაი
უზბეკეთი ყირგიზეთი მონღოლეთი
ყატარი იორდანია მაკაუ

<<< >>> 

Free Web Hosting