ოლიმპიადის საიუბილეოდ

ოლიმპიადის საიუბილეოდ

   ჩრდილოური ტესტების პროგრამა ტრადიციულად ჩაროზით სრულდება: ლონდონის სამიდან პირველი ოლიმპიადის 100 წლისთავის აღსანიშნად, მსოფლიოს უპირველესი წვეული კლუბი "ბარბაროსები", ჩვენებურად ოთხშაბათ ღამით, ახალ "უემბლიზე" ებურთავება ავსტრალიის "ვოლაბებს", ვისი წინამორბედიც საუკუნის წინ ჩემპიონი გახდა.

ლონდონი 2012 წელს მესამედ მასპინძლობს თამაშებს, 1948 წლამდე კი 1908 წელსაც გაუმართავს ოლიმპიადა. მის პროგრამაში ჩვეულებრივი (არა შვიდკაცა!) რაგბიც იყო, ოღონდაც შეჯიბრში ორად ორი გუნდი მონაწილეობდა და ამის გამო ერთი, კინკილა თამაში გაიმართა.

იმხანად ავსტრალია, ზელანდიისა (1905) და აფრიკის (1906) კვალად, პირველ ტურნეს მართავდა მეტროპოლიაში. ოზებმა 31-მატჩა ლაშქრობა 25-5"1 ბალანსით დაასრულეს, შინ დაბრუნებულებმა კი ბრიტანეთიდან წაყოლილი ახალი ხილისკენ, ნახევრად პროფესიული 13-კაცა რაგბისკენ იბრუნეს პირი.

აუზში ვარდებოდა

რაღაი გუნდი ისედაც შეჯიბრების ადგილას იყო, ავსტრალაზიის (ავსტრალიისა და ზელანდიის სპორტული ალიანსი) ღირსების დაცვა დაეკისრა, ინგლისმა კი გამოიყვანა ქორნვოლი, ვისაც წინა წელს საგრაფოთა პირველობა მოეგო და 15-ეულში ეყენა ხუთი კაცი, ვინც დღესდღეობით კეპოსანი "ვარდების" სამარადჟამო სიაში წერია.

თამაში 26 ოქტომბერს, ხშირ ნისლში მოეწყო "ვაით სითის" ვეება, მაგრამ თითქმის უკაცრიელ სტადიონზე. ეს ნაგებობა ოლიმპიადის მთავარი ასპარეზი რომ იყო, ამიტომ მოედანს ცალ მხარეს საცურაო აუზი მიუყვებოდა. იმხანად ბურთს ახლანდელზე ბევრად უფრო ხშირად რომ არტყამდნენ აუტში, ტყავის გაბეყილი ოვალი მალიმალ ვარდებოდა წყალში.

ავსტრალიამ სველ ბურთს ინგლისზე უკეთ აუღო ალღო, მეტოქე ექვსჯერ დაალელოვა (ლელო მაშინ სამ ქულად ფასობდა) და 32:3 მოიგო. თუ რა ბედი ეწია ოზთა ეულ ოქროს მედალს, მაგაზე ინტერნეთ-წყაროები დუმან, ქორნუოლს კი წილი უყრია და მოგებულს თავის კლუბში დაუვანებია წილხვედრი ვერცხლი.

არავის აწვიმს

"უემბლი" (ყოფილი "იმპერიის სტადიონი") ინგლისური ფეხბურთის მთავარი ასპარეზია. ძველი სტადიონი, რომელზეც 1929 წლიდან რეგულარულად იმართებოდა 13-კაცა რაგბის თასის ფინალი, 2003 წელს დაანგრიეს. აღმშენებლობა ოთხი წელი გაგრძელდა და 800 მილიონი გირვანქა დაჯდა, რის გამოც ახალი "უემბლი" მსოფლიოს ყველა დროის უძვირესი სპორტული ნაგებობაა.

ფეხბურთისა და ორივე-ნაირი რაგბის გამართვისას "უემბლის" სამ-სართულიანი ტრიბუნები 90 ათას მოსეირეს იტევენ და სახურავის ქონის გამო, ავდარში არავის აწვიმს. სტადიონზე სარეკორდოდ ბევრი, 2 618 ტუალეტია, მოედნის სიგრძე კი მხოლოდ 105 მეტრი რომაა, ლელოები მოკლე გამოდის.

ჩრდილოური სიბრძნე

"ბარბაროსები" 1890 წლის 9 აპრილს, ბრედფორდში, "ლეხტერის" რესტორანში დააარსა ვილიამ კარპმილმა, რათა სეზონი მარტის მერეც გაეგრძელებინა და შოუები ემართა, დევიზად კი კლუბმა დაიდგინა ნაეპისკოპოსარი ქერის ჩრდილოური, მუშური სიბრძნე, რაგბი რაგინდარა წარმომავლობის ვაჟკაცთა სპორტია, მაგრამ ვიგინდარას მასში არაფერი ესაქმება, გინდაც მთლად თავადიშვილი იყოსო.

სამხრეთელი სტუმრის ბოლო, გასაცილებელი მატჩის გამართვა წესად დადგინდა 1948 წელს, რაღაი ავსტრალია ქესატად იყო და შინ გასამგზავრებლად ვალის აღება მოუწევდა.

ტრადიციას წყალი შეუდგა პროფესიულ ხანაში, რადგან კლუბები ვარსკვლავთა ზედმეტად გათარხნებას უარობენ, "ბარბაროსებმა" კი ყველაზე ცნობილი გამარჯვება, 23:11 "ოლ ბლექსთან" მოიპოვეს კარდიფში, 1973 წლის 27 იანვარს.

ერთად წაღლეტენ

"ბარბაროსებმა" ამჯერად შვიდი ქვეყნის მობურთალები შეკრიბეს. 15-ეულში ცხრა ბოკეა და მწურთნელიც მსოფლიო თასის მომგები ჯეიქ ვაითია. იაპებს მხარს აუბამს ოთხი კივი.

აქამდე მოშუღარი მღლეტელები, რიჩი მაკქოუ და სხალკ ბერგერი ბურთს ერთად შეეცილებიან "ვოლაბთა" კაპიტან ჯორჯ სმითს, 2008 წლის მსოფლიო საუკეთესო მორაგბე, უელსელი შეინ ვილიამსი და იაპონიაში მოღვაწე ოზი ლეგენდა, ჯორჯ გრეგანი კი მარქაფაში სხედან.

უძვირესი ბილეთი 60 გირვანქა ღირს, ხოლო უიაფესი 30. ავსტრალიას რომ მოუმრავლდა დალეწილები - სთერლინგ მორტლოქი (ტვინის შერყევა) მეტ გიტო (კოჭი, მხარი) და ნეითან შარფი (მოტეხილი ცერი), იმათ ასაქმებს, ვინც ტურნეზე ნაკლებად დატვირთა, მაგრამ მაინც ბარბაროსულად აპირებს ბურთაობას.

>>>    ბარბაროსები - ავსტრალია

<<    ბარბაროსები
(სადაურობის მიუთითებლად: აფრ)

(ბეკ) 15 პერსი მონთგომერი, 14 ჯო როკოთოკო (ზელ) 13 რიკო გიარი (ზელ) 12 ჟან დეფილიერსი, 11 ბრაიან ჰაბანა; 10 ფრანსი სტეინი, 9 ფური დიუპრე /

(ფორ) 1 ფედერიკო პუჩარელო (იტა) 2 ჯონ სმიტი კაპ, 3 სენსას ჯონსტონი (სამ); 4 ბაკის ბოთა, 5 იოჰან მულერი; 6 სხალკ ბერგერი, 7 რიჩი მაკქოუ (ზელ) 8 ჯერი კოლინზი (ზელ)

(მრქ) 22 შეინ ვილიამსი (უელ) 21 ოლი სმითი (ინგ) 20 ჯორჯ გრეგანი (ავს) / 16 მარკ რიგანი (ინგ) 17 როდნი ბლეიქი (ავს); 18 კრის ჯექი (ზელ) 19 ნიკ კოსტერი (აფრ^უკეპო)

(მწ) ჯეიქ ვაითი, ედი ჯოუნზი (ავს)

<<    ვოლაბები

(ბეკ) 15 ჯეიმზ ოკონორი, 14 ლოტე ტუნქირი, 13 რაიან კროსი, 12 ადამ ეშლი-კუპერი, 11 დიგბი იოანი; 10 ქეიდ კუპერი, 9 ბრეთ შიანი /

(ფორ) 1 სეკორე კეპუ, 2 ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3 მეტ დანინგი; 4 მარკ ჩიზომი, 5 ჰიუ მაკმენიმანი; 6 დინ მამი, 7 ჯორჯ სმითი კაპ, 8 რიჩარდ ბრაუნი

(მრქ) 22 დრუ მიჩელი, 21 ლოქი თერნერი, 20 ლუკ ბერჯესი / 16 ადამ ფრაიერი, 17 ბენ ელიგზანდერი; 18 პიტერ ქიმლინი, 19 დევიდ ფოქოქი

(მწვ) რობი დინსი, ჯიმ ვილიამსი, მაიკლ ფოლი

<<    რეფ კრის ვაითი; კიდ: ბარნსი თერჰიგი; ვიდ ვორენი (ინგ)

ოთხ 3/12 ლონდონი, უემბლი 23.45 საქ გლობალზე ცოცხლად

ჩანაწერი: ხუთ 03.00 05.30 08.00 14.00 21.30, პარ 05.00 10.00 20.30

>>>    სამხრეთში გაცილება

ბარბაროსები - ავსტრალია 9:6(1948) 11:6(1958) 11:17(1967) 19:7(1976) 30:37(1984) 22:40(1988) 20:30(1992) 12:39(1996) 35:49(2001) ^ სულ 9: 3-6

ბარბაროსები - აფრიკა 3:17(1952) 6:0(19661) 12:21(1970) 23:15(1994) 31:41(2000) 22:5(2007) ^ სულ 6: 3-3

ბარბაროსები - ზელანდია 5:19(1954) 3:36(1964) 6:11(1969) 23:11(1973) 13:13(1974) 16:18(1978) 10:21(1989) 12:25(1993) 19:47(2004) ! სულ 9: 1-7*1

სულ 24: 7-16*1

<<< >>> 

Free Web Hosting