კავკასიურად მოიშვიდკაცეს

კავკასიურად მოიშვიდკაცეს

   დაგეგმილზე ბევრად უკეთ დასრულდა "ქართული შვიდკაცის" გერმანული ლაშქრობა: სახელდახელოდ შეკრებილმა გუნდმა საგაისო მსოფლიო თასის საგზური შაბათსვე დაიბევა, კვირას კი მესამე ადგილი დაიკავა და ცოტა დააკლდა, ფინალშიც იჩაუქებდა.

ჰანოვერში, ევრო-ფინალზე წასაყვანი გუნდი შვიდკაცის შეფებმა, კახა ალანიამ და გიორგი ასათიანმა მიზეზთა გამო ივლისის დამდეგსღა ჩამოქნეს და ვერც მთლად ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარეს თავი, რადგან სამი, სიქა-გაწყვეტილი "ფრანგისგან" ასპარეზობაზე შინაურული უარი მიიღეს.

გუნდს დრო შესათამაშებლად ცოტა ჰქონდა, მაგრამ იმდენად გამორჩეულია ქართული სარაგბო ნიჭი და ბორჯღალით დამშვენებულ კვართსაც იმოტოლა ჯადო სდევს თან, რომ ბიჭებმა კავკასიური ჟინით პულში ზედიზედ გაასაღეს ოთხი ერთა-თასელი მეტოქე, პლეი-ოფში კი, რუმინელი რეფისგან მშრალზე მოტოვებულებმა, ირლანდია დაანგრიეს.

მსოფლიო თასი გაისად, მარტში, ჩვენსავე სასაათო სარტყელში მდებარე დუბაიშია. ტურნირის წინა ვიქენდზე საქართველო "ერთა თასზე" ესპანეთში რაგბობს, მომდევნოზე რუმინეთს იღებს, შემდეგ კი რუსეთში შეუსვენებლად გადის. აქედან გამომდინარე, თიმ ლეინის შეგირდებიდან საშვიდკაცოდ რომ არავის ეცლება, კონტინგენტის ორად გამიჯვნა დროულად უნდა მოხდეს.

ერთურთს მუსრი გაავლეს

შეჯიბრის წინა ინტერვიუებში ჩვენები შეხმატკბილებულად გაიძახოდნენ, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ სტარტზე რუსეთთან რას ვიზამთო. და მართლაც, შვიდკაცისთვის ცოტა უჩვეულო, პინგ-პონგური თამაში კურიოზულადვე, 0:0 სრულდებოდა, ბოლო წუთზე რომ გაილაღა მეკო კვირიკაშვილმა და ისეთი ინერციაც აკრიფა, რომ ტურნირი ხუთი ლელოთი დაასრულა.

წარმატებამ ქართველებს ფრთები შეასხა და ბიჭებმაც გერმანული სიზუსტით, ტოლი შუალედებით დაგეგმილი დღე რიხინ-რიხინით გალიეს, ჩვენზე წინ განთესილმა კონკურენტებმა კი ერთურთს მუსრი გაავლეს და შემოგვეფანტნენ: რუსეთმა და რუმინეთმა ფრე გააგორეს; გერმანია ესპანეთს 17:0 უგებდა, მაგრამ წააგო; მერე მასპინძლებმა რუმინეთი ბოლო შეტევით დაალელოვეს, ფავორიტმა პორტუგალიამ კი რუსეთს გამოუყვანა წირვა.

შაბათს რომ დაღამდა და კვირა დილას ბოლო პულური რაუნდი დარჩა გასამართი, თასის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილი იყო: პორტუგალიას, უელსსა და საქართველოს ოთხ-ოთხი მოგება ეწერათ აქტივში, ირლანდიას კი თუმც უელსთან წაეგო, ორივე მდევარი (იტალია უკრაინა) უკვე ეძლია და ქულათა ტოლობისას მათ მაინც გაუსწრებდა.

კლოდი გერმანიამ გააბითურა

რაც მთავარია, დუბაიში ჰანოვერიდან ხუთი გუნდი რომ უნდა გასულიყო, თასზე მოხვედრილებს საგზური უკვე ჯიბეში ედოთ და კვირას ევროპის პირველობისთვისღა უნდა ებრძოლათ, ხავსის, ანუ სინის ჩაჭიდების შანსი კი ჩვენს ჩამორჩენილ პულელთაგან ოთხივეს რჩებოდა. ჰოდა, რომ განახლდა შეჯიბრი, ესპანეთმა დაიფრინა რუმინეთი, კლოდ სორელის მიერ გაწურთნილ რუსეთს კი გვარიანი ფორა (21:5) გაუბათილა გერმანიამ და ფიალაზე გაამწესა.

კვირას ბოლო პულური, არაფრის-მომცემი თამაში პორტუგალიასთან წავაგეთ, თასის ნახევარფინალში კი თავიდან 0:12 ჩამოვრჩით უელსს. მეორე ტაიმში კელტებს ვეძალებოდით, მაგრამ იმათ აქეთ დაგვიდეს მესამე ლელო. ჩვენებმა ბოლოსკენ ერთ ლელომდე (5 ქულა) შეამცირეს ჩამორჩენა, მაგრამ უფალი ბარგაუნაში გაგვიწყრა და ცენტრიდან აღარ გაგვაახლებინა თამაში.

ტურნირის საითის მტკიცებით, დრო კიდევ რჩებოდა, მაგრამ ორგანიზატორებს ეტყობა იმის დაშვებაც არ უნდოდათ, რომ დაგეგმილი ფინალი სათუო გახდომოდათ. ქართველებმა უელსის ჯავრი ირლანდიაზე იყარეს მესამე ადგილის მატჩში - მეტოქე ოთხჯერ ხომ დაალელოვეს და მუშტი-კრივისთვის ორმა ჩვენებურმაც მოიხილა სინბინი.

მეკო, შვიდკაცის ლიდერი

ნახევარფინალი იმდენად ხისტი გამოვიდა, რომ ჩვენა და უელსს ოთხ-თოხი კაცი დაგვემტვრა. მანამდე, პირველ წყვილში, ორი ლელოთი დაწინაურებულ პორტუგალიას ბოლოს ორითვე უპასუხა ირლანდიამ, მაგრამ მეორე გარდასახვა გააფუჭა. ფინალში პორტუგალიამ მესამე ლელო კაცნაკლულმა მიითვალა და 26:0 დაწინაურდა, მერე კი მოეშვა და უელსმა ნულზე აღარ წააგო, ხოლო სხვაფრივ "ერთა თასმა" ორმაგი მარცხი აგემა წმიდათაწმიდა "ექვსი ერის" დედაბოძ კელტებს.

გერმანიამ ბოლო საგზური მაინც ვერ აიღო - სინის ნახევარფინალი წააგო მეტოქის შეცდომის მომლოდინე იტალიასთან. ფინალის პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთი აძურს 17:0 უგებდა, მაგრამ მერე ამან ოთხჯერ დაალელოვა. შარშანდელ ჩემპიონ რუსეთს ფიალაღა ერგო, პორტუგალიას კი მეშვიდე გათამაშებაში მეექვსედაც (!) ვერ გამოუჩნდა ბადალი.

ტურნირის მოსახელე სპონსორ "პეჟოს" ფინალის გამართვა გაისადაც ჰანოვერში სურს. დახურვაზე, ადგილობრივი დროით ხუთზე, მოეწყო "ყვავილების ზეიმი". ჩვენს ბიჭებს ბარემ 40 გერმანიაში დასახლებული თანამემამულე ქომაგობდა. მეკო მექულეებში მეორე ადგილზე გავიდა; მანვე მელელოვეებშიც მეორე პოზიცია გაიყო და ალბათ დუბაიშიც "ქართული შვიდკაცის" ლიდერი იქნება.

შვიდკაცის ევრო-სერიის ფინალი

შაბ-კვი 12-13/07 2008 ავდ არენა, ჰანოვერი (გერმანია)

>>>     "ა" პული

(შაბ) საქართველო - რუსეთი 5:0, ესპანეთი - გერმანია 26:22, პორტუგალია - რუმინეთი 38:0

საქართველო - გერმანია 26:0, რუსეთი - რუმინეთი 19:19, პორტუგალია - ესპანეთი 28:5

საქართველო - რუმინეთი 12:0, პორტუგალია - გერმანია 14:12, რუსეთი - ესპანეთი 29:7

გერმანია - რუმინეთი 17:12, საქართველო - ესპანეთი 28:5, პორტუგალია - რუსეთი 45:5

(კვი) ესპანეთი - რუმინეთი 14:0, გერმანია - რუსეთი 24:21, საქართველო - პორტუგალია 10:26

კიბე (განთესვა# მ-წ"ფ) 1#პორტუგალია 5-0, 12#საქართველო 4-1 / 4#ესპანეთი 2-3, 8#გერმანია 2-3 / 5#რუსეთი 1-3"1, 9#რუმინეთი 0-4"1

>>>     "ბ" პული

(შაბ) იტალია - ბელგია 17:10, ირლანდია - უკრაინა 26:7, უელსი - პოლონეთი 38:7

უკრაინა - ბელგია 22:12, იტალია - პოლონეთი 40:0, უელსი - ირლანდია 26:14

პოლონეთი - ბელგია 21:19, უელსი - უკრაინა 21:17, ირჃანდია - იტალია 17:12

უკრაინა - პოლონეთი 21:14, ირლანდია - ბელგია 31:0, უელსი - იტალია 33:12

(კვი) ირლანდია - პოლონეთი 17:7, იტალია - უკრაინა 31:15, უელსი - ბელგია 33:12

კიბე: 2#უელსი 5-0, 3#ირლანდია 4-1 / 6#იტალია 3-2, 7#უკრაინა 2-3 / 10#პოლონეთი 1-4, 11#ბელგია 0-5

>>>     ნახევარფინალი

(ფიალა) რუსეთი - ბელგია 27:0, რუმინეთი - პოლონეთი 21:7

(სინი) ესპანეთი - უკრაინა 22:10, იტალია - გერმანია 21:19

(თასი) პორტუგალია - ირლანდია 14:12, საქართველო - უელსი 14:19

>>>     ფინალი

11/12 პოლონეთი - ბელგია 26:0, 9/10 (ფიალა) რუსეთი - რუმინეთი 29:12

7/8 გერმანია - უკრაინა 35:14, 5/6 (სინი) იტალია - ესპანეთი 24:17

3/4 საქართველო - ირლანდია 26:7, 1/2 (თასი) პორტუგალია - უელსი 26:12

>>>     ლელო

7 ოლეღ კვასნიცია (უკრ); 6 პედრუ ლეალი (პორ) მერაბ კვირიკაშვილი (საქ) ხუან კანო (ესპ)

>>>     ქულა

74 ლეალი, 52 კვირიკაშვილი, 45 მარტინ რობერთსი (უელ), 38 იენ ქითლი (ირლ), 36 მუსტაფა გიუნგორი (გერ)

>>>     საქართველო

#  

მოთამაშ

ლელო (ოქმებიდან)

1 სიმონ მაისურაძე 2*ესპ 2*ირლ
2 გიორგი ჩხაიძე 1*გერ 1*ესპ
3 შალვა სუთიაშვილი 1*უელ
4 ბიძინა სამხარაძე 1*გერ
5 მერაბ კვირიკაშვილი 1*რუს 1*გერ 2*რუმ 1*პორ
6 სანდრო თოდუა 1*გერ 1*ესპ
7 გიორგი შკინინი [კაპ] =
8 ჯაბა ბრეგვაძე 1*ირლ
9 ირაკლი გეგენავა 1*ირლ
10 ლაშა ხმალაძე 1*უელ
11 სანდრო ნიჟარაძე 1*პორ
12 ბექა წიკლაური =

უფროსობა

გია ნიჟარაძე   კავშირის პრეზიდენტი
კახა ალანია   მწურთნელი
გიორგი ასათიანი   მენეჯერი
ბესო აბრამიშვილი   ფიზიო

>>>    ჩვენი ბალანსი

ესპანეთი 9-2, უკრაინა 8-3, რუსეთი 7-5, პოლონეთი 6-0, რუმინეთი 5-2, გერმანია 4-0, იტალია 4-2*1, პორტუგალია 4-10, ირლანდია 3-1, უელსი 1-4, ბელგია 0-0

სულ (1992-2008) 45 ტურნირი, 242: 127-114*1

>>>    ჩვენებურები სხვა გუნდებში

დავით ნემსაძე (ბელ)   1*პოლ
გიორგი გეგიძე (უკრ)   =
ჯაბა მალაღურაძე (უკრ)   1*უელ 2*იტა
გიორგი თოდრაძე (უკრ)   1*უელ 1*ესპ

>>>    ევროპულ ფინალთა ფინალები

2008   პორტუგალია     26:12 უელსი ჰანოვერი (გერ)
2007  

რუსეთი    

35:10 საფრანგეთი მოსკოვი (რუს)
2006   პორტუგალია     19: 7 რუსეთი მოსკოვი (რუს)
2005   პორტუგალია     28:26 რუსეთი მოსკოვი (რუს)
2004   პორტუგალია     21:14 იტალია პალმა (ესპ)
2003   პორტუგალია     26:21 საფრანგეთი ჰაიდელბერგი (გერ)
2002   პორტუგალია     24:14 საქართველო ჰაიდელბერგი (გერ)

<<<    შვიდკაცის V მსოფლიო თასი

5-7/03 2009 დუბაი (არაბეთი)

24 გუნდი

ფიჯი (ჩემპიონი) ზელანდია ინგლისი ავსტრალია საფრანგეთი აფრიკა არგენტინა შოტლანდია (წინა თასის შედეგად)

არაბეთი (მასპინძელი)

ურუგვაი (სამხრეთი ამერიკა)

პორტუგალია უელსი საქართველო ირლანდია იტალია (ევროპა)

სამი (აფრიკა) ორ-ორი (აზია, ზღვისრეთი, ჩრდილოეთი ამერიკა)

<<< >>> 

Free Web Hosting