48 მილიონი დაიხარჯება

48 მილიონი დაიხარჯება

   რაგბის საერთაშორისო საბჭომ (ირბ) შარშან, საფრანგეთში გამართული მსოფლიო თასის სარფი დაიანგარიშა და 2009-12 წლებში გლობალური ინვესტიციისთვის 48 მილიონი გირვანქა გადადო; განახლდა ირბ-ის აღმასკომი და შპს "მსოფლიო თასის" დირექტორთა საბჭო; 2011 წელს, ახალ ზელანდიაში გასათამაშებელი თასის პირველი შესარჩევი კი კარიბეთში მოეწყო.

ირბ-ის თანახმად, ფრანგთა მარიფათით, ექვსი გლობალური სპონსორის წყალობით და ევროს სიძლიერით თასის სარფი წინა, 2003 წელს ავსტრალიაში გამართულ ტურნირთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და 122 მილიონი გამოვიდა. ამან დუბლინის უწყებას ხელ-ფეხი გაუხსნა და თუ წინა ციკლში 30 მილიონი მოხმარდა მზარდი ქვეყნების მოძლიერებას, ახლა 18 მილიონით მეტი დაიხარჯება 22 გუნდზე, რომელთა შორის, მადლობა ღმერთს, საქართველოცაა.

ირბ-ის შეფობიდან გადადგომის კვალად მხცოვანი ირლანდიელი დოქტორი სიდ მილარი მსოფლიო რაგბის ახალმა გამგებელმა, ფრანგმა ბერნარ ლაპასემ შპს-ის თავკაცადაც შეცვალა, მაგრამ ბებერი ოღრაში "მსოფლიო თასის" დირექტორად მაინც დარჩა. სტატუსით მისი ტოლნი არიან ირბ-ის ვიცე-შეფი, ინგლისელი ბილ ბომონთი, ირბ-ისვე მთავარი მოხელე მაიკ მილერი და საბჭოს ახალი წევრი, სამხრეთი აფრიკის რაგბის მულატი მამა ორეხან ჰოსკინსი.

ყაირათიან ყაიდაზე

ირბ-ის აღმასკომი კვლავაც ბობოლა ქვეყნების 10 მოღვაწისგან შედგება, ოღონდაც არგენტინელი კარლოს ტოცის ნაცვლად იტალიელი ჯანკარლო დონდი გაერია მარაქაში. 2015 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობა სურთ სამხრეთ აფრიკას, ინგლისს, იტალიას და კელტურ სამეულს. ამათი ჩანაფიქრით ფინალი ედინბურგში (შოტლანდია) უნდა გაიმართოს, ნახევარფინალები კი კარდიფში (უელსი) და დუბლინში (ირლანდია).

ირბ და შპს 2011 წლის თასზე დარჩენილი რვა ვაკანსიის შევსებას ახალ, ყაირათიან ყაიდაზე, არსებულ რეგიონულ ტურნირთა გამოყენებით აპირებენ. ევროპაში ორ-წლიანი "ერთა თასი" შემოდგომაზე გაჩაღდება, ციკლი კი გაიხსნა კარიბეთში, სადაც რვა გუნდმა სრული ოლიმპიური სისტემით, სამ რაუნდად, ქაიმანზში გაითამაშა შემდეგი რაუნდის საგზური და იგი მეექვსე (!) ნომრად განთესილ ტრინიდადს ერგო.

>>>    კარიბეთის პირველობა

წინასწარი [29/03]
სენტ ვინსენტი - მექსიკა 7:47

მეოთხედფინალი [20/04]
ტრინიდად ტობაგო - ქაიმანზი 39:12
ბარბადოსი - მექსიკა 21:20
გაიანა - იამაიკა 10:3
ბერმუდა - ბაჰამაზი 29:13

ნახევარფინალი [23/04]
ტრინიდადი - ბარბადოსი 56:0
გაიანა - ბერმუდა 25:13
მექსიკა - ქაიმანზი 13:6
ბაჰამაზი - იამაიკა 19:12

ფინალი [26/04]
თასი (1-2) ტრინიდადი - გაიანა 40:24
სინი (3-4) ბერმუდა - ბარბადოსი 17:6
ფიალა (5-6) ბაჰამაზი - მექსიკა 23:17
ფარი (7-8) ქაიმანზი - იამაიკა 11:10

<<< >>> 

Free Web Hosting