მეხუთეგანაც თასი!

მეხუთეგანაც თასი აიღეს

   გორდონ ტიეჩიენსის შეგირდებმა ისევ გაიმარჯვეს და თან 6-წლიანი ნავსი გატეხეს: ახალი ზელანდიის "ოლ ბლექ სევენსმა" 2001 წლის აქეთ პირველად მოიგო უპრესტიჟულესი, ჰონკონგის შვიდკაცა და მსოფლიო სერიის (ირბ) კიბეზე უახლოეს მდევარს, სამხრეთ აფრიკას 38 ქულით გაუსწრო.

წინა სეზონის ფინიშიდან მოყოლებული კივებს ბადალი არა ჰყავთ: გუნდმა მოიგო ბოლო ორი, ევროპული ტურნირი, მიმდინარე გათამაშებაში კი ხუთივეგან (!) გაიმარჯვა და ამიერიდან იმას დაეშურება, რომ პირველად სერიის 9-წლიან ისტორიაში, კამპანია 100-პროცენტიანი შედეგით დაასრულოს.

ჰონკონგის შვიდკაცა იმითაა უნიკალური, რომ მასში 16 გუნდის ნაცვლად 24 მონაწილეობს, რის გამოც პული ექვსია და დასის სამ რვეულად გადანაწილება ორი დღის შემდეგღა ხდება. ამეების გამო თანა-პულელები ფინალამდე ხანდახან ისევ გადაეყრებიან ერთმანეთს. ჰოდა, "ბ" ოთხეულში ინგლისმა 7:5 რომ ძლია სამოა, ამან მეოთხედფინალში გადაუხადა სამაგიერო.

აზიელებთან გაიჯეჯილეს

თასის ნახევარფინალში იგივე გუნდები შეწყვილდნენ, რაც შარშან, და ორივე წაგებულმა აიღო რევანში. ფინალში ზელანდიამ აფრიკას ლელოებით 4-2 აჯობა და ფულადი პრიზიც, 100 ათასი დოლარი მიითვალა, სინზე თამაშში კი საფრანგეთმა დამატებითი დროის 41-ე წამზე ჯარიმა (არეკნით!) გაუტანა არგენტინას.

რუსეთმა შარშან მოგებული ფიალა შეინარჩუნა. გურუ კლოდ სორელმა შვიდკაცაზე დიდი ნაკრების ბეკები წაასხა და ამათაც გაიჯეჯილეს ჩია აზიელებთან (იაპონია 24:12, შრი ლანკა 35:10, კორეა 19:5), მაგრამ პულში წააგეს არგენტინასთან (0:33) და აფრიკასთან (0:48). ამავე სტადიაზე ჩინეთმა ჭანკ "ჯონი" ჭიციანკის ყოჩობით 19:12 ძლია შოტლანდია, რაც სენსაციად ჩაითვალა.

ირბ-ის შვიდკაცა

V ეტაპი. 28-30/03 ჰონკონგი (ჩინეთი)

თასის მეოთხედფინალი (8 ქულა წაგებულს) ზელანდია (ა1) - უელსი (დ2) 26:7, ფიჯი (დ1) - კენია (ე1) 10:0; აფრიკა (გ1) - ავსტრალია (ვ1) 19:14, სამოა (ბ2) - ინგლისი (ბ1) 17:12

ნახევარფინალი * სინი (2ქ წაგ) საფრანგეთი (ვ2) - კანადა (ბ3) 36:5, არგენტინა (გ2) - ტონგა (ვ3) 19:12 * თასი (18ქ წაგ) ზელანდია - ფიჯი 34:0, აფრიკა - სამოა 12:10

ფინალი * ფიალა (XVII) რუსეთი (გ3/1ქ) - ზიმბაბვე (დ3) 19:14 * სინი (IX) საფრანგეთი (4ქ) - არგენტინა (3ქ) 17:14 დდ * თასი (I) ზელანდია (30ქ) - აფრიკა (24ქ) 26:12

კიბე: ზელანდია 110 (5თ: დუბაი ჯორჯი ველინგტონი სან-დიეგო ჰონკონგი) აფრიკა 72, ფიჯი 62, სამოა 56, კენია 32, არგენტინა 29, ინგლისი 26, ავსტრალია 22, უელსი 18, შოტლანდია 16, ტონგა 14, შტატები 6, საფრანგეთი 4, კანადა 2, რუსეთი 1

გასამართია: 5-6/04 ადელაიდა (ავს); 24-25/05 ლონდონი (ინგ) 31/05-1/06 ედინბურგი (შტლ)

თასი (1999-2008, 73 ტურნირი) ზელანდია 34, ფიჯი 13, ინგლისი 11, აფრიკა 7, ავსტრალია 4, სამოა 2; არგენტინა და საფრანგეთი 1

Free Web Hosting