ზრდაში წაადგებათ

ზრდაში წაადგებათ

   ბორჯღალოსნებმა ჩეხეთში სანიშანსვეტო, მეასე თამაში ბრძოლით მოიგეს და "ერთა თასის" ლიდერობა დაიბრუნეს. ჩვენებმა პრაღაში საცდელი გუნდი ჩაიყვანეს და გაუჭირდათ მასპინძლების ძლევა. იმედია, რომ აქედან ორი კვირის თავზე საქართველო ციმბირში საუკეთესო რაზმით ჩააკითხავს რუსეთს, რადგან გამარჯვებული ჩემპიონი ხდება.

ტესტი საიუბილეო კი იყო, მაგრამ რეპორტაჟის მოწყობა მაინც ვერ მოხერხდა. მხოლოდ "რუსთავი 2"-მა მიავლინა კორესპონდენტი პრაღას და "კურიერ პოსტ სკრიპტუმში"-ში შაბათსვე გაუშვა სიუჟეტი, ეს მიმოხილვა კი ნაკრების მენეჯერის, ვასილ აბაშიძის მიერ 15 დარეკვაზე მობილურში ნაპასუხევსა და პრაღის "სპარტის" მწურთნელის, ლევან მგელაძის რეზიუმეს ემყარება.

თამაში სულ თავიდან გამოცხადებული "ტატრის" ნაცვლად ვლადივოსტოკის (!) ქუჩაზე, "სლავიაზე" გაიმართა და ჩეხური რაგბის სტატუსის გათვალისწინებით ბარაქიანი აუდიტორია მიიზიდა. მაყურებლებში საკმაოდ იყვნენ შუა ევროპაში გადაფუძნებული ან მოსწავლე ჩვენებურები, მაგრამ მზიან დარს რომ ქარი დაერთო, ბურთაობა ისეთი ვერ გამოვიდა, როგორიც რომ ლიანგს გაეხარდებოდა.

ხუთი უკეპო

ჩეხებმა "ერთა თასიდან" გავარდნა კი დაიბევეს, მაგრამ შინაომებიც დაასრულეს, ერთ მუშტად შეიკრნენ და მსოფლიო თასის (ორგზის) მონაწილის დასახვედრად (სლავიამ პრომო ამაზე ააგო) იხმეს ისინი, ვინც გასვლაზე მოუცლელობით არ მიბრძანდება ხოლმე. ითამაშა თვით უბერებელმა იან მახაჩეკმა, ჩვენი მგელაძის სათვალავით კი ნაკრებში, ფრთა მარტინ იაგრისა და კვაჭ ლუკაშ რაპანტის გარდა, ყველა ლეგიონერი გამოცხადდა.

ვერ ვიტყვით, ბორჯღალოსანთა უფროსობა მეტოქეს აგდებულად მოეკიდაო, მაგრამ რაზმის ხარისხი კი ზუსტად იმის ბადალი იყო, 12 თვის წინ ესპანეთში რომ წააგო. მიზეზთა გამო მეათე ბეკი რომ დაგვაკლდა, მარქაფაში 22 ნომრად თვით მენეჯერი დაჯდა; გარდა ამისა, დიდ რაგბს ვაზიარეთ ერთბაშად ხუთი (!) უკეპო (ახალბედა) და შვიდივე დამწყები ბეკიც შინ ანდა ექს-საბჭოეთში რაგბობს.

ტოლი არ დაგვიდეს

თვით-მხილველთა შეფასებით, ბრძოლის იშტაზე მოსულმა ჩეხებმა ტოლი არ დაგვიდეს. ბურთი მეტად გვეპყრა და ვუტევდით, მაგრამ ისინი მედგრად იდგნენ დაცვაში. თავიდან პირქარში მოგვიწია თამაშმა და პირველივე ჯარიმა კარის ნაცვლად ლელოს შესატანად კიდეზე დავარტყით, მაგრამ მაქედან არა გამოვიდა რა, მერე კი ფლანკერიც გაგვიგდეს ათი წუთით და წინ მეტოქე გავიდა.

ანგარიში აქედან 15 წუთში გავათანაბრეთ. ტაიმის ბოლომდე მალაღურაძემ ლელოც გაიტანა და ჯარიმას გარდასახვა დაურთო. მეორე ტაიმში ქარი ჩვენი მოკავშირე შეიქნა, მაგრამ მეტისმეტი ტექნიკური წუნის გამო ბევრი კარგი წამოწყება ჩაგვეშალა. მეტოქე ბოლო მეოთხედშიღა გავტეხეთ და კიდევ ორი ლელო გავუტანეთ, რითაც სხვაობამ 15 ქულას გადააჭარბა, ანუ რეიტინგიც მოგვემატება.

რაგბი მოყოლითაა

თქმულა, ყველაფერი კარგია, რაც მშვიდობით მთავრდებაო. გავიმარჯვეთ საიუბილეო ტესტში, ჯეელებს კი უცხო გარემოში თავს გადახდენილი ბრძოლა ზრდაში წაადგებათ. ვერელმა მალაღურაძემ 10 ქულა მოკრიფა, ქუთაისელმა დადუნაშვილმა მეშვიდე (!) ლელო შეიტანა და ჯერ რიონის პირად, შემდეგ კი რუსულ 13-კაცაში გაზრდილმა ჩხიკვაძემაც ზედიზედ მეორე მატჩში ისახელა თავი.

მეორე მხრივ, საწყენია, რომ პირველის დარად, ვერც მეასე თამაშის ტელე-რეპორტაჟი იხილა ერმა, რადგან, როგორც ნასწავლი პოლიტიკოსები ბრძანებენ, "საამისოდ სათანადო მზაობა ვერ შეინიშნება იმათში, ვისი ჯერიც არს", ხოლო თუ უფრო სადად მოვჭრით, ფეხბურთისა და ესტრადისგან განსხვავებით, რაგბზე დასახარჯად ფული არავის ემეტება.

ერთი სიტყვით, როგორც "თბილისის ფორუმზე" დაიპოსტა, რაგბი ჩვენთან მოყოლითაა, მაგრამ არა ცქერით!

 

საქართველო 22:3 ჩეხეთი

ბორჯღალოსნები

(ბეკ * ახალბედა) 15 ირაკლი ყიასაშვილი, 14 გიორგი შკინინი, 13 დავით კაჭარავა, 12 სანდრო თოდუა*, 11 ირაკლი ჩხიკვაძე (21 სანდრო ნიჟარაძე*); 10 ლაშა მალაღურაძე (20 მერაბ კვირიკაშვილი), 9 გიორგი კაჭარავა /

(ფორ) 1 გოდერძი შველიძე [კაპ] 2 დავით დადუნაშვილი, 3 შოთა მელიქიძე* (17 გიორგი მჭედლიშვილი*); 4 შალვა სუთიაშვილი, 5 გიორგი ნემსაძე (18 სანდრო მჭედლიშვილი); 6 ბესო უდესიანი (16 სიმონ მაისურაძე), 7 გიორგი ჩხაიძე (19 დავით ჩიჩუა*), 8 დიმიტრი ბასილაია;

(უქმ) 22 ვასილ აბაშიძე -

3ლ: მალაღურაძე ჩხიკვაძე დადუნაშვილი; 2გ: მალაღურაძე ყიასაშვილი; ს: მალაღურაძე  სბ  სუთიაშვილი

ჩეხეთი

(ბეკ) 15 ვაცლავ იურსიკი, 14 რომან კოდერა, 13 მარტინ პეკარეკი, 12 პაველ ჩამრდა, 11 იან როჰლიკი (22 იან რუდოლფი); 10 პაველ ვოკროუჰლიკი, 9 პაველ სიროვი /

(ფორ) 1 რომან შუსტერი (16 ირჟი სკალი) 2 იან ოსვალდი [კაპ] (17 ონდრჟეი კუტილი) 3 რადიმ ფაიკუსი (18 ტომაშ ჰელერი); 4 რობერტ ვოვესი, 5 იან კურკა; 6 იან მახაჩეკი, 7 მიროსლავ ნემეჩეკი, 8 ირჟი ბურიანეკი;

(უქმ) 21 მილან ირმანი / 19 კარელ კუჩერა, 20 იოსეფ ბლაჰა -

ს: ვოკროუჰლიკი

რეფერი ჟან-პიერ მატე; კიდეებზე: სედრიკ მარშა / ფერნან პერეირა (საფრანგეთი)

შაბ 29/03 პრაღა, სლავია (1 500)

0:3(10 სბ ) 3:3(25) 10:3(30) / 15:3(65) 22:3(70) * წუთები მიახლოებითია!


ერთა თასი 2007/08

საქართველო   7-1   252: 82
რუსეთი   7-1   251:126
რუმინეთი   6-4   277:144
ესპანეთი   3-5   192:201
პორტუგალია   3-6   157:175
ჩეხეთი   0-9     56:457

წლეულსვე

საქართველო -   რუსეთი   12/04 (კრასნოიარსკი)
   ესპანეთი   26/04 (თბილისი)

სხვათა მატჩები: 19/04 ჩეხეთი - რუსეთი, 10/05 ესპანეთი - პორტუგალია


მონაგარი

20 წლისა (1989-2008)
100 თამაში (37 შინ, 47 გარეთ, 16 ნეიტრალურზე)
59 მოგება - 37 წაგება * 4 ფრე
ქულა 2316:1900 (+416) ლელო 283-209 (+74)

ჩეხეთთან    8-0 (4შ 4გ) 310:58 (ლ 45-3)

სულ 183 ბორჯღალოსანი
76 ბეკი, 101 ფორვარდი და 6 უნივერსალი
ბეკებმა გაიტანეს 135, ხოლო ფორვარდებმა 148 ლელო

კეპი (ღვინისფერი) 57 პალიკო ჯიმშელაძე, 55 მახო ურჯუკაშვილი, 53 ბესიკ ხამაშურიძე; 51 აქვსენტ გიორგაძე და ირაკლი აბუსერიძე / (ვერცხლისა) 48 ილია ზედგინიძე, 47 გია ლაბაძე; 45 ზურაბ მჭედლიშვილი, ვიქტორ დიდებულიძე და გოდერძი შველიძე

ლელო: 15 მახო ურჯუკაშვილი, 14 ილია ზედგინიძე (2 საჯ), 12 ბესიკ ხამაშურიძე; 11 თედო ზიბზიბაძე და აქვსენტ გიორგაძე; 10 არჩილ ქავთარაშვილი, ლევან ცაბაძე, გია ლაბაძე, ირაკლი მაჩხანელი და მამუკა გორგოძე; 9 პალიკო ჯიმშელაძე; 8 ვასილ კაცაძე და ბესო უდესიანი (2 საჯ); 7 გოდერძი შველიძე და დავით დადუნაშვილი; 6 ნიკო იურინი და ბადრი ხეხელაშვილი; 5 დავით ბოლღაშვილი, ვიქტორ დიდებულიძე, გიორგი შკინინი და ზვიად მაისურაძე

ქულა (კიკერები) 320 პალიკო ჯიმშელაძე, 274 მახო ურჯუკაშვილი, 105 ნუგზარ ძაგნიძე, 99 მეკო კვირიკაშვილი, 63 კახა მაჩიტიძე, 62 შოთა მოდებაძე, 53 ნიკო იურინი, 43 ბობა კვინიხიძე, 31 ოთარ ბარკალაია

Free Web Hosting