ვინ ვის ჭირდება მეტად

ვინ ვის მეტად ჭირდება

დროს უქმად არ კარგავს ფეხბურთიდან რაგბში დაბრუნებული ოზი დიდ-მოხელე ჯონ ონილი და სამომავლოდ გაფართოებულ, 6-თვიან ზე 15-ზე გადასვლას ქადაგებს, რაზეც ავსტრალიის პარტნიორები, ახალი ზელანდია და სამხრეთი აფრიკა ფრთხილობენ, ესაო და სიახლე ონილის ქვეყანას უფრო ჭირდება, ხოლო ჩვენ ოდინდელ ტრადიციას მოგვიშლისო.

სამხრეთული ზე-რაგბი თამაშის გაპროფესიულებამ მოიტანა: სამი ბუმბერაზის ალიანსმა, სანზარ-მა 1996 წლიდან საკლუბო ზე 12-ისა და სანაკრებო "სამი ერის" გამართვა დაიწყო, 2006 წლიდან კი, 2010 წლის ჩათვლით, პირველი წამოწყება ზე 14-ად იქცა, მეორეს კი კენტი, მესამე წრე დაემატა.

ონილი ამასაც არ ჯერდება: ზელანდიასთან საცილო "ბლედისლოუს თასს" უკვე დაუმატა მეოთხე, აზიური ტესტი, რომელიც წლეულს ჰონკონგში გაიმართება, გაისად კი ალბათ ტოკიოში. ბოსი იქვე 2011 წლიდან გეგმავს საზიარო, ავსტრალიურ-იაპონური კლუბის შექმნას, რითაც ტურნირი ზე 15-ად იქცევა და დასში სამივე პარტნიორის წილიც გათანაბრდება.

26-კვირიანი ზე 15

ამჟამინდელი ზე 14 სამ-თვე-ნახევარს (16 კვირა; თებერვალი - მაისი) გრძელდება. რაგბს ავსტრალიურ ბაზარზე უწევს მეტოქეობა 18-კაცა რულზთან (აფლ) და 13-კაცა ლიგასთან (ნრლ), რომელთა სეზონებიც 26 კვირას გრძელდება. ჰოდა, ონილს კონკურენტთაგან გადმოუღია წრე-ნახევრიანი რეგულარული სტადია და 6-გუნდა, მუღამიანი პლეი-ოფი.

ჯონის ჩანაფიქრით, პირველ სრულ წრეს უნდა მოყვეს მეორე, გამოხშირული, რომელშიც თვისტომნი ერთურთს მეორედაც ერაგბებიან, რითაც გახშირდება დარბები. ამას მოყვება არა ახლანდელივით მინი, კლასიკური, ორ-კვირიანი პლეი-ოფი, არამედ 4-კვირიანი, რომელიც შესარჩევ, გასავარდნ, წინასწარ და დიდ ფინალებს მოიცავს. ჰოდა, ზე 15 თებერვალში რომ დაიწყება, აგვისტოშიღა დასრულდება.

მიმზიდველი პროდუქტი

მერე გაჩაღდება სანაკრებო შეჯიბრებანი - სამი ერი და საშინაო ტესტები. სამხრეთელები ერთმანეთს უქმეებზე ერაგბებიან, ევროპელ სტუმრებს კი შუა კვირაში. ჯერაც აუთვისებელ, იაპონურ ბაზარზე შეჭრით ხომ იმატებს სარფი და განახლებული, აფერადებული პროდუქტიც უფრო მიმზიდველი გახდება ტელე-ბატონთათვის, რომელთა ფულითაც უდგას აქამდე სული სამხრეთულ რაგბს.

დიახ, სწორედ რომ უდგას, თორემ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და იაპონიაში მორაგბის ანაზღაურებამ უკვე ისე გაუსწრო სამხრეთულს, რომ კივებს, ოზებსა და იაპებს სულ უფრო უჭირთ ვარსკვლავთა შინ დატოვება. ონილის გააქტიურების ერთ-ერთი მიზეზი ჩრდილოელთა საწინააღმდეგო ფარის შექმნაცაა, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ საკლუბო სეზონის 10 კვირით დაგრძელება სათამაშო დატვირთვას გაზრდის და შორს მგზავრობაც მეტად მოუწევთ სამხრეთელებს.

საშური და სარფიანი

ონილის წინადადებას უმალ გამოეხმაურნენ ჯერ ზელანდია და შემდეგ აფრიკაც. ჯონის კივმა კოლეგამ, სთივ თიუმ შენიშნა, ავსტრალიური რაგბის წინამძღოლი ყოველთვის გონივრულ წინადადებებს აყენებს და მისი ყოლა სანზარ-ისთვის დიდი ხეირია, მაგრამ ამ შემთხვევაში აჩქარება არას გვარგებს, რადგან ეგრე მეჩვენება, რომ ზე 15 ოზებს უფრო მოაწყობთ, ვიდრე ჩვენა და აფრიკასო.

თიუ ონილს დაეთანხმა იმაში, რომ ზეპური რაგბის მარაქაში იაპონიის გარევა საშური და სარფიანი საქმეა, მაგრამ ეგეც იკითხა რიტორიკულ-დემაგოგიურად, სპორტულ ჭრილში უკეთესებზე - ზღვისრეთის კუნძულებსა და არგენტინაზე აღარ ვიზრუნოთ? და თუ სარფია ამოსავალი, მაშინ ეგებ შტატებში გვიჯობდეს ექსპანსიაო.

ევროპელთა მოსაგერიებლად

ბოლოს კივთა მთავარმა მოხელემ თავიც იქო, ჩემს ხელქვეით ზელანდია რაგინდარა პროექტის განხილვაზე ყაბულსაა და უწინდელისგან განსხვავებით, ხელაღებით აღარაფერს დაიწუნებსო. ისე, თიუს ონილის საპასუხოდ ძაანაც ვერ ეცალა, რადგან ამ უქმეებზე კივური რაგბის თემი მართავს ფორუმს, სადაც ქვეყნის პირველობის მომავალზე უნდა იმსჯელოს.

ონილმა პროექტი "სიდნი მორნინგ ჰეროლდში" გააჟღერა, თიუს კი სიფრთხილისკენ "ნიუ ზილენდ ჰეროლდმა" მოუწოდა. სტატიაში პირდაპირ წერია, ისტორია გვეუბნება, რომ ოზებს რაგბში მეტად ჭირდებოდათ და ჭირდებათ კივები, ვიდრე პირიქით; ჰოდა, თუმც მიზანი საერთო - ევროპის გაუმაძღარ კლუბთა მოგერიება გვაქვს, ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენ ვიზარალოთ, მეზობელი კი მოგებული დარჩესო.

არ დაეჩაგვრინოსო

კივები ონილის ნიჭსა და გონიერებას ძაან აფასებენ, მაგრამ ეგეც მოეხსნებათ, რომ მგელი მგლობას არ მოიშლის. ზელანდიაში მწარედ ახსოვთ ექვსი წლის წინდელი სკანდალი, როცა მათი მიამიტი და უწესრიგო მამები დუბლინელებთან (ირბ) ჩაიჭრნენ, ჯონმა კი პარტნიორებს უბოდიშოდ უგანა, 2003 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობას ერთპიროვნულად დაეწაფა, შეჯიბრი ფრიადზე ჩაატარა და მაშინ დაგდებული სახელით ახლაც მაგარ ხეირშია.

გაზეთი წერს, ონილი საერთო, სანზარ-ულ გეგმას კი სახავს, მაგრამ თანამდებობისა გამო, პროექტში უწინარეს ყოვლისა, ავსტრალიის ინტერესს დებს, რის გამოც თიუს ამოცანა ის უნდა იყოს, რომ ავტორიტეტიან კოლეგას არ დაეჩაგვრინოსო. სტატიის თანახმად, ოზებს შარშან რომ ჩაუფლავდათ პირველი (!) ქვეყნის პირველობა, სამომავლოდ სხვათა დახმარებით სურთ ფეხზე დადგომა.

დატვირთვის ზღვარზე

ამიტომ მოუგონია ონილს 26-კვირიანი ზე 15, რისი გადამკიდეც ზელანდიას შინაური პირველობის გასამართად დრო აღარ დარჩება, და ან ეს შეჯიბრი მეორე ხარისხოვან ტურნირად იქცევა, რადგან ხუთ გუნდად განაწილებული 150 უკეთესი კივი მასში ვეღარ ითამაშებს.

იგივე ბედი ელის სამხრეთი აფრიკის "ქარრის თასსაც", რის გამოც ქურციკეთში გამოცემულ პრეს-რელიზში წერია, ონილის პროექტი იმად არ მოგვწონს, რომ ჩვენს შინაურ ტრადიციას არ ითვალისწინებსო. მერე კიდევ, იაპ ექიმებს მიაჩნიათ, რომ სამხრეთელი ბიჭები ისედაც დატვირთვის ზღვარზე რაგბობენ, რის გამოც ტურნირის 10 კვირით დაგრძელებას ვეღარ გაუძლებენ.

ზურგს ძმა უმაგრებს

პარტნიორთა გამოხმაურებას ოღრაში ონილი არ გაუკვირვებია. ჯონმა სწორად შენიშნა, ერთგან ფორუმია გასამართი, მეორეგან კი, აფრიკაში, პრეზიდენტის არჩევნები. ამდენად, ჩემს პროექტზე დასაფიქრებლად ვერც ერთგან ვერ მოიცალეს, ჩემდათავად კი, რაჟამს გაცხადდება ვითარება, ლობირებას გავაჩაღებო.

რაც შეეხება ქურციკეთის არჩევნებს, იგი პარასკევს, 28 მარტსაა და მულატ ორეხან ჰოსკინსს, ვისაც მხარს უჭერენ თეთრები, პრეზიდენტობას ეცილება ზანგი რადიკალი მაიკ სტოფილე, ვისაც ძმა, სპორტის მინისტრი მაჰენკესი უმაგრებს ზურგს.

:::

Free Web Hosting