შეთქმულების ძიებაში

შეთქმულების ძიებაში

მეექვსე კვირაა, ზე 14-ში იცდება ირბ-ის მიერ შემუშავებულ ახალ წესთა ნაწილი, მაგრამ კონსერვატორი ბრიტები მაინც ეჭვით უცქერენ ნოვაციას, რომლის გამოც სამხრეთელთა აზრი ეგაა, რომ თამაში გაჩქარდა, გაქაოსურდა და მიწაზე ბრძოლაც გამწვავდა, ხოლო ბურთაობის სასეირო ასპექტს ვერაფერი შეემატა.

ირბ-მა "წესების რეფორმის ჯგუფი" 2005 წელს მოაზროვნე ავტორიტეტებისგან შექმნა. ცხრა კაცმა შეიმუშავა ბლომად სიახლე, რომლებიც პირველად კეიპტაუნის შემოგარენში მოქმედ, უდიდესი რაგბული ტრადიციის უნივერსიტეტში რომ გამოიცადა, მისი სახელის მიხედვით "სტელენბოსხის კოდექსად" მოინათლა.

მას აქეთ ნოვაცია ბობოლა ქვეყნებში ბევრგან, სულ სხვადასხვა დონეზე გაისინჯა, ირბ-მა კი მათი შემოღების ასეთი გრაფიკი დაადგინა: წლეულს, ივნისში, ყველა ქვეყანას დაეგზავნება სიახლეთა სრული აღწერა და აზრის გამოთქმაც მოეთხოვება. ირბ-ის აღმასკომი გამოძახილთა გათვალისწინებით ნოვაციათა ცნობას ნოემბერში უყრის კენჭს.

თუ მამებმა შესწორებანი მოიწონეს, მთელი მსოფლიო ახლებურად აბურთავდება, მაგრამ იდეების ღირსებათა შეფასება კიდევ 12 თვეს გასტანს და რაც გაამართლებს, ის პრინციპები საბოლოოდ 2009 წლის ნოემბერშიღა დამტკიცდება. ერთი კია, ქვეყანას შეუძლია არ დაელოდოს წლევანდელი ნოემბრის სხდომას და ირბ-ს ახლავე სთხოვოს ექსპერიმენტში ჩაბმა, ოღონდაც იმის შნოც უნდა ჰქონდეს, რომ დუბლინის ოფისს თამაშთა ჩანაწერები მიაწოდოს.

ხმა ახლაღა ამოიღეს

სამხრეთელებმა ზე 14-ში სიახლეთა მესამედი რომ დანერგეს, იმედი ჰქონდათ, რომ მათ ივლისში დასაწყებ "სამ ერზეც" აამოქმედებდნენ, მაგრამ რა შეიტყვეს ევროპელთა პოზიცია, გადაწყვეტილების მიღებას აღარ ჩქარობენ და ელოდებიან იქეთა უქმეებს, როცა ირბ "ექვს ერს" შეხვდება, გააცნობს სამხრეთული ექსპერიმენტის დოკუმენტაციას და შეკითხვებზეც უპასუხებს.

სამხრეთელებმა მარტის დამდეგს, ჰონკონგში გამართულ თათბირზე შეიტყვეს, რომ ოთხიდან ორი ბრიტანული ქვეყანა აპრიორი სიახლეთა წინააღმდეგია იმის მიუხედავად, რომ მათ არსში ვერ გარკვეულა და არც თავად გამოუცდია "სტელენბოსხის წესები". არადა, როგორც ზემოთ შევნიშნეთ, ირბ უკვე ორი წელია ატარებს ექსპერიმენტს, მაგრამ კონსერვატორებმა ახლაღა ამოიღეს ხმა და ნოვაციებში "სამხრეთული შეთქმულების" კვალს ეძებენ.

ბრიტთა მტკიცებით, თამაშის გაჩქარება ხელს ავსტრალიასა და ზელანდიას აძლევთ, რადგან ესენი ევროპელებს ტრადიციულად ჯობნიან ბურთაობით, ხოლო სტატიკაში (შერკინება დერეფანი) ჩამორჩებიან. ჩრდილოელებს არც ის მოსწონთ, რომ სამხრეთი მათზე ადრე შეუდგა სიახლის დამუღამებას, რის გამოც უპირატესობა ექნება, ამაზე კი კივები და ოზები პასუხობენ, ვისმე ხომ უნდა დაეწყო საქმე, ხოლო თქვენ რომ გისმინოთ, მაშინ ვერასდროს ვერაფერი შეიცვლებაო.

მსაჯს უნდა მოერგონ

ირბ-ის გეგმები იქეთ იყოს და ავსტრალია კადნიერად ითხოვს, რომ ახალი წესები მთელ მსოფლიოში 1 სექტემბერს ამოქმედდეს. ზელანდიაც მოუწოდებს ჯიუტ ბრიტებს, ბოიკოტს გიჯობთ ნოვაცია თავადვე სცადოთ და გააანალიზოთო, ევროპელთა ეჭვზე კი, მომავლის რაგბში მეტი ბურთაობა და ნაკლები ჭიდილი იქნებაო, უღონო ოზები ახსენებენ კრიტიკოსებს, რომ სისუსტე ვერც ახლა დაიმალება, რაკი გუნდს თავისუფალის ნაცვლად შერკინების მოთხოვნა შეუძლია.

ახალ წესთა ავ-კარგზე მსჯელობა სამხრეთელ მესვეტეთა საყვარელი თემაა. ძველი აფრიკელი მსაჯი, ფრიკ ბერგერი შენიშნავს, რომ ბოჭვის განსჯისას კვლავაც გადამწყვეტია სუბიექტური ფაქტორი: ზოგი რეფი მიწაზე ბრძოლას აცლის მობურთალებს, ზოგი კი უმალ სტვენს. ერთი სიტყვით, უწინდელისა არ იყოს, გუნდი ახლაც კონკრეტულ მსაჯს უნდა მოერგოს.

ბერგერის თქმით, მალ-მალე სტვენა ჩამშლელი რაგბის ხელშეწყობას ნიშნავს. მისივე დაკვირვებით, შესატევად სივრცე ვერ გამოთავისუფლდა და ბოჭვის არე-მარეც ძველებურადაა ჩახერგილი. გარდა ამისა, "სამი ერი" გინდაც ახალი წესებით ჩატარდეს, ივნისში, სიახლეს ჯერაც უზიარებელ ევროპელთა დახვედრისას, სამხრეთელებს ისევ ძველებურად მოუწევთ რაგბობა, ამდენი გადაწყობ-გადმოწყობა კი იოლი ვერ იქნება.

ბევრ სხვასაც გაუჭირდება

ავსტრალიის ყოფილი მწურთნელი, ჯონ ქონოლი შენიშნავს, მსაჯები ბევრად უფრო შემწყნარებლები გახდნენ; შერკინება უწინდელზე ნაკლები ეწყობა და ჩაქცევაც გაიშვიათდა; იმატა ფეხით ტაქტიკურმა ბათქა-ბუთქმა და გაწაფულ, ჭკვიან დამრტყმელს მეტი ფასი დაედო; კიდევ უფრო გაიზარდა სხარტი 9 და 10 ნომრების როლი; იმატა დატვირთვამ და 13-კაცა ლიგურს გაუტოლდა, და რაც მთავარია, იკლო თამაშის სიმწყობრემ და რაგბი უფრო ექსპრომტული გახდაო.

ასე ბურთაობა ავსტრალიას და მეტადრე ზელანდიას აფრიკაზე უკეთ გამოსდის, მაგრამ რაჟამს ბურებიც გაითავისებენ სიახლეს, ძალისა და სიმარდის წყალობით, ჩამორჩენას უცებ გააბათილებენ. ახალ ლიანდაგზე გადაწყობა ბევრ სხვა ქვეყანასაც გაუჭირდება, მაგრამ იმ უსიამო სიმართლესაც უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ გუნდები ერთსა და იმავე ყაიდაზე არაგბდებიან და უნიკალურობას დაკარგავენ.

სპეციალისტებს ეპითეტთა ხატოვანებით აჯობა პროფესიონალმა ჟურნალისტმა, ზელანდიელმა ვინი გრეიმ, ვინც ბოჭვის არეში ბრძოლა ვატიკანის მიერ დადგენილი შვიდი ცოდვის ნუსხას მერვედ დაურთო. მისი აღწერით, ბრეიქ-დაუნი ძველებურად დომხალია, რადგან სხეულთა ზედახორაში ზოგი ბურთს ეტანება და ზოგიც მეტოქის გადაყრას ლამობს, მსაჯს კი დრო არ ყოფნის საიმისოდ, რომ მტყუან-მართალი გაარჩიოს, რის გამოც ხშირად ალალ-ბედზე სტვენს. და კიდევ, დაცვას 3-ქულიანი ჯარიმისა რომ აღარ ეშინია, წესს თამამად არღვევს.

:::