უელსი მოუმატებსო

უელსი მოუმატებსო

ელიტარული "ექვსი ერის" დასრულების თანავე ახალი ჩემპიონის, უელსის ზელანდიელმა მწურთნელმა, ვორენ გეთლენდმა ივნისის სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე დაიწყო ფიქრი; გადადგა ხელ-მოცარული ირლანდიის გურუ ედი ოსალივანი; ჭორად დაირხა, ინგლისის ჭარმაგ მოძღვარ ბრაიან ეშთონს მამები ნაკრების მენეჯერად დიდ მარტინ ჯონსონს უნიშნავენო, საფრანგეთის ჯეელ გადია მარკ ლივრმონს კი ფედერაციამ მოუწონა ახლების გამოცდა.

უელსი მსოფლიო თასზე ფიჯთან დამარცხდა და პულში ჩარჩა, მაგრამ რაც გუნდი გეთლენდმა გადაიბარა და თანაშემწედ ლონდონის "ვოსფსის" ლიგელი შეფი, შონ ედვარდსი დაიბევა, "ურჩხულთა" ლაღი სტილი რაციონალურ ყალიბში მოექცა და დაცვაც გაუვალი გახდა.

ტაფიებმა ჯერ თვიქნემში, ინგლისთან გატეხეს 20-წლიანი ნავსი; მერე სამივე მეზობლის ძლევით "სამი გვირგვინი" აიღეს, ბოლოს კი საფრანგეთიც გააბურთავეს და პირველი "დიდი სლემიდან" 100 წლის თავზე, მაქსიმალური შედეგით მეათედ (!) დაასრულეს ტურნირი.

გეთლენდს მიაჩნია, რომ უელსს ზრდის საკმაო რეზერვი აქვს და პიკს ორი წლის შემდეგღა მიაღწევს. გურუს მიზანი ეგაა, რომ გუნდს აღარავისი ეშინოდეს. ამიტომაც ივნისში საუკეთესო რაზმი მიჰყავს სამხრეთ აფრიკაში და დურბანსა (7/06) და პრეტორიაში (14/06) ეტესტება მსოფლიო ჩემპიონ "ბოკეს".

თუ "ლომებს" ანდობენ

უელსს შეიძლება გამოაკლდეს მხოლოდ ბებერი მღლეტელი მარტინ ვილიამსი, ვინც უკვე გადაღლილია. ნაკრებს აუცილებლად გაყვება დაცვის ექსპერტი ედვარდსი. გეთლენდს ეიმედება, რომ კავშირი შონს 2011 წლის მსოფლიო თასის ჩათვლით გაუგრძელებს კონტრაქტს.

სხვაფრივ, მწურთნელთა ტანდემი 2009 წელს შეიძლება კიდევ ჩავიდეს აფრიკაში, თუკი სრულიად ბრიტანეთის ნაკრების, "ლომების" გაძღოლას ანდობენ მამები. ერთი კია, გეთლენდს შეუმჩნევია, რომ პროფესიულ ხანაში ვინც კი "ლომები" ჩაიბარა, თავის ძირითად საქმეს ვეღარ მიხედა და ორივე ფრონტზე დამარცხდა.

2011 წლამდე ჰქონდა კონტრაქტი ოსალივანს, მაგრამ მსოფლიო თასზე უღიმღამო ასპარეზობის შემდეგ "სამყურებმა" ვეღარც "ექვს ერზე" ივარგეს და პირველად დარჩნენ ორი გამარჯვების ამარა. ამაზე კავშირმა მორიგი მოკვლევა დანიშნა, მაგრამ გურუმ დაასწრო, გადადგა და ახლა იმაზე უნდა მოურიგდეს უფროსობას, თუ დარჩენილ სამ წელში მისაღები ჯამაგირის რა წილი ერგება.

ეტიკეტის დაცვით

ოსალივანმა ბოლო ხანს შემუშავებული ეტიკეტი დაიცვა და მადლობა გადაუხადა მოთამაშეებსა და ფანებს, გუნდს კი წინსვლა უსურვა. ედი ნაკრებს ექვს-წელიწად-ნახევარი წურთნიდა და უმაგალითო წარმატებას მიაღწია: ირლანდიამ სამჯერ (2004 2006 2007) აიღო "სამი გვირგვინი" და 2006 წლის ნოემბერში ირბ-ის რეიტინგში მესამე ადგილსაც კი შეწვდა.

რაკი რეიტინგი ვახსენეთ, ეგეც უნდა აღინიშნოს, რომ "ექვს ერზე" უელსის უეცარმა მოძლიერებამ ოთხივე ბობოლა აზარალა, ტაფიები კი მეათე ადგილიდან მეექვსემდე აღზევდნენ.

გარდა ამისა, ბი-ბი-სის მიერ შედგენილ სიმბოლურ ნაკრებში 15 პოზიციიდან ცხრა მათვე დაიკავეს, 31 წლის ფრთამ, შეინ ვილიამსმა კი ფანთა გამოკითხვაში ხმების 55 პროცენტი მიიღო და შორს მოიტოვა მეორე ადგილზე დარჩენილი იტალიელი (!) სერჯო პარისე (14%).

მიშალაკს უხმობენ

ბებერ ეშთონს ინგლისის კავშირი ყოველი წლის ბოლოს შეუმოწმებს ნაღვაწს და თუ მოუწონა, მაშინღა ანდობს გუნდს შემდეგი წლით. მთელ ამ პროცესს ცნობილი 10 ნომერი და ჯონი ვილკინსონის გამზრდელი, აწ კი ზეპური განხრის შეფი, რობ ენდრიუ წარმართავს.

ბოსს დაუდგენია, რომ ნაკრებს ჭირდება მენეჯერი და ბეკთა მწურთნელი. პირველ თანამდებობაზე ეშთონს თავისივე ნაშეგირდალის, ფილ დეგლენვილის დანიშვნა სწადია და თითქო არც ენდრიუა წინააღმდეგი, მაგრამ რობი დღე-დღეზე რომ შეხვდება ბრაიანის კრიტიკოსს, 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გუნდის თავს, მარტინ ჯონსონს, გურუ ეჭვობს, ჩემს გემოზე აღარ მამუშავებენო.

ინგლისი ივნისში ტურნეზე ზელანდიაში მიბრძანდება. ავსტრალიაში ჩავა საფრანგეთი, ვის მწურთნელ ლივრმონსაც, ეშთონისგან განსხვავებით, მამები უპირობოდ უჭერენ მხარს. მარკმა "ექვს ერზე" 37 მოთამაშე (13 ახალბედა) გამოცადა და ოზებთანაც კიდევ ათს უპირებს გასინჯვას.

მათში არ იქნება დალალებიანი სებასტიან შაბალი, ვინც "ლე ბლეს" სტილს თურმე ვერ ერგება, მაგრამ ნაღდად კი მოხვდება ტულუზელი 10 ნომერი ფრედერიკ მიშალაკი, ვინც ზე 14-ში, აფრიკის "შარქსში" რაგბობს და თუ რამე არ შეემთხვა, ივლისისთვის საუკეთესო ფორმაშიც იქნება.
 

ექვსი ერი 2008

2/02   ირლანდია - იტალია   16:11   1-1
   ინგლისი - უელსი   19:26   1-2
3/02   შოტლანდია - საფრანგეთი 6:27   0-3
 
9/02   უელსი - შოტლანდია   30:15   3-0
   საფრანგეთი - ირლანდია   26:21   4-2
10/02   იტალია - ინგლისი   19:23   1-2
 
23/02   უელსი - იტალია   47: 8   5-1
   ირლანდია - შოტლანდია   34:13   5-1
   საფრანგეთი - ინგლისი   13:24   1-2
 
8/03   ირლანდია - უელსი   12:16   0-1
   შოტლანდია - ინგლისი   15: 9   0-0
9/03   საფრანგეთი - იტალია   25:13   3-1
 
15/03   იტალია - შოტლანდია   23:20   2-2
   ინგლისი - ირლანდია   33:10   3-1
   უელსი - საფრანგეთი   29:12   2-0
       
  6 ერი 2008 ქ   სხვ   გატ:გაშ   მ-წ   ლ   რეიტინგი  
  უელსი   10   +82   148: 66   5-0   13- 2   +595   10>6
  ინგლისი   6   +25   108: 83   3-2     8- 5   -219   4>5
  საფრანგეთი   6   +10   103: 93   3-2   11- 7   -71   6>7
  ირლანდია   4   -6     93: 99   2-3     9-10   -132   7>8
  შოტლანდია   2   -54     69:123   1-4     3-13   -181   8>10
  იტალია   2   -57     74:131   1-4     6-13   +9   11=11
               

ლელო

6   შეინ ვილიამსი (უელ)
5   ვენსან კლერკი (სფრ)
3   ლი ბერნი (უელ) პოლ საქი (ინგ)
2   ტომი ბოუ (ირლ) მარტინ კასტროჯოვანი (იტა) ტობი ფლადი (ინგ)
დევიდ ვოლესი (ირლ) რობ ქარნი (ირლ)
         

ქულა

ლ   გ   ს  
ჯონი ვილკინსონი (ინგ)   50   0   4   12   2
რონან ოგარა (ირლ)   48   0   6   12   0
ჯეიმზ ჰუქი (უელ)   44   1   6   9   0
სთივენ ჯოუნზი (უელ)   44   0   7   10   0
კრის პატერსონი (შტლ)   42   0   3   12   0
შეინ ვილიამსი (უელ)   30   6   0   0   0
ვენსან კლერკი (სფრ)   25   5   0   0   0
ანდრეა მარკატო (იტა)   24   0   3   5   1
დავიდ ბორტოლუსი (იტა)   20   0   1   6   0
ჟან-ბაპტისტ ელისალდი (სფრ)   19   0   5   3   0
დენი სიპრიანი (ინგ)   18   0   3   4   0
დიმიტრი იაშვილი (სფრ)   16   0   2   4   0
ლი ბერნი (უელ)   15   3   0   0   0
პოლ საქი (ინგ)   15   3   0   0   0
დენ პარკსი (შტლ)   12   0   0   3   1

ბი-ბი-სის რჩეული (მიუთითებლად უელ)

(ბეკ) 15 ლი ბერნი, 14 ვენსან კლერკი სფრ, 13 ტომ შენკლინი, 12 გევინ ჰენსონი, 11 შეინ ვილიამსი; 10 ჯეიმზ ჰუქი [სთივენ ჯოუნზი] 9 მაიკ ბლერი (შტლ) /

(ფორ) 1 ენდრიუ შერიდანი (ინგ), 2 დიმიტრი შარჟევსკი (სფრ), 3 მარტინ კასტროჯოვანი (იტა); 4 იენ გოფი, 5 ალუნ-ვინ ჯოუნზი; 6 სერჯო პარისე (იტა), 7 მარტინ ვილიამსი, 8 რაიან ჯოუნზი

ცხრა წლის ჯამი

  2000-08   მ-წ*ფ   ქ   ჩ   ს-ვ
საფრანგეთი   33-12   66   4   2-0
ირლანდია   31-14   62   0   0-0
ინგლისი   30-15   60   3   1-0
უელსი   20-23*2   42   2   2-1
შოტლანდია   13-31*1   27   0   0-1
იტალია     6-38*1   13   0   0-3

ჩ ჩემპიონი; ს სლემი (10ქ); ვ ვაითვოში (0ქ)

:::

Free Web Hosting