რეპორტაჟი ჩაიშალა

რეპორტაჟი ჩაიშალა

"ერთა თასზე" შაბათს თვის უმთავრესი მატჩია: ჩვენი მთავარი მეტოქე, რუსეთი აქვე, მეზობლად, კრასნოდარში ღებულობს ჩემპიონობის შანს-დაკარგულ რუმინეთს, მაგრამ ვაგლახ, რომ რაღაც მანქანებით ტელე-რეპორტაჟი ჩაიშალა. ასე რომ, "ბორჯღალოსანთა" უფროსობას კონკურენტის დაზვერვის ბოლო შანსი ხელიდან გამოეცალა.

"ერთა თასზე" დრონი ისე იცვალნენ, რომ დასავლეთელ ლათინთა გულის გასახეთქად, ტურნირის დაარსებიდან მეცხრე წლის თავზე ჩემპიონს უმათოდ გამოავლენს საბჭოთა სკოლის ორი ჩამომავალი.

გადამწყვეტი მატჩი კოსმონავტიკის დღეს, 12 აპრილს, ციმბირის გულ კრასნოიარსკშია, მანამდე კი "დათვები" (მეძვეძი) კარპატელ "მუხებს" (სტეჟარი) მოთბო, მაგრამ ქარიან სამხრეთში მასპინძლობენ და თუ ფეხი წაუცდათ, მაშინ ჩვენთან რიგითი მოგებაც ვეღარაფერს არგებთ, რადგან შარშან, თბილისში, 19 ქულით (12:31) წააგეს.

რუსეთმა მარტში კრასნოდარშივე უკვე უმასპინძლა იბერიელებს - პორტუგალიას 41:26 მოუგო, ესპანეთს 42:16 და ბალანსით გაგვიტოლდა. ჩაუქ "მგლებთან" (ლობუში) ბურთაობამ სლავთა დაცვით სისტემაში ხარვეზი ბლომად გამოაჩინა, მზარდ "ლომებთან" (ლეონესი) კი ფრანგი კლოდ სორელის შეგირდებმა პირველი ტაიმი სულაც წააგეს და მესიემ 10 ნომერი ციმციმ შეცვალა.

"სამსუნგი" მეოხად?

ესპანეთთან თამაში საბჭოთა ხანის ზეიმს, 8 მარტს რომ დაემთხვა, ტელევიზიით არ გადაიცა, რუმინეთის დასახვედრად კი, ეტყობა, კულუარული მუშაობა გაჩაღდა.

რომ გამოქვეყნდა რუსული "ერტეერისა" და "პლანეტის" კვირეული პროგრამები, მათში კრასნოდარული "რეგბი" ისევ არ ეწერა. სამაგიეროდ, რუსული "ევროსპორტის" განრიგში, მეორე არხზე, ჩვენებურად 20 საათზე, ჩაესვათ "სამსუნგის ერთა თასის" ლაივი!

ამან, ბუნებრივია, გაუგებრობა გამოიწვია. "ერთა თასს" დაფუძნებიდან (2000 წელი) სპონსორი სანატრელი ჰყავს და თუ "სამსუნგი" მართლაც დაუდგა მეოხად, მაგას რა სჯობს, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ შეჯიბრის ორგანიზატორს, ევროპულ ფირა აერ-ს აქამდე არსად გაემხილა ესოდენ მნიშვნელოვანი სიახლე.

ქარაგმულად დაადასტურეს

უცნაური იყო თამაშის დაწყების დროც, რადგან კრასნოდარის იმ სტადიონს, სადაც რაგბი იმართება, პროჟექტორები არ ანათებს. მეორე მხრივ, ტელე-გარიგებებში ჩახედულ ხალხს შეეძლო ეფიქრა, რუსეთის რაგბის კავშირმა მშობლიურ ტელევიზიას უგანა და "სამსუნგის" მეოხებით "ევროსპორტთან" დაიჭირა საქმე, ეს არხი კი მთელ რეგიონს ცოცხლად მიასაღებს ჩაწერილ თამაშსო.

ეჭვს აძლიერებდა ისიც, რომ რუსებმა რუმინეთი ამარჩიელეს და თამაშის დაწყების დროდ ჩვენებურად ხან 15 და ხანაც 17 საათი აცნობეს. კარპატელთა მტკიცებით, შეიცვალა სტადიონიც, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში 20 საათზე დაგეგმილი ცრუ-ლაივი კი რუმინულ "ევროსპორტზე" საერთოდ არ უნდა გასულიყო.

საიდუმლოს ნათელი ოთხშაბათს მოეფინა. ჯერ რუმინელებმა თავად გაარკვიეს, რომ "ევროსპორტზე" ყველგან ჩაიშალა რეპორტაჟი, რადგან რაგბის კავშირის მითითებით, არცერთი რუსული არხი სიგნალს აღარ მიაწვდიდა სრულიად ევროპულ სპორტულ ტელევიზიას, მერე კი ფირა აერ-მაც ქარაგმულად დაადასტურა იგივე და ეგეც დააყოლა, ამ გათამაშების ბოლომდე ორი (!) მატჩის გადაცემას მაინც მოვაწყობთო.

სხვაფრივ, პარიზის კანტორას არ გაუმხელია, თუ რომელი თამაშები უზის უზურში, და ტურნირთან "სამსუნგის" წილნაყარობაც გამოცანადვე დაგვიტოვა.

ერთა თასი 2007/08

საქართველო   6-1   230:  79
რუსეთი   6-1   239:118
რუმინეთი   5-3   193:125
ესპანეთი   3-5   192:201
პორტუგალია   3-6   157:175
ჩეხეთი   0-7     46:359

რუსეთი - რუმინეთი

შაბ 15/03 კრასნოდარი 15.00 საქ * რეფ სთენლი (ირლ)

წლეულსვე: საქართველო -

ჩეხეთი   29/03   პრაღა
რუსეთი   12/04   კრასნოიარსკი
ესპანეთი   26/04   თბილისი

სხვათა მატჩები:

22/03    რუმინეთი - ჩეხეთი
19/04    ჩეხეთი - რუსეთი
10/05    ესპანეთი - პორტუგალია

:::

Free Web Hosting