აზიაში იჭრებიან

აზიურ ბაზარზე იჭრებიან

ავსტრალიურ რაგბში საგულისხმო ბოლო ხანს საკმაოდ მოხდა: კავშირთან კონტრაქტები გააგრძელეს სთერლინგ მორტლოქმა და ნეითან შარფმა; ვოლაბიზის სამ-ტესტა ჩრდილოურ ტურნეს სამი მატჩიც დაემატა, ოზური რაგბის მახვში, ჯონ ონილი კი სამომავლოდ იაპონიაში აპირებს ზე XX-ის გუნდის დაფუძნებას.

ბანკირი ონილი რაგბში შარშან, ფეხბურთიდან დაბრუნდა და რვა სეზონის მანძილზე ნაშენები კავშირი გავერანებული დახვდა. ამას დაერთო მსოფლიო თასი, რამაც ირბ-ის 3-მილიონ-გირვანქიანი მიზნობრივი გრანტების მიუხედავად, უკლებლივ ყველა ბობოლა ქვეყანა აზარალა. ჰოდა, აპრილში რომ გამოქვეყნდება წლიური ანგარიში, ავსტრალიას დეფიციტი ბარემ 8 მილიონი დოლარი გამოუვა.

ონილი ფეხბურთში გადასვლამდეც ბრწყინვალე მენეჯერი იყო, ფიფა-ს წიაღში კი უფრო დახელოვნდა და თვალ-საწიერიც გაიფართოვა. კაცმა რაგბის მოძმე სპორტში იმას მიაღწია, რომ ავსტრალია ზღვისრეთიდან აზიაში გადააყვანინა.

ამით, ექსპერტთა აზრით, "სოკერუები" სამხრეთ ამერიკაში ხელმოცარულს აცდებიან და ახალი სამეზობლოდან ფინალში გასვლის შანსიც უკეთესი ექნებათ, მაგრამ თუ ჯონს დაეჯერება, რეგიონის შეცვლის ამოსავალი სპორტულზე მეტად ეკონომიკური იყო.

საზიარო ზე-კლუბი

აზია მსოფლიოს ყველაზე კაც-მრავალი ნაწილია და ეკონომიკური ზრდის ტემპითაც პირველია. ონილის თქმით, ეს რეგიონი რაგბის მიერ ჯერაც აუთვისებელია. ჰოდა, საერთაშორისო საბჭოს (ირბ) თანხმობით, ავსტრალია და ახალი ზელანდია ამიერიდან აზიური რაგბის განვითარებაზეც იზრუნებენ, რისი პირველი ნიშანიც ისაა, რომ "ბლედისლოუს თასს" მეოთხე რკენა დაემატა და ძველი მეტოქეები წლეულსვე, 1 ნოემბერს, ჰონკონგში გამოავლენენ სერიის გამარჯვებულს.

ონილის თქმით, ოზ-კივები რეგიონს "გვირგვინის სპეკალს" უშურველად როდი უზიარებენ. აზიაზე ჯვარდაწერილ ბიზნესმენს შეუნიშნავს, რომ ინგლისი და საფრანგეთი მოედნის გარეთაც ახორციელებენ ექსპანსიას, სამხრეთულმა ზე-რაგბმა კი პროფესიონალიზმის საწყის 12 წელში რეზერვი ამოწურა და ახალ ბაზარზე უნდა შეიჭრას.

ტოკიოში ზე XX-ის საზიარო, იაპონურ-ავსტრალიური გუნდის შექმნის პროექტი ამ მიზანს ემსახურება. ოღრაში ონილი ახლავე აცხადებს, 2009 წელს "მეოთხე ბლედისლოუს" ტოკიოში დავნიშნავო, და 2015 წლის მსოფლიო თასის იაპონიაშივე გამართვასაც ემხრობა, რის გამოც ჰონკონგის შოუს ამბავი სრულიად რაგბეთს რომ ახარა, გეზი ტოკიოზე დაიჭირა და პერსპექტივას პირი ადგილზე უკითხა.

ბარბერია საითააო

ონილს მიაჩნია, რომ ვოლაბები გასამრჯელოს იმაზე მეტს იღებენ, ვიდრე პროდუქტს ქმნიან. ირბ-ის განრიგით, ავსტრალიას სეზონის ბოლოს მხოლოდ იტალია, საფრანგეთი და ინგლისი უნდა მოევლო, ახლა კი სიას თავში დაემატა ზელანდიასთან ჰონკონგში რკენა, კუდში კი უელსთან, მილენიუმზე ჯახი და სულ ბოლოს, ლონდონში ბარბაროსებთან ბურთაობა.

შოუ თვიქნემის ნაცვლად უემბლიზე გაიმართება, რაც მორიგი ფანდია. თამაში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის შეფთა მოთხოვნით ეწყობა და ავსტრალიის მიერ 1908 წელს, ლონდონისვე ოლიმპიადაზე პირველობის საუკუნოვან იუბილეს ეძღვნება.

სხვაფრივ, პროფ-რაგბმა იმდენად დასცა ათლეტთა განათლების დონე, რომ მავან ვოლაბ ფორვარდს ბოლო მეტოქედ "ბარბერიანსის" გაგონებაზე უკითხავს, ზედმეტი თამაში კარგია, მაგრამ გამაგებინეთ, ეგ "ბარბერია" საითააო (უვიცს ქვეყანა ჰგონებია!)

ბრამბიზში თულუხჩობს

ცენტრი მორტლოქი და მეორე ხაზელი შარფი 30 წლისანი არიან და თითოს 63 კეპი მოუგროვებია. სთერლინგს სწორედ რომ იაპონიის ანონიმი კლუბი სთავაზობდა სამ-წლიან კონტრაქტს და სეზონში 1.25 მილიონს მიუთვლიდა, მაგრამ ნაკრებისა და "ბრამბიზის" კაპიტანმა შინ ორი წლით დარჩენა ამჯობინა, რითაც მინიმუმ მილიონი მოიკლო.

მორტლოქი ვოლაბიზში 2000 წლიდანაა და იმდენჯერ დაშავებულა, რომ შემდეგ, 2011 წლის მსოფლიო თასამდე მიღწევის იმედი აღარა აქვს, "ფორსის" ყოჩმა შარფმა კი მორიგი სამი წლით იმად უერთგულა სამშობლოს, რომ მიზანთა-მიზანს, "ვებ ელის ტროფის" მოპოვებას ზელანდიაში ეწიოს.

მორტლოქს ის ახარებს, რომ ზელანდიელი რობი დინსის დანიშვნით ვოლაბიზში ახალი ერა იწყება და ჯეელთა დაოსტატებაში თავადაც სურს წვლილის შეტანა. სთერლინგი ამჟამად მსოფლიო თასზე ნატკენ და მეორედ ნაოპერაციევ ბეჭს იშუშებს, რის გამოც ბრამბიზში თულუხჩობა შეუთავსებია, ხოლო რაჟამს მწყობრში ჩადგება, პირდაპირ მეასე (!) ზე-კეპს მიითვლის.

:::

Free Web Hosting