მეოთხე, აზიური ბლედისლოუ

მეოთხე, აზიური ბლედისლოუ

უქმეებზე ჰონკონგში შეკრებილმა რაგბის საერთაშორისო საბჭოს (ირბ) აქტივმა ხელაღებით დაიწუნა ჩრდილოეთის ექვსი და სამხრეთის სამი ერის ჩემპიონთა წლიური ჯახის გამართვის იდეა, მაგრამ დაადგინა, რომ "ნახევარ-სფეროთა-შორისო სერიის" დაფუძნებაზე გააგრძელოს ფიქრი. იქვე ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ წლევანდელი "ბლედისლოუს თასის" მეოთხე რკენა დანიშნეს და ბარაქას ელიან.

ჰონკონგის თათბირი შარშან ნოემბერში, ვოქინგში (ინგლისი) გამართულის გაგრძელება იყო, მაგრამ დასი ბევრად უფრო მცირე რიცხოვანი ჰყავდა - შეიკრიბნენ მხოლოდ ირბ-ის მთლად შეფობა და ათი ბობოლა ქვეყნის (ექვსს პლუს სამი ერი და არგენტინა) მთავარი მოხელეები. თავ-ყრილობას პროექტთა ავ-კარგზე უნდა ემსჯელა და თუ რამეზე ახლავე შეთანხმდებოდა, საკითხს ირბ-ის აღმასკომს დასამტკიცებლად გადასცემდა.

თათბირამდე მედიაში ბევრჯერ ითქვა და დაიწერა, აქამდე ოდენ შვიდკაცით განთქმულ ჰონკონგს ნახევარსფეროთა ჩემპიონების წლიური რკენის მასპინძლობა სურსო, მაგრამ როგორც გაირკვა, შეკრებილებს ამ პროექტზე საერთოდ არ უმსჯელიათ, რადგან ისედაც გადატვირთულ სანაკრებო კალენდარში თავისუფალ შაბათს ვერ გამონახავდნენ.

სანაცვლოდ, მახვშებმა იმისკენ მიმართეს ძალისხმევა, რომ ივნისისა და ნოემბრის ტესტებს მუღამი დაუბრუნონ, ამისთვის კი ერთადერთი გამოსავალი ამ თამაშთა სერიის ფარგალში მოქცევაა.

ლაგამი უნდა ამოედოთ

რაგბის გაპროფესიულების შემდეგ ტრადიციულ ტესტებს აზრი რამდენიმე მიზეზით მოაკლდა. ერთი რომ, ევროპელები "ექვსი ერის" გარდა, ყველა სხვა თამაშს ისე უყურებენ, როგორც ფეხბურთის ამხანაგურებს, ანუ ჯეელთა გამოსაცდელად და ოთხწლედის მთავარი ტურნირის, მსოფლიო თასისთვის ნაკრების მოსამზადებლად.

და მეორეც, საფრანგეთსა და ინგლისში, დანარჩენი რაგბეთისგან განსხვავებით, მოთამაშეები კავშირთა ნაცვლად რომ ეკუთვნიან კლუბებს, ესენი თავნებობენ, რისი გადამკიდეც ევროპა სამხრეთში გამოხშირულ გუნდებს აგზავნის.

კლუბებს რომ ლაგამი უნდა ამოედოთ, მაგას ბევრი ფიცი-მტკიცი არ ჭირდება. აქამდეც მოქმედი ირბ-ის მეცხრე კანონით, ნაკრებში სათამაშოდ კლუბმა უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს მორაგბე, მაგრამ ეს პრინციპი ხშირად ირღვევა ერთი რომ, დუბლინის კანტორის უნიათობის გამო, და მეორეც იმად, რომ თავნება კლუბს ფრიად ლმობიერი სასჯელი ეკისრება და ამდენად, ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად.

გამზრდელს კომპენსაცია!

ჰონკონგში სამხრეთ აფრიკას უნდა წარედგინა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ევროპაში გადასულ "ბოკეებს" და იქვე კარგა ხნის წინ გადაფუძნებულ არგენტინელ "პუმებს" შეუზღუდავად შეეძლებათ ნაკრებში დაძახებაზე შინ ჩასვლა. აფრიკელთა წინადადებით, კლუბთა და კავშირის ურთიერთობა თანასწორობას უნდა ემყარებოდეს, რის საფუძვლადაც რიცხვითი შეზღუდვები იქცევა:

ევროპაში სეზონი 31 მაისს დასრულდება; ნაკრებში მაქსიმუმ 30 მოთამაშე იქნება; მორაგბე თამაშამდე ხუთი დღით ადრე გამოცხადდება ნაკრებში და ნამატჩევს ორი დღითაც დარჩება; ქვეყანამ კი წელიწადში 11 ტესტზე მეტი არ უნდა გამართოს.

აფრიკულ პროექტში ეგეც წერია, სხვის ნაკრებში აყვანილ მოთამაშეში მის გამზრდელ ქვეყანას კომპენსაცია ერგება, რადგან ერთი რომ, ამოტოლა შრომა წყალში ჩაეყარა და მეორეც, იმ სხვა ქვეყანამ იაფი მუშახელით იხეირაო. მეტიც, ავსტრალია სატრანსფერო სარგოს აღდგენას ითხოვს, რათა ევროპაში ლიანგურად გადასულ სამხრეთელებს საკადრისი ფასი დაედოთ.

ქულები დაერიცხებათ

დავუბრუნდეთ "ნახევარ-სფეროთა-შორისო სერიას". მის გამო მარტო ეგაა ცნობილი, რომ შეჯიბრი გაიმართება მხოლოდ ლუწ წლებში, რადგან კენტებში მონაცვლეობითაა მსოფლიო თასი და ბრიტანეთის "ლომების" სამხრეთული ტურნე.

ირბ-ის რელიზში ეგეც წერია, ყველაფრის კარგად აწონ-დაწონვას დრო რომ ჭირდება, სერია 2010 წლამდე ვერასგზით ვერ დაწესდებაო, ფორმატის გამო კი მედიას ეგღა შეუტყვია, რომ გუნდს რვა ტესტში დაერიცხება ქულები და ბოლოს ორი უკეთესი ფინალს გამართავს.

ზელანდიურ წყაროთა თანახმად, მსოფლიოს მესამე გუნდი, არგენტინა მარაქაში 2012 წლიდან თუ გაერევა, რადგან ირბ-ის მითითებით, ჯერ შინ პროფესიული სტრუქტურა უნდა მოიწყოს. სამაგიეროდ, თუ ოზური რაგბის თავკაცის, ჯონ ონილის იდეას ხორცი შეესხა, "პუმები" 2009 წელსვე ირაგბებენ "წყნარი ოკეანის კიდელთა" პირველობაზე, რომელსაც ავსტრალია უმასპინძლებს.

მანდელას დღეობაზე

რაც ფეხბურთიდან რაგბში მობრუნდა, ონილი რეგიონულ შეჯიბრთა მომრავლებას ქადაგებს. 2009 წელს "ლომები" აფრიკაში მიდიან, ზელანდიას კი საფრანგეთი და იტალია ეწვევიან. რაკი ბრიტანული ქვეყნები "ლომთა" გადამკიდე ტურნეებზე პირველ ნაკრებებს ვეღარ მიავლენენ, ავსტრალია (ირბ-ის ფულით!) სამი კვირით თავისთან ეპატიჟება არგენტინას, შტატებს, კანადას, იაპონიას, ფიჯს, ტონგასა და სამოას.

შედგება ორი 4-გუნდა პული, ჩემპიონს კი ფინალი გამოავლენს. ამით ვოლაბიზი გახურდება "სამი ერისთვის", რომელშიც არგენტინას 2012 წლამდე არასგზით არ მიიღებენ. ოზები და კივები პუმებთან შებმას წლეულს არც გეგმავენ. სამაგიეროდ, გამოჩნდა აფრიკა და არგენტინას 2 ან 9 აგვისტოს ეპატიჟება იოჰანესბერგში, რათა რაგბის ტრფიალს, ნელსონ მანდელას დღეობა მიულოცოს - მადიბა 18 ივლისს 90 წლისა მოიყრება!

მსოფლიო თასის შემდეგ პუმეთში ქაოსმა დაისადგურა. ირბ შემოწყრა კავშირის პრეზიდენტს, ალეხანდრო რისლერს, ვისაც გრანტის - 2.25 მილიონი გირვანქის გამოყენება საკუთარი შეხედულებისამებრ სურდა და 2015 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობაზეც აპირებდა განაცხადის შეტანას, მაგრამ საგანგებო ყრილობამ ახალ თავკაცად პორფირიო კარერასი აირჩია და კავშირმაც პრიორიტეტად ზემოთ ხსენებული სტრუქტურის შექმნა დაისახა.

ამოცანა გაირთულეს

ჰონკონგს ერთი შოუ კი გამოეცალა ხელიდან, მაგრამ სანაცვლოდ არანაკლებ მიმზიდველი ერგო: პირველად ტესტ-რაგბის ისტორიაში (მსოფლიო თასის გამოკლებით) ძველი მეტოქეები, ახალი ზელანდია და ავსტრალია ერთმანეთს შეერკინებიან ნეიტრალურ მოედანზე და მერე სად? აზიაში, სადაც ორივე გრანდს ბლომადა ჰყავს ქომაგი და ამდენად, 40-ათასიანი სტადიონი პირამდე შეივსება.

თამაში ნაღდი იქნება და არა საჩვენებელი. ავსტრალიამ ამოცანა გაირთულა. "სამ ერს" მესამე წრე რომ დაემატა, 2006 წელს ზელანდიამ სამიდან ორ ტესტს უმასპინძლა, შარშანდელი მსოფლიო თასის გამო კი ავსტრალიას ორჯერ შინ თამაშის რიგმა ახლაღა უწია. ჰოდა, სერიაში მეოთხე რკენაც რომ დაინიშნა, თუ იშვიათობას, ფრეს გამოვრიცხავთ, ვოლაბიზმა "ოლ ბლექსს" მინიმუმ 3-1 უნდა მოუგოს, თორემ ორით ორზე თასი კივებს დარჩებათ.

ამაზე ონილი ამბობს, ჩვენს ახალ მწურთნელს, ზელანდიელ რობი დინსს მწვერვალთა დაპყრობა უყვარსო. ოლ ბლექსს ბლედისდოუ უკვე ხუთი წელია (2003-2007) უპყრია, მანამდე კი თასი ავსტრალიის საკუთრებაც ხუთი სეზონი (1998-2002) იყო. შოუს სარფს სამივე მხარე გაინაწილებეს და თითოს სავარაუდოდ 7 მილიონი მიუვა, მეზობლები კი ახალი ბაზრის ათვისებას გააგრძელებენ და "მეოთხე ბლედისლოუს" ასპარეზებად ტოკიო და დუბაი ესახებათ.

2008 წლის "ბლედისლოუს თასი"

საქართველოს დროით

26/07   სიდნეი   ავს   14.05
  2/08   ოკლენდი   ზელ   11.35
13/09   ბრისბენი   ავს   14.05
  1/11   ჰონკონგი      12.30

სულ (1931 წლიდან)
ზელანდია 74 მოგება / 36 თასი -
ავსტრალია 31 მოგება / 12 თასი
* 4 ფრე

5-ქულიანი ლელოს ეპოქაში (1992-2007)
ზელანდია 21 მოგება / 9 თასი -
ავსტრალია 13 მოგება / 7 თასი

:::

Free Web Hosting