მეოთხე ფიალაში

ერთა თასიდან მეოთხე ფიალაში

შპს "რაგბის მსოფლიო თასმა" გამოაცხადა, რომ 2011 წელს, ახალ ზელანდიაში, ფინალსა და ორსავე ნახევარფინალს ოკლენდის "იდენ პარკზე" გამართავს; რომ ფინალურ სტადიაზე ამთავითვე დაშვებულ 12 გუნდს პულებად წლეულსვე, დეკემბერში, რეიტინგზე დაფუძნებული წილისყრით გაანაწილებს და რომ ევროპის (ანუ ერთა თასის) ორივე რჩეული ამ პროცედურის დროს მეოთხე ფიალაში იქნება.

რაგბის მახვშთა დელეგაცია ზელანდიაში წინა, პორტუგალია - საქართველოს მატჩის კვირაში ბრძანდებოდა. სტუმრები, ირბ-ის ახალი, ფრანგი თავკაცი ბერნარ ლაპასე და ინგლისელი მოხელე მაიკ მილერი კივეთის პრემიერ-მინისტრს, ბებია ჰელენ კლარკს შეხვდნენ და მსოფლიო თასისთვის ქვეყნის მზადება "ფრიადზე უფრო ფრიადზე" (ეი ფლას) შეუფასეს.

ირბ-მა ვიზიტს შარშან, საფრანგეთში გამართული თასის რიცხვითი მაჩვენებლების გამოქვეყნება დაამთხვია. გაცხადდა, რომ რაგბის უმთავრესი ტურნირი განუხრელად იზრდება და რომ ბითუმად გაუმჯობესდა რეკორდები: 48 მატჩზე 2.24 მილიონი ბილეთი გაიყიდა, თამაშს საშუალოდ 47 ათასი კაცი დაესწრო, 119 ტელე-არხმა კი 202 ქვეყანაში 4.2 მილიარდს აცქერინა ოვალურ-ბურთა სეირი.

მსოფლიო თასის ზრდა

[წელი, ათასი ბილეთი, მილიონი ტელე-მაყურებელი]

1987   600   230
1991   1 000   1 400
1995   1 100   2 300
1999   1 700   3 100
2003   1 900   3 400
2007   2 240   4 200

ლოჯისტიკა ამოსავალია

თასის სამი გადამწყვეტი მატჩის ერთ ასპარეზზე გამართვა არ ახალია. 2003 წელს ასე მოხდა სიდნეიში (ავსტრალია), შარშან კი სან დენში, მაგრამ კივებს მაინც მთელი რაგბეთისთვის მოუხდათ იმის ახსნა და განმართება, თუ რად აირჩიეს "იდენ პარკი", რომლის კეთილ-მოწყობილ, 62-ათასა სტადიონად ქცევაც 190 მილიონი (ზელანდიური) დოლარი უჯდებათ.

მასპინძელი ორგ-კომიტეტის შეფის, მარტინ სნედენის თქმით, ამოსავალი ლოჯისტიკაა. ერთი რომ, ოკლენდის სტადიონი ბარემ 20 ათასით მეტ ფანს დაიტევს, ვიდრე ქრაისთჩერჩის (45 ათასი 60 მილიონად) და ველინგტონის (42 ათასი) ასპარეზები, და მეორეც, რომელიმე ან ორივე ნახევარფინალი ამ მომცრო უტევნებზე რომ გაიმართოს, კივეთის ტრანსპორტი ერთ დღეში 30 ათასი ქომაგის გადაყვანას ვერ აუვა.

გარდაუვალი ზარალი

ეგაა სამწუხარო რეალობა, რაიც სიდ მილარის ირბ-მა 2005 წლის ნოემბერში არად ჩააგდო და იაპონიისა და სამხრეთი აფრიკის ნაცვლად, ციცქნა კივეთს ოდენ იმიტომ უბოძა მსოფლიო თასი, რომ 2003 წლის სკანდალის გამო თავს დავალებულად თვლიდა და "ქვეყანაშიც რაგბი ძაან უყვართ". ჰოდა, დუბლინის კანტორა მას აქეთ ხან რას იგონებს და ხანაც რას, რათა ზელანდიას ტვირთი შეუმსუბუქოს.

დააპირა ირბ-მა ფინალისტთა რიცხვის ოციდან 16-მდე შეკვეცა და ტურნირის ათი დღით დამოკლებაც, მაგრამ არაფერი გაუმოვიდა. ბაზათა სატენდერო ტევადობის შემცირებაზეც ხუჭავენ თვალს მამები, კივები კი ორ ცეცხლს შუა იწვიან: კონტრაქტის თანახმად, მასპინძელს მარტო ბილეთების გაყიდვით შესული ფული რჩება და რაღაი ხარჯად 310 მილიონი იგეგმება, რაგბის კავშირი ავანტიურას 30-მილიონიანი (12.1 მილიონი გირვანქა) ზარალით დაასრულებს.

შპს მილარს აბარია

ოკლენდისა და ქრაისთჩერჩის სტადიონთა განახლება გრაფიკს უსწრებს. კივები მეოთხედფინალებისა და მესამე ადგილის მატჩის ასპარეზთა დამტკიცებას წლეულსვე, მესამე კვარტალში გვპირდებიან, პულური სტადიის ჩამოქნას კი 2009 წლის პირველ მეოთხედში. მათივე პროგნოზით, ფინალის ბილეთი ზელანდიის კვალობაზე უმაგალითოდ ძვირი, 200 დოლარი ეღირება, მაგრამ კავშირი იხტიბარს არ იტეხს, ესაო და საფრანგეთში ლამის 8-ჯერ მეტი ჯდებოდა სეირთა სეირის ხილვაო.

ტურნირი 2011 წლის სექტემბერში იწყება, შპს "მსოფლიო თასი" კი, ვისაც ირბ-ის შეფობიდან გადადგომის მიუხედავად, მაინც ბებერი მილარი თავკაცობს, უწინდებურად ჩქარობს და წილისყრას წლეულსვე, სტარტამდე ორი წლითა და ცხრა თვით (!) ადრე მართავს. ერთი კია, ცუნდრუკი დოქტორი თვალში ნაცარსაც გვაყრის და ფრიად სიახლედა და დიდ მიღწევად წარმოგვიდგენს ლოგიკურ ნაბიჯს, რომ მონაწილეთა ფიალებად (კალათები) გაბნევა რეიტინგით მოხდეს.

რეიტინგი სანდოაო

მილარის თქმით, ოფიციალურად 2003 წლის სექტემბერშიღა შემოღებულ რეიტინგს უკვე ფასი დაედო და ამდენად, გუნდების სიძლიერის განსასაზღვრავად სანდო გამხდარა. კეთილი და პატიოსანი! მაგრამ საქმეც ეგაა, 2008 წლის დეკემბრის შემდეგ, როცა ბობოლებს რეიტინგის გათვალისწინებით უყრიან წილს და პულებად გაანაწილებენ, მსოფლიო თასამდე იმდენი რამ შეიცვლება, რომ გამორიცხული არაა, სამი ძლიერი ისევ ერთად მოხვდეს.

დოქტორი მილარი თავს აქაც ლოჯისტიკით, უფრო კი საზოგადოდ რაგბისა და კერძოდ კივეთის სპეციფიკით იმართებს. მისი თქმით, წილისყრის ერთი წლით (რატომ ორით არა?) გვიან ჩატარება უპრიანი იქნებოდა, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ ზელანდიას საკმაო დრო ჭირდება, რათა თამაშები სტადიონებს დაუნაწილოს; გადაწყვიტოს თუ ვინ სად დაბანაკდება; ტელევიზიას შეუთანხმოს განრიგი და ბილეთები გაყიდოს.

სვლაგეზის მოსატვინად

ზელანდია ამოტოლა შეღავათის გამო მახვშებს ძაან ემადლიერება. მასპინძელმა ქვეყანამ 20 მონაწილიდან თორმეტის ვინაობა უკვე იცის, წლის ბოლოს კი ეგეც გადაწყვეტილი იქნება, თუ 40 პულური თამაშიდან 12 ყველაზე მუღამიანში ვინ ვის ერაგბება (პული ოთხია, თითოში კი სამი ბობოლა ერთმანეთში სამ მატჩს მართავს). ჰოდა, ფანობას განკარგულებაში ბარემ ორ-წელიწად-ნახევარი ექნება, რათა შორეთში გალაშქრების სვლაგეზი მოტვინოს.

2011 წლის პულები მეტ-ნაკლებად ტოლ-ძალოვანი რომ გამოვიდეს, 2008 წლის 1 დეკემბრის (ანუ ნოემბრის ტესტების შემდგომი) რეიტინგით, 12 ცნობილი ფინალისტი სამ ფიალად დაიყოფა და წილი ისე ეყრება, რომ ერთგან მყოფები სხვადასხვა პულებში მოხვდნენ. ამით სამართალი პურს ნაღდადა ჭამს, მაგრამ ვიმეორებთ, ჯობს, ეგ პროცედურა 2010 წელს გაიმართოს და არა ახლა, ორი წლით (!) ადრე.

ფიფა როგორღა ასწრებს

ბობოლათა რეიტინგები 1 დეკემბრამდე ბარემ 8-ჯერ კიდევ შეიცვლება (გრანდებს წლეულს 8 სატესტო ვიქენდი რჩებათ), მაგრამ წილისყრა დღეს რომ იმართებოდეს, ფიალები ასე შედგებოდა:

პირველი: სამხრეთი აფრიკა (1), ახალი ზელანდია (2), არგენტინა (3), ინგლისი (4)

მეორე: ავსტრალია (5), საფრანგეთი (6), ირლანდია (7), უელსი (8)

მესამე: ფიჯი (9), შოტლანდია (10), იტალია (11), ტონგა (13);

ანუ გამორიცხული არაა, რომ წილისყრამ ავსტრალია აფრიკას ან ზელანდიას შეუამხანაგოს, ხოლო საფრანგეთი ინგლისს! მერე კიდევ, საკითხავი ეგაა, ფეხბურთის ფიფა შვიდ თვეში როგორ ახერხებს იმის მოსწრებას, რისთვისაც ირბ 33 თვეს (ორი წელი და ცხრა თვე) ითხოვს. სხვაფრივ, რაგბის მამებს მისალოცად აქვთ საქმე, რაღაი 2007 წლის მსოფლიო თასის წილისყრა სამი წლითა და ოთხი თვით (40 თვე) ადრე გამართეს, ახლა კი 7 თვით დაგვიანება აღარ უჩანთ პრობლემად.

ალაფა გაუქმდა    >> შესარჩევები

ბობოლები იქეთ იყვნენ და ქართველობას უფრო ბორჯღალოსანთა დარდი გვაქვს. ერთი თვის წინ სარწმუნო, წერილობით წყაროებზე დაყრდნობით წვრილად გავარჩიეთ, თუ ევროპული ფირა აერ-ის ივნისის, კორფუს (საბერძნეთი) ყრილობა შესარჩევთა როგორ სტრუქტურას მიიღებს. იმ სქემით 2009-10 წლების "ერთა თასის" ორი მოწინავე პირდაპირ იღებდა ზელანდიის საგზურს, მესამე კი პლეი-ოფში ეთამაშებოდა ქვემო დონეებიდან ამოსულს და მერე ხვდებოდა "მსოფლიო ალაფაზე".

წილისყრის ირბ-ულმა პრეს-რელიზმა ფორმულას ნათელი მეტად მოჰფინა. ორი მოწინავე რომ თასზე პირდაპირ გავა, მაგას ის ადასტურებს, რომ ორივე ევროპელი მეოთხე ფიალაში წერია, მესამეს კი თურმე მხოლოდ ამერიკის მესამე გუნდთან მოუწევს გაჯიბრება ბოლო, მე-20 საგზურისთვის, რაღაი მილარის მოგონილი ალაფა გაუქმდა. ჰოდა, თუ ევროპასა და სხვა რეგიონებშიც 2010 წლის აპრილამდე ვითარება არ შეიცვალა, ბოლო ორი ფიალა ასე შედგება:

მეოთხე: ზღვისრეთი # სამოა (12), ევროპა 1 # საქართველო (14), ევროპა 2 # რუსეთი (17), ამერიკა 1 # კანადა (15)

მეხუთე: აფრიკა # ნამიბია (25), აზია # იაპონია (18), ამერიკა 2 # შტატები (19); ევროპა 3 # რუმინეთი (16) - ამერიკა 3 # ურუგვაი (20)

:::

Free Web Hosting