თებერვალში მესამეც

თებერვალში მესამეც

ჩვენმა ახალმა გუნდმა შინ ორი გამარჯვების შემდეგ სტუმრადაც ივარგა: ლისაბონურ წვიმასა და ლაფში ერთბაშად ძლია პორტუგალიის "ლობუში" და სქოთი რეფი, ვინც ცდა არ დააკლო, რათა "ერთა თასის" თამაში მასპინძლებისთვის სახეიროდ დასრულებულიყო.

პორტუგალია საქართველოდან შორია, მაგრამ ტელე სიგნალისთვის მანძილი პრობლემა არაა. არსებობს სრულიად ახალი, ინტერნეთზე დაფუძნებული, უიაფესი ტექნოლოგიებიც. ჰოდა, საქმე საქმეზე რომ მიდგა და არცერთმა აქაურმა ტელევიზიამ არ იყიდა, მათი აზრით, არა-პრიორიტეტული პროდუქტი - გასვლითი მატჩის რეპორტაჟი, გამოსავალი ისევ რაგბის თემმა მონახა:

კავშირის ვებ-მასტერი, ნაცადი ხერხით, ყოველ ხუთ წუთში მობილურზე ურეკავდა სტადიონზე მყოფ ნაკრების მენეჯერს, ვასილ აბაშიძეს, მისგან ლაკონურად თქმულ სიახლეს იგებდა, აუდიტორიიდან მიღებულ საჭირბოროტო კითხვებს უსვამდა და ყველაფერს პოსტავდა თბილისის ფორუმის რაგბის თემაში, რომელსაც არა-სრული ორი საათი 70-მდე მკითხველი უთვალთვალებდა.

ფორუმში ჩაბმულ აუდიტორიას მობილურითვე გამუდმებით აწიოკებდნენ სხვები და ცხელ-ცხელი ამბები ასე ვრცელდებოდა, ნამატჩევს კი მატჩის მონაწილეს, კომპუტერის ჩინებულად მცოდნე რატი ურუშაძეს ესკაიპა ფორმალურად "ოდენ რიგითი ფანი" დავით სელეპანიშვილი და შედეგად ისე ინფო-ტევადი ანგარიში გამოაქვეყნა, რომ აქაური მედიის ცნობის წადილი სრულად დაკმაყოფილდა.

ლისაბონური შავით

თამაშის დროს წვიმდა და ქარი ქროდა. მოედანიც ისე ატალახდა, რომ ხელდახელ, გაშლილად ბურთაობა შეუძლებელი იყო. მასპინძლებმა დაიჟინეს, თეთრი ჩვენ უნდა გვეცვასო და რაღაი "ბორჯღალოსნებს" წითელი თან არ წაეღოთ, ლისაბონშივე შეიძინეს შავი, რაც ალბათ ძაან ეამებათ "ოლ ბლექსის" აქაურ თაყვანის მცემლებს.

შესვენებამდე "ლობუში" ზურგ-ქარში რაგბობდა, მაგრამ ქართველებმა მაინც მალე აჯობეს: ურუშაძემ მეტოქეს მოუგო დერეფანი, მოლიდან აბუსერიძემ მოკლე ფრთაზე მიუშვა მალაღურაძე, ამან კი ჩხიკვაძეს აუგდო და პირველი ლელო! (5:0)

მერე გვერგო რამდენიმე ჯარიმა, მაგრამ მწურთნელთა მითითებით, ბარკალაიას კარში არ დაურტყამს, დერეფანში აგორებული მოლები კი მსაჯმა დაგვიმუხრუჭა ბლოკირების საბაბით.

კაპიტანმა გააგდებინა

პორტუგალია ზედიზედ გვიკიდებდა ზურგში, მაგრამ ჩვენებმა, ერთის გარდა, ყველა აბრაგანი მოიგერიეს, იმ ერთზე კი, ოვალი მალაღურაძეს მხარში რომ მოხვდა და იმათი კერძი შეიქნა, ეგილარს კაპიტანმა აბუსერიძემ ბოჭვით გააგდებინა ბურთი.

მეტი სალელოე შანსი ლობუშს მატჩის ბოლომდე აღარ მისცემია, შესვენებამდე კი კებრალმა ერთი ჯარიმა გააფუჭა და ტაიმის ბოლო დარტყმით, 40 მეტრიდან, იმითღა შეგვიმცირა სხვაობა (5:3), რომ რეფმა ჩვენს პირველ ხაზს შერკინებაში ჩასვლისას შარი მოსდო.

თამაშის განახლებისას მსაჯი უარესად მოგვდგა და ზედიზედ დაჯარიმება დაგვიწყო, რაც "აბუს" გაგდებით დაგვირგვინდა: შერკინებიდან ბურთი არ გამოსულა და იმათ 8 ნომერს რად ეციო (არადა, ჟირეუს ოვალი ხელში ეჭირა). აქ ბიჭები ცოტა აირივნენ, მაგრამ ისე შნოიანად ითამაშეს, რომ უჰავბეკობა არ შეტყობიათ.

რეფმა გადაარჩინათ

ლობუში გამწარდა და რაქში დაწიხვლაზე გადავიდა, რაზეც ხურდა დავუბრუნეთ. რომ დაგვიბრუნდა აბუ, თამაში იმათ ნახევარზე გადავიტანეთ, აუტი მოვიგეთ და ორი მიძალების შემდეგ "მალაღურამ" არეკნით დაკრა 8:3. მერე ბიჭებმა ყურად იღეს შესვენებაზე მიღებული მითითება, დასარტყმელი კარში დავარტყათო და ბარკალაიამ ცენტრიდან შეაგდო ჯარიმა 11:3.

აქ საომარი ათი წუთიღა რჩებოდა. მეტოქე ღონით ძაან დავიბრიყვეთ, მაგრამ რეფმა გადაარჩინა. ერთი ხანობა ლობუში გააფთრდა და ახლოდან გაგვიტანა ჯარიმა 11:6, მაგრამ ქართველებმა ისე დაჩეჩქვეს ლუზიტანები, რომ ესენი რაქში აღარც შემოდიოდნენ.

მარქაფა კარგად ჩაება

თამაშის ბოლო ეპიზოდში მალაღურაძემ ჩინებული 5-მეტრა აუტი გაახერხა, ურუშაძემ მოიგო და აგორდა მოლი, მაგრამ იმათ ხაზზე გაგვაჩერეს. ორ მიძალებას უზუსტო პასი მოყვა, მაგრამ შკინინმა იხელთა ოვალი. "ბოჭვის არის მოკრიალების" შემდეგ "ცოფიანმა" (ბარკალაია) კიდეზე დაარტყა და რეფმაც ბოლოჯერ, გრძლად ჩასტვინა.

ჩვენმა ბეკებმა გულიანად იბრძოლეს. მარქაფა - ფეიქრიშვილი და ახალბედა, რიგით 178-ე ბორჯღალოსანი, სიკო მაისურაძე თამაშში კარგად ჩაება, მაგრამ დაშავებულებიც გვყავს: ქუბრიაშვილს ნეკნი ეტკინა, ხოლო აბუსერიძეს მუხლი.

ახლა ბიჭებს 5-კვირიანი უქმობა ელით, სხვაფრივ კი, ნაკრების ყოლის 20 წლის განმავლობაში, უფრო ქულა-მწირი, ულელოო მატჩებიც მოგვიგია და ამდენად, ერთ თვეში ზედიზედ მესამე მოგება და თანაც სტუმრად, სათანადოდ უნდა დავაფასოთ.

საქართველო 11:6 პორტუგალია

ბორჯღალოსნები

(ბეკ) 15 ოთარ ბარკალაია, 14 გიორგი შკინინი, 13 დავით კაჭარავა, 12 რევაზ გიგაური, 11 ირაკლი ჩხიკვაძე; 10 ლაშა მალაღურაძე, 9 ირაკლი აბუსერიძე კაპ  სბ 48  (20 ბიძინა სამხარაძე 80+4) /

(ფორ) 1 გოდერძი შველიძე, 2 ირაკლი ნატრიაშვილი (16 დავით დადუნაშვილი 58) 3 დავით ქუბრიაშვილი (17 ანტონ ფეიქრიშვილი 41); 4 ლევან დათუნაშვილი, 5 კახაბერ უჩავა; 6 გიორგი ჩხაიძე, 7 რატი ურუშაძე, 8 დიმიტრი ბასილაია (19 სიმონ მაისურაძე 46)

(უქმ) 22 სანდრო თოდუა, 21 ირაკლი ყიასაშვილი / 18 გიორგი ნემსაძე -

ლ: ჩხიკვაძე; ს: ბარკალაია; ა: მალაღურაძე

ლობუში

(ბეკ) 15 პედრუ კებრალი, 14 ენტონიუ ეგილარი, 13 დევიდ მეტეუში, 12 დიოგუ მეტეუში, 11 გონსელუ ფორუ (ედერიტუ ეშტევეში 50); 10 დუარტე კერდოზუ პინტუ, 9 ლურენსუ კედუში (ფრენსისკუ მეგელიანეში 80+2) /

(ფორ) 1 როდრიგუ ეგიარი (გუშტევუ დუარტე 67) 2 ჟოაუ კორეია კაპ, 3 ჟუან მურე; 4 სებასტიანუ კუნია, 5 ჟუან სევერინუ; 6 ენტონიუ დუარტე (სელვედორ პელია 75) 7 ჟოაუ უვე, 8 ტიეგუ ჟირეუ -

2ს: კებრალი

მსაჯები

რეფერი ნილ პატერსონი; კიდეებზე: რობ დიკსონი / ალან ფორესთი (შოტლანდია)

შაბ 23/02 ლისაბონი, უნივერსიტეტი

5:0(3) 5:3(40) / 8:3(66) 11:3(70) 11:6(74)


საათის თავზეც უგებდნენ

"ერთა თასზე" ამ ციკლში დაბრუნებული ესპანეთი ინგლისელი გურუს, ჯედ გლინის ხელ-ქვეით თანდათან უმატებს, რისი მორიგი დასტურიც ისაა, რომ "ლეონესი" საათის თავზე ჯერაც უგებდა "სტეჟარს". თამაში 18-გრადუსიან, უქარო დარში მიმდინარეობდა და რუმინელთა თანახმად, "ექვსი ერის" წარმომადგენელი რეფი ღონიერ "აღმოსავლეთელ ბარბაროსებთან" ბრძოლაში აქაც მასპინძელ "ნაღდ ევროპელებს" ემხრობოდა.

რუმინეთმა მადრიდში სამი ლეგიონერი ფორვარდი - იონ პაულიკა, ალინ კოსტე, კრისტი პეტრე და ტურისტთა ჯგუფი იახლა. ესპანეთმა საფრანგეთში მონახა ორი "ძირით იბერიელი" - მატიო გრატონი და ჟიულიან ტურტულუ. ლეონესს 1958 წლის აქეთ, 24 შებმაში ერთადერთხელ - 1992 წელს, 6:0 ეძლია სტეჟარი და კარპატელთა ორი სინბინის წყალობით, ახლაც ახლოს იყო მიზანთან.

მოლით იგრიალეს

მატჩის ოთხივე ლელო ჭიდილში დაიდო. პირველი რუმინეთმა შერკინებით შეიტანა. გრატონმა ორი ჯარიმა რომ ააცილა, კიკერობა ხაიმე ნავამ გადაიბარა და შესვენების წინ 40 მეტრიდან ორჯერ დაკრა, მანამდე კი ბურჯი პაულიკა აგორებულ მოლში გვერდიდან რომ ჩაება, რეფმა გაასინბინა და ესპანეთი დერეფნიდან შეწყობილად მიაწვა.

სტუმართა გადამწყვეტ ლელოზე (12:11) მოლმა 22 მეტრიდან იგრიალა, მესამეზე კი ათიდან. მერე დანუც დამბრავამ ააცილა არეკნი და ნავამ ჯარიმა, რუმინეთი კი მეორედაც დარჩა კაც-ნაკლული, მაგრამ ესპანეთს 5-მეტრა დერეფანი მოუგო, მოლით წინ წაიწია და თამაშიც დასრულდა.

ესპანეთი 11:17 რუმინეთი

ესპ: სემპერე მოტა კანოსა ნავა მარტინი (10-9) გრატონი ფეიხო / ინსაუსტი (ფერერასი 55) ბორკესი (სერანო 15) სალასარი; ფერნანდესი ბერნასკონი; კამაჩო იხარი (ტორტულუ 61) კრიადო (მატა 61) - ლ: კამაჩო; 2ს: ნავა

რუმ: ფერკუ ბიჯუ გალი ვლადი ჩუნტუ (10-9) დიმოფტე (დუმბრავა 31) კალაფეტეანუ (ანდრეი 52) / ნერე (დობრე 80) მიხალაკე პაულიკა  სბ 23 ; კოსტე (ისტრატე დრ, სბ დობრე) პოპირლანი; მერშოი კაპ  სბ 75  კარპო პეტრე - 3ლ: პოპირლანი კოსტე პეტრე; გ: კალაფეტეანუ

რეფ მარამა (იტა) მადრიდი, უნივერსიტეტი (10 ათასი)

0:7(13) 5:7(25) 8:7(33) 11:7(37) / 11:12(60) 11:17(67)


ერთა თასი 2007/08

საქართველო  

6-1  

230:  79

რუსეთი  

4-1  

156:  76

რუმინეთი  

4-3  

172:110

ესპანეთი  

3-4  

176:159

პორტუგალია  

3-4  

116:113

ჩეხეთი  

0-7  

  46:359

წლეულსვე: საქართველო - 29/03 ჩეხეთი (გარეთ), 12/04 რუსეთი (გ), 26/04 ესპანეთი (შინ)

სხვათა მატჩები: 1/03 რუს - პორ, 8/03 რუმ - პორ * რუს - ესპ, 15/03 რუს - რუმ, 22/03 რუმ - ჩეხ, 19/04 ჩეხ - რუს, 10/05 ესპ - პორ


ბორჯღალოსანთა მონაგარი

20 წლისა (1989-2008)
99 თამაში (37 შინ, 46 გარეთ, 16 ნეიტრალურზე)
58 მოგება - 37 წაგება * 4 ფრე
ქულა 2294:1897 (+397) ლელო 280-209 (+71)

პორტუგალიასთან: 12თ (5შ 7გ) 7-4*1 / 280:180, ლ 36-11

სულ 178 ბორჯღალოსანი:
98 ფორვარდი, 74 ბეკი და 6 უნივერსალი;
ფორვარდებმა გაიტანეს 147, ხოლო ბეკებმა 133 ლელო

კეპი (ღვინისფერი) 57 პალიკო ჯიმშელაძე, 55 მახო ურჯუკაშვილი, 53 ბესიკ ხამაშურიძე; 51 აქვსენტ გიორგაძე და ირაკლი აბუსერიძე / (ვერცხლისა) 48 ილია ზედგინიძე, 47 გია ლაბაძე; 45 ზურაბ მჭედლიშვილი და ვიქტორ დიდებულიძე; 44 გოდერძი შველიძე

ლელო: 15 მახო ურჯუკაშვილი, 14 ილია ზედგინიძე (2 საჯ), 12 ბესიკ ხამაშურიძე; 11 თედო ზიბზიბაძე და აქვსენტ გიორგაძე; 10 არჩილ ქავთარაშვილი, ლევან ცაბაძე, გია ლაბაძე, ირაკლი მაჩხანელი და მამუკა გორგოძე; 9 პალიკო ჯიმშელაძე; 8 ვასილ კაცაძე და ბესო უდესიანი (2 საჯ); 7 გოდერძი შველიძე; 6 ნიკო იურინი, ბადრი ხეხელაშვილი და დავით დადუნაშვილი; 5 დავით ბოლღაშვილი, ვიქტორ დიდებულიძე, გიორგი შკინინი და ზვიად მაისურაძე

ქულა (კიკერები) 320 პალიკო ჯიმშელაძე, 274 მახო ურჯუკაშვილი, 105 ნუგზარ ძაგნიძე, 99 მეკო კვირიკაშვილი, 63 კახა მაჩიტიძე, 62 შოთა მოდებაძე, 53 ნიკო იურინი, 43 ბობა კვინიხიძე, 31 ოთარ ბარკალაია

:::

Free Web Hosting