მოვერიოთ, გავაბურთავოთ

მოვერიოთ, გავაბურთავოთ

"ერთა თასის" ლიდერი საქართველო შაბათს, ჩვენებურად საღამოს შვიდზე, ლისაბონის უნივერსიტეტში ხვდება პორტუგალიის "ლობუშს", ვინც სამი კვირის წინ ვაკეში 31:3 მოსრა, მაგრამ ამჯერად ლუზიტანებმა უკეთესი გუნდი შეკრიბეს და ჩვეულ გარემოში უთუოდ ფიცხელ ბრძოლას გაგვიმართავენ.

თუ ცნობილ გამოთქმას ერთა თასულად გადავამღერებთ, მივიღებთ, "ლისაბონში სტუმრობაო არ გეგონოს ხუმრობაო". იქ აქამდე ექვსჯერ ჩავსულვართ და მხოლოდ ორჯერ მოგვიგია, მაგრამ ბოლო ჯერზე, 2006 წლის 25 ნოემბერს, საარაკო ფრე (11:11) გავახერხეთ ლუზიტანთა და უელსელი რეფის ალიანსთან, ვინც მეორე ტაიმს თუმც სრული ათი (!) წუთი მიამატა, იმათ საჭირო 15 ქულა მაინც ვერ ააღებინა.

შარი არც მანამდე მოგვკლებია. 1997 წელს პორტუგალიამ ბოლოსკენ, ბეკებით დაგვალელოვა (17:21) და ფრანგი მსაჯი ალმის ტარით გავლახეთ. 2000 წელს იმათმა კიკერმა ცხრა (!) ჯარიმა შეგვიგდო, რაც აქამდეც მსოფლიო რეკორდია, მაგრამ ბოლოს ახლოდან გავათამაშეთ და შერკინების ახლანდელმა მწურთნელმა, ლევან ცაბაძემ გამარჯვების ლელო შეიტანა (32:30).

ფანობას ეხსომება

2002 წელს, ჩემპიონის რანგში, სამჯერ ბლომად ჩამოვრჩით, მაგრამ მერე აქვსენტ გიორგაძის დუბლით წინ გავედით და თავი ძლივს დავიცავით (27:23). 2003 წელს რომ დაირღვა მასპინძლობის რიგი, უელსელმა მსაჯმა კრიტიკულ მომენტში ლელოები გაგვიუქმა და მარაგი არ შეგვაქმნევინა, იმათ კი გადაცილებულზე გაგვიტანეს და მსოფლიო თასზე გასვლის შემდეგ პირველი მარცხი გვაგემეს (30:34).

2005 წლის ამბავი ფანობას კარგად ეხსომება: მეტოქე ბოლო მეოთხედში რომ დავქანცეთ და დავაჩიავეთ, იტალიელმა რეფმა ლობუშს დასკვნით შეტევაში ორ-ორი ბლოკი და წინ პასი აპატია (14:18), ბოლოს კი ლუზიტანთა გურუ მორეიში მოედანზეც შეიჭრა, ჩხუბში ჩაერია და კავკასიური ჭიტლაყი იგემა.

რეფი არაფერს გვაპატიებს

ეს ყველაფერი აქ იმად მოვყევით, რომ ავტორიტეტის მომატების მიუხედავად, სქოთი რეფისგან დანდობას მაინც არ უნდა ველოდოთ. მსაჯი, ოღრაშული გაგებისა გამო, სასტვენს შეაშველებს მასპინძლებს: რაქში იმათ დარღვევებს არ შენიშნავს, ჩვენ კი დაწიხლვისა და აპელირებისთვის დაგვაჯარიმებს. იმათ ოდნავ წინ პასის ნებაც დაერთვებათ, ჩვენ კი მცირე ჩარბენი და ბლოკიც არ გვეპატიება.

ცუდია, რომ თამაშს ტელევიზიით ვერ ვნახავთ და გულთა ხეთქვა გაგვიათმაგდება. იმას, რომ ბორჯღალოსანთა 99-ე მატჩის შეცვლები და ქრონოლოგია თეთრ ლაქებად დაგვრჩება, უკვე შეგუებული ვართ მედია, მაგრამ ოღონდაც შორეთში წასულმა ბიჭებმა მოიგონ და აქ დარჩენილები ყველაფერზე ყაბულსა ვართ, რადგან ახლა, შინ, შნოიანად და ბურთაობით მოპოვებული ორი გამარჯვების შემდეგ, წაგება არ შეიძლება.

ლუზიტანური ადათით

ირბ-ის რეიტინგში უკვე მე-14 ადგილი გვიჭირავს. "ლეონსიო" და ავსტრალიელი თიმ ლეინი ახალ გუნდსა ქმნიან და სტილსაც ეშხიანს ნერგავენ. ოზი გურუ და ჯეელთა გვარიანი წილიც გასვლაზე პირველად გამოიცდებიან, თანაც არა-კეთილ-მოსურნე მსაჯობის თანხლებით, და რომ ვაჟკაცები არიან, კიდევ უნდა დაამტკიცონ. მართალია, გვაკლია რამდენიმე პირველი ნომერი, მაგრამ გუნდი მატჩის ადგილზე კარგად მოემზადა და განწყობაც საბრძოლო აქვს.

პარასკევი ისე დაღამდა, რომ პროფესორ მორეიშს, ირბ-ის კანონთა დარღვევითა და ლუზიტანური ადათის თანახმად, რაზმი კვლავაც არ გამოუქვეყნებია. ერთი კია ცნობილი, რომ ლობუში მოისაკლისებს 9 ნომერ ჟოზე პინტუსა და ძმებ უვეებს, გონსელუსა და ვესკუს, მაგრამ ეყოლება მესამე ძმა, ჩეხთა ორჯერ დამლელოებული ჟოაუ, ორივე მეტეუში, კვაჭი კორეია, ბებერი კერდოზუ პინტუ და სხვანი.

იმათი გურუც მაგ აზრზეა, რომ თუ შეგირდები უკეთ ითამაშებენ, პირველ და მეორე ხაზში არაფერს დაგვითმობენ, ჯიგრით გვბოჭავენ და ბოლომდეც გვებრძოლებიან, გამარჯვების შანსი ექნებათ. ჰოდა, ჩვენი ამოცანა ეგ უნდა იყოს, რომ რაგბული აქსიომის მიხედვით, მეტოქეს ჯერ მოვერიოთ, მერე კი გავაბურთავოთ.


პორტუგალია - საქართველო

ბორჯღალოსნები

(კეპი) * დაგვემატა რუმინეთის შემდეგ, ^ მარქაფიდან დაწინაურდა, = მარქაფაში გადასვეს; $ მსოფლიო თასელი

ბეკები: 15 ოთარ ბარკალაია$ (27), 14 გიორგი შკინინი$ (23), 13 რეზო გიგაური$^ (16), 12 დავით კაჭარავა$ (16), 11 ირაკლი ჩხიკვაძე (4); 10 ლაშა მალაღურაძე (2), 9 ირაკლი აბუსერიძე$ კაპ (50) /

ფორვარდები: 1 გოდერძი შველიძე$ (43), 2 დავით დადუნაშვილი^ (16), 3 დავით ქუბრიაშვილი^ (2); 4 ლევან დათუნაშვილი$* (23), 5 კახა უჩავა (4); 6 გიორგი ჩხაიძე$ (26), 7 რატი ურუშაძე$^ (27), 8 დიმიტრი ბასილაია (2)

მარქაფა: 22 სანდრო თოდუა* (0), 21 ირაკლი ყიასაშვილი* (1), 20 ბიძინა სამხარაძე$ (31) / 16 ირაკლი ნატრიაშვილი= (5), 17 ანტონ ფეიქრიშვილი* (1); 18 გიორგი ნემსაძე* (3), 19 სიკო მაისურაძე* (0)

გამოგვაკლდნენ: 12 ირაკლი გიორგაძე$ (31) / 3 დავით ზირაქაშვილი$ (17), 5 მამუკა გორგოძე$ (27), 6 შალვა სუთიაშვილი (7) - 21 მეკო კვირიკაშვილი$ (25) / 19 ზვიად მაისურაძე$ (23)

მწურთნელები: თიმ ლეინი (ავსტრალია) / ლევან ცაბაძე (33); მენეჯერი ვასილ აბაშიძე (15)

ლობუში

მგლები 16/02 ჩეხეთთან; = გამოაკლდათ; * გვერაგბა ვაკეში

ბეკები: 15 პედრუ კებრალი*, 14 გონსელუ ფორუ*, 13 დევიდ მეტეუში, 12 დიოგუ მეტეუში, 11 ედერიტუ ეშტევეში*; 10 კერდოზუ (დუარტე) პინტუ, 9 ჟოაუ პინტუ- /

ფორვარდები: 1 როდრიგუ ეგიარი*, 2 ჟოაუ კორეია* კაპ, 3 დიოგუ ფიელიუ*; 4 ჟუან სევერინუ*, 5 გონსელუ უვე-; 6 ვესკუ უვე-, 7 ჟოაუ უვე, 8 ტიეგუ ჟირეუ*

მარქაფა: 22 ფრენსისკუ მირე*, 21 ვესკუ გესპარი*, 20 ლურენსუ კედუში* / 16 ბერნარდუ ეგიარი, 17 გუშტევუ დუარტე*; 18 სებასტიანუ კუნია*, 19 ენტონიუ დუარტე*

მწურთნელი ტომეჟ მორეიში

მსაჯები

რეფერი ნილ პატერსონი; კიდეებზე: რობ დიკსონი / ალან ფორესთი (შოტლანდია)

შაბ 23/02 ლისაბონი, უნივერსიტეტი 19.00 საქ


ერთა თასი 2007/08

საქართველო 5-1 (219:73), რუსეთი 4-1 (156:76)
რუმინეთი 3-3 (155:99), ესპანეთი 3-3 (165:142), პორტუგალია 3-3 (110:102)
ჩეხეთი 0-7 (46:359)

ამ შაბათსვე: ესპანეთი - რუმინეთი (მადრიდი, უნივერსიტეტი 19.00 საქ)

წლეულსვე: საქართველო - 29/03 ჩეხეთი (გარეთ), 12/04 რუსეთი (გ), 26/04 ესპანეთი (შინ)

სხვათა მატჩები: 1/03 რუს - პორ, 8/03 რუმ - პორ & რუს - ესპ, 15/03 რუს - რუმ, 22/03 რუმ - ჩეხ, 19/04 ჩეხ - რუს, 10/05 ესპ - პორ

20 წლის (1989-2008) მონაგარი:
98 თამაში (37 შინ, 45 გარეთ, 16 ნეიტრალურზე)
57 მოგება - 37 წაგება * 4 ფრე
ქულა 2283:1891 (პლუს 392) ლელო 279-209 (პლუს 70)

პორტუგალიასთან: 11თ (5შ 6გ) 6-4*1 / 269:174, ლ 35-11

სულ 177 ბორჯღალოსანი:
97 ფორვარდი, 74 ბეკი და 6 უნივერსალი;
ფორვარდებმა გაიტანეს 147, ხოლო ბეკებმა 132 ლელო

:::

Free Web Hosting