ლოროზი პირველად!

"ლოროზი" პირველად!

მსოფლიო თასის მფლობელი "ბოკე" "ლოროზმა" 2007 წლის საუკეთესო გუნდად ცნო, სხვაფრივ კი სამხრეთი აფრიკის რაგბში სრული ქაოსია: ნაკრების ახალი გურუ, მულატი პიტერ დეფილიერსი კონტრაქტზე ხელს არ აწერს; კაპიტან ჯონ სმიტს გული საფრანგეთიდან შინისკენ მიუწევს; ბაკის ბოთას კი, პირიქით, გალეთში უნებართვოდ სურს გადასვლა.

"ბოკემ" შარშან, საფრანგეთში მსოფლიო თასი შემართა. "ლოროზის მსოფლიო სპორტის აკადემია" 43 დიად სპორცმენს აერთიანებს - აფრიკელი მორაგბე მორნე დიუპლესი მისი წევრია.

ორგანიზაციამ წვეულება სანკტ-პეტერბურგში, მარინის (საბჭოთა ხანაში "კიროვის") თეატრში გამართა. ღონისძიებაზე მიბრძანდა თვით ვლაძიმირ პუწინი, "ბოკეს" კი ჯილდო ძველმა მორაგბეებმა, ზელანდიელმა შონ ფითსპატრიქმა და არგენტინელმა უგო პორტამ გადასცეს.

რაგბის გუნდმა "ლოროზი" პირველად აიღო. "ბოკემ" გამოკითხვაში უკან მოიტოვა ავსტრალია (კრიკეტი), ფერარი (ფორმულა 1), მილანი და ერაყი (ფეხბურთი) და გერმანია (ქალთა ფეხბურთი).

ჩემპიონებმა გალაზე მიავლინეს ექს-გურუ ჯეიქ ვაითი, პერსი მონთგომერი, ბუჩ ჯეიმზი, სხალკ ბერგერი, ბაკის ბოთა და ბრაიან ჰაბანა, ვისაც წლის საუკეთესო სპორცმენ ვაჟობაზე აჯობა აწ უკვე ოთხგზის ლაურეატმა, შვეიცარელმა როჟე ფედერერმა (ჩოგბურთი).

მეიერიც წავიდა

პოსტიდან ნებით წასული ვაითის ნაცვლად დეფილიერსი ნაახალწლევს დაინიშნა. არჩევანის გამოცხადებისას მულატმა პრეზიდენტმა ორეხან ჰოსკინსმა არ დამალა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნა არა მარტო კანდიდატთა ცოდნა და უნარი, არამედ რაგბის რასობრივი ტრანსფორმაციის დაჩქარების აუცილებლობაც.

მას აქეთ მამებმა მოლაპარაკება გამართეს ერთი, კინკილა ხმით ნაჯობნ თეთრ კანდიდატთან, ჰეინეკე მეიერთან, მაგრამ ვერაფერზე რომ ვერ მოურიგდნენ, ზე 14-ში ბულზის გამჩემპიონებელი გურუ რაგბიდან მთლად წავიდა, რადგან თურმე ბოკეს გაძღოლაზე ოცნებობდა კაცი და ნაკლებზე ყაბულს ვერაა.

ასე რომ, ამიერიდან ჰეინეკე იმუშავებს სპორტული ნაწარმის კომპანიაში, რომლის წილიც ახლახანს შეისყიდა, რაგბზე კი სამი ვაჟის თამაშის საცქერლად თუღა მივა.

ვაითზე ნაკლები

დეფილიერსს კავშირმა ჯერ ორ-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ მისი თეთრი აგენტი, კავშირისვე ყოფილი მთავარი მოხელე რიან ობერჰოლცერი რომ მაგრად დადგა, ვადა შემდეგ, 2011 წლის მსოფლიო თასამდე გაგრძელდა.

და მაინც, პიტერს, ვისაც პირველი ჯამაგირი თვის ბოლოს ერგება, კონტრაქტზე ხელი აქამდე არ მოუწერია, რადგან ხელფასს ვაითზე 200 ათასი რანდით (25 400 დოლარი) ნაკლებს სთავაზობენ.

გარდა ამისა, ბოკე დეფილიერსის ხელქვეით თუ შედეგს გააუარესებს, კავშირს მისი დათხოვნა შეეძლება, რაც გურუს მიუღებელ პირობად მიაჩნია.

სამაგიეროდ, აგენტს იმისთვის მაინც მიუღწევია, რომ რაღაი შედეგზე პასუხი მწურთნელმა უნდა აგოს, სელექტორთა და თვით პრეზიდენტის ჩარევის გარეშეც შეეძლოს გუნდის არჩევა.

კომპენსაციას მოვითხოვთო

29 წლის კვაჭმა სმიტმა ბოკეს 49-ჯერ უკაპიტნა, მაგრამ ნათასევს კლერმონში (საფრანგეთი) დარჩა. ჯონს ამჟამად მუხლი აწუხებს და უქმობს, მაგრამ დეფილიერსმა მაინც დაამტკიცა კაპიტნად, ესაო და ფრიადი ავტორიტეტისა და გამოცდილების პატრონია და განვითარების ახალ ეტაპზეც უნდა გვიყოჩოსო.

პიტერი ჯონს კონცხზე, ქალაქ პარლში შეხვდა და სურვილი გაუმხილა, შინ უნდა დაბრუნდეო. კაპიტნისთვის ბოკეობა ბევრს რომ ნიშნავს, სმიტმა მწურთნელის წინადადებაზე ფიქრი სერიოზულად დაიწყო, მაგრამ აქ კლერმონი გაჯიქდა, ბურ მორკინალს კონტრაქტი 2009 წლამდე დავუდეთ და ვადამდე რომ გავათარხნოთ, აფრიკამ გვარიანი კომპენსაცია უნდა მოგვცესო.

ფრანგთა მადა ჭეშმარიტად უსაზღვროა. რაგბში საგამომცემლო ბიზნესიდან მოსულ მურად ბუჯელალს დაუჟინებია, ტოპ 14 უტულონოდ იგივეა, რაც ფეხბურთის ლიგა მარსელის გარეშეო. პატრონს რაგბის კლუბი ქალაქის სახედ მიაჩნია და ყველაფერს უჯერებს ზელანდიელ მწურთნელს, ტანა უმანგას.

სკანდალი მომწიფდა

კივმა მაესტრომ საკუთარი გამოცდილებით იცის, თუ რანი არიან ბურები. ჰოდა, შვიდი აფრიკელი (ვიკტორ მეტფილდი, ფრანსუა ფანსხუვენბერგი, ვესელ რუ, ლორენს სეფაკა, ნორმან იორდანი, კრის როსუ, ნიკო ბრედტი) ეცოტავება და თვალი დაუდგამს ბულზის მეორე ხაზელ ბაკის ბოთასთვის, ვისაც მეტფილდთან წყვილში 26 ტესტი უთამაშია, მტკივანი კოჭის გამო კი მწყობრში მარტშიღა ჩადგება.

ბაკისს ტულონი ორ წელში 350 ათას ევროს ჰპირდება. ფრანგთა თავკერძობა ბორჯღალოსანთა მაგალითზე კარგად ვუწყით. ბუჯელალი ყინჩობს, ბოთას 26 თებერვალს წარმოგიდგენთო, მაშინ როცა სამხრეთი აფრიკის კავშირმაცა და ბულზმაც მორაგბეს უარი უთხრეს 2011 წლის ბოლომდე დადებული კონტრაქტიდან გათავისუფლებაზე.

ჰოდა, თუ ტულონი თავისას არ დაიშლის და ბაკისს მაინც ათამაშებს, რაგბეთს სკანდალი არ აცდება - აფრიკა საფრანგეთს უჩივლებს ირბ-ში, ვისი ახალი შეფიც ფრანგივე ბერნარ ლაპასეა.

:::

Free Web Hosting