ქულიანობამ ვერ იმატა

ქულიანობამ ვერ იმატა

სამხრეთული რაგბის ზე 14-ში შემოღებული ახალი წესები ზოგს მოეწონა და ზოგსაც არა, მაგრამ უმეტესობა იმ აზრზეა, რომ დასკვნების გაკეთება პირველი რაუნდის შემდეგ ნაადრევია.

მსოფლიო რაგბის მმართველი ირბ რევოლუციურ წესებს ორი წელია სხვადასხვა გარემოში ცდიდა, სამხრეთი აფრიკის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის საზიარო პირველობის სტარტზე კი ნოვაციათა ოდენ მეოთხედი მთელმა რაგბეთმა იხილა და საგულისხმო ბლომად შენიშნა.

კანონ-მდებელთა ერთი მიზანი მიღწეულია - თამაში გაჩქარდა და პაუზებმაც იკლო. მავანთა შეფასებით, მორაგბეს უწინდელზე 30 პროცენტით მეტი სირბილი უწევს, რითაც წრთობას მეტი ფასი ედება.

მეორე მხრივ, წესები რეალურად არ გამარტივებულა და მოთამაშეებს ძველებურად აბნევს, და არც შედეგიანობას უმატია: ზე-რაგბის მე-13 სეზონის სტარტზე, შვიდ მატჩში მოგროვილი 241 ქულა ხუთით აღემატება აქამდე ყველაზე მოკრძალებულ, 1999 წლის მაჩვენებელს, ოღონდაც მაშინ თამაში ნაკლები, ექვსი იყო.

საუკეთესო ხერხი

საყოველთაო დასკვნა ეგაა, რომ საცდელ წესთა გამო გახშირდა საჰაერო პინგ-პონგი და თავისუფალის (უწინდელი ჯარიმა) ჩქარი გათამაშება. რაკი ბურთის კიდეზე სახეიროდ დარტყმა გართულდა, გაიშვიათდა დერეფანი: ერთ მატჩში პირველი აუტი 30-ე (!) წუთზეღა მოაწოდეს, შერკინება კი, წვიმასა თუ დარში, მეტოქის დაჩიავების საუკეთესო ხერხად დარჩა.

ახალი წესებით, თავისუფალთა მეტი წილი ინიშნება ბოჭვაზე და უმალვე თამაშდება, მაგრამ აქამდელისა არ იყოს, მორაგბენი ზედახორად წვანან და ჰკვირობენ, რა დავაშავეთო, როცა მსაჯი გაამტყუნებთ. თუ ბოჭვაზე ჭიშკრიდან შეხვალ და ბურთს ჩაკლავ, მეტოქეს ოდენ თავისუფალი ერგება, მაგრამ თუ "ღობიდან გადაძვერი", ოფსაიდისთვის ჯარიმა ინიშნება!

ზე 14-ის მონაწილე სამივე ქვეყნის მედიამ სიახლეთა გამო საკმაოდ წაი-ენა-კვიმატა. "ნიუ ზილენდ ჰეროლდმა" შენიშნა, ცვლილება ოდენ კოსმეტიკურია და რაგბის ძირეულ ჭეშმარიტეტებს ყავლი არასოდეს გაუვათო. კივმა რეფმა ბრძანა, ნოვაცია იმად მომწონს, რომ ბოჭვაზე "პრევენციული საუბარი" აღარ მღლისო, მენცრებმა კი დაწერეს, მიმხდომი დაცვა და ხროვული ბოჭვა მეტად განვითარდებაო.

გაჭკვიანებული ლიგა

მსოფლიო თასის მფლობელ აფრიკელებს თამაშის გაჩქარება არად ეპიტნავათ. ფური დიუპრემ ახლებური რაგბი შვიდკაცას შეადარა, ესაო და სტატიკა მოისპო და ფეხით ბათქა-ბუთქისა და კონტრ-შეტევის გარდა აღარაფერი დარჩაო, ბრაიან ჰაბანამ კი დაიჩივლა, ემანდ ამპლუები ერთმანეთში არ აირიოს, თორემ რაგბი უნიკალურ იერს დაკარგავს და 13-კაცა ლიგას დაემგვანებაო.

ჩაუქ ფრთას არ ეამა ის, რომ რაგბი ნაკლებ წყვეტილი გახდა. ავსტრალიელები შეაშფოთა იმან, რომ მეტოქის ზურგში ბურთის გადაკიდება მეტად დაფასდა და ამ კომპონენტში თავად ჩამორჩებიან კონკურენტებს. სამაგიეროდ, მოსწრებულად დაპოსტა "პლანეტ რაგბის" მკითხველმა, ახალ წესთა უპირატესობის საუკეთესო დასტური "ექვსი ერის" 10-კაცა თამაშებია და არც რაგბის უწყვეტობა უნდა გვაშინებდეს, რაღაი გაჭკვიანებულ ლიგას მივიღებთო.

ერთმა კომენტატორმა მარგი რჩება გამოაცხო ექსპრომტად, კიკოფი 22-ის გარეთ დაუმიზნეთ, რათა იმათ აუტის ნაცვლად მოედანში დაგირტყან და ინიციატივა გადმოგაბარონო, ოზ წამყვანთა ტრიო კი ისე ბედნიერი ჩანდა იმით, რომ კუთხის დროშის შეხება აუტი აღარაა - რომ სულ დაავიწყდა, ბურთის კიდის ხაზზე დამიწებით ლელო რომ ვერ გაიტანება, რადგან ეგ ხაზი მოედანს არ ეკუთვნის.

:::

Free Web Hosting