ვეება ფორა

კივთა ვეება ფორა

ირბ-ის შვიდკაცის 7-გზის ჩემპიონი ახალი ზელანდია მეცხრე სეზონს ქულათა მაქსიმუმით რომ ლიდერობს, მდევრებს კივთა დაწევის იმედი ლამისაა გადაეწუროთ.

შვიდკაცის პროფესორმა გორდონ ტიეჩიენსმა "ოლ ბლექს სევენსის" გადახალისება შარშანვე დაიწყო და გვარიანად დაწინაურებულ და ამჩატებულ ფიჯს ზედ ფინიშზე გადაუსწრო, წლეულს კი კივებს ბადალი არა ჰყავთ და სერიის ზედიზედ მეხუთე ეტაპის მოგებით იმოტოლა ფორაც მიიღეს, რომ ძნელად, მონაპოვარი ქარს გაატანონ.

სეზონის მესამე ტურნირს ზელანდიის დედაქალაქმა ველინგტონმა უმასპინძლა. შარშან იქ სამოამ გაიმარჯვა, შარშანწინ კი ფიჯმა. მანუ პულში ამჯერად კივებთან მოხვდა და თუმც დამარცხდა, მერე პლეი-ოფში ივარგა და ზელანდიას ფინალში გაუმართა რე-მატჩი, აფრიკა კი მეოთხედფინალში შეიწირა ტონგამ და სინს დააჯერა.

პულებში რამდენიმე საგულისხმო შედეგი აღინუსხა. ქუქეთმა, რაიც ზელანდიის მიერ მართული 14 ციცქნა კუნძულია და სულ 21 ათასი მოსახლე ჰყავს, 21:17 ძლია თვით რაგბის სამშობლო ინგლისი, შტატებმა კი ნაქები არგენტინა 17:7 მოასრიალა.

ტიეჩიენსი ბეკად მოიაზრებს

პულში მეორე ადგილზე დარჩენილმა გუნდმა გაიმარჯვა ოთხი მეოთხედფინალიდან სამში, ზელანდიამ კი პირველ დღეს მესამე მატჩშიღა გაუშვა ლელო - მანამდე კანადა 43:0 გააბურთავა, პაპუასეთი კი 41:0.

ბოლოს იყო და ფინალში სამოელმა ლოლომ არეკნი თამაშიდან (!) რომ დაკრა, მანუ 17:12 დაწინაურდა, მაგრამ მერე სთივენ იეითსმა გაათანაბრა ანგარიში. გადამწყვეტი ლელო ზედ სირენის წინ, ფრთაზე განავარდებით შეიტანა 20 წლის ვიკტორ ვიტომ, ვისაც ჯონა ლომუს ადრიან და ტიეჩიენსიც ბეკად მოიაზრებს, მაგრამ ბიჭს ზე 14-ში "ჰარიკენზის" მესამე ხაზში სურს თამაში.


ირბ-ის შვიდკაცა

III ეტაპი. 1-2/02 ველინგტონი (ზელ)

ბოლო პულური რაუნდი (ა) ზელანდია - სამოა 19:7, (ბ) ფიჯი - ინგლისი 17:7, (გ) აფრიკა - კენია 33:7, (დ) შოტლანდია - არგენტინა 19:12

მეოთხედფინალი. ზელანდია (ა1) - უელსი (ბ2) 40:5, ავსტრალია (გ2) - შოტლანდია (დ1) 31:7; ტონგა (დ2) - აფრიკა (გ1) 14:10, სამოა (ა2) - ფიჯი (ბ1) 19:17

ნახევარფინალი (სინი) უელსი - შოტლანდია (4ქ) 24:12, აფრიკა - ფიჯი (4ქ) 26:19 * (თასი) ზელანდია - ავსტრალია (12ქ) 32:7, სამოა - ტონგა (12ქ) 24:21

ფინალი. ფარი (XIII ადგილი) შტატები - კენია 22:17 * ფიალა (IX) ინგლისი (2ქ) - არგენტინა 12:7 * სინი (V) აფრიკა (8ქ) - უელსი (6ქ) 19:12 * თასი (I) ზელანდია (20ქ) - სამოა (16ქ) 22:17

კიბე: ზელანდია 60 (3თ: დუბაი ჯორჯი ველინგტონი) ფიჯი 36, აფრიკა 32, სამოა 26, არგენტინა 20; ავსტრალია და ინგლისი 14; კენია, ტონგა და შოტლანდია 12; უელსი 8, შტატები 6

გასამართია: 9-10/02 სან დიეგო (აშშ); 28-30/03 ჰონკონგი (ჩინ) 5-6/04 ადელაიდა (ავს); 24-25/05 ლონდონი (ინგ) 31/05-1/06 ედინბურგი (შტლ)

თასი (1999-2008, 71 ტურნირი) ზელანდია 32, ფიჯი 13, ინგლისი 11, აფრიკა 7, ავსტრალია 4, სამოა 2; არგენტინა და საფრანგეთი 1

:::

Free Web Hosting