უელსმა ინგლისი მონუსხა

უელსმა ინგლისი მონუსხა

ელიტარული "ექვსი ერის" პირველ რაუნდში მსოფლიო თასზე ხელმოცარულებმა გაიმარჯვეს: უელსმა ბოლო მეოთხედში მონუსხა ინგლისი, ორჯერ დაალელოვა და 20-წლიანი თვიქნემური ნავსიც გატეხა; გადახალისებულმა საფრანგეთმა კლასის ხარჯზე სტუმრად გააბურთავა შოტლანდია, ირლანდიამ კი რის ვაინაჩრობით ძლია იტალია.

ინგლისმა რომ წააგო, თავს უნდა დააბრალოს. უელსის ახალმა, კივმა გურუმ, ვორენ გეთლენდმა 15-ეულში ერთბაშად 13 ოსფრიზელი დააყენა, მაგრამ ამათ პირველი ტაიმი პირწმინდად წააგეს პომებთან. მერე და მერე ბრძოლაში კარდიფელები, ტომ შენკლინი და გეთინ ჯენქინსი ჩაებნენ და თამაშის ჩარხი წაღმა დაატრიალეს.

ინგლისი მესამე მეოთხედში 13 ქულას იგებდა, მაგრამ სადაც სამართალია, სხვაობა მეტი უნდა ყოფილიყო. ჯონი ვილკინსონმა ანგარიში პირველ წუთზევე გახსნა და პირველ მეოთხედში არეკნიც დაკრა, მერე კი ვარდებმა სამი გარღვევა ლელოთი ვერ დააგვირგვინეს. ზანგი ფრთა პოლ საქი ზედ შესვენების წინ ხაზთან გადაგორდა, მაგრამ ორი მბოჭავი ჩაუწვა, 5-მეტრა მოლსა და შერკინებაში კი უელსი მაგრად დადგა.

ვულკანი მოაცდინეს

პირველ მეოთხედში 30 დამწყებიდან სამი დაიმტვრა. ჩაუქმა დევიდ სთრეთლმა ტერფი რომ დაიშავა, ბრძოლაში ტონგელი ზელანდიელი, ლიგიდან რაგბში შემოდგომაზეღა გადმოსული ლეზლი ვაინიკოლო ჩაება და მალე გაახერხა ლელო: ვილკოს მიერ ფრთაზე აწეული აბრაგანი მეტოქესთან ჭიდილში მოხსნა და ტობი ფლადს ცალი ხელით მიართვა ოფლოუდი.

"ვულკანი" ინგლისმა თამაშის მეტი წილი მოაცდინა - შეტევაში ერთხელაც არ მისცა ბურთი, რათა ამას ჯონა ლომუს ყაიდაზე გაენავარდა. მეორე ტაიმში ინგლისს გამოაკლდა მაიკ თინდოლიც, ვისაც ღვიძლი დაეჟეჟა და ტურნირის ბოლომდე იუქმებს. ამასობაში ვარდების სხვა ლიდერებმა აურიეს: ვილკოს გაექცა გევინ ჰენსონი, მაგრამ პომებს მხსნელად ლუკ ნერევეი მოევლინათ, მერე კი ათმა ნომერმა მომსხეპი პასი სცადა და თავისი გუნდი შავ დღეში ჩააგდო.

ბურთი ხაზზე დაანარცხა

უელსმა წყვილი ლელო ციმციმ გაიტანა: ჯერ იყო და ჯეიმზ ჰუქმა მოკლე ფრთაზე სამი მეტოქე მოაღორა და ბურთი ლი ბერნს ახლოდან გაატანა, შემდეგ კი მაიკ ფილიპსმა მოგერიებაზე დაუფარა იენ ბოლშოუს, ბურჯმა ჯენქინსმა აიტაცა დაგდებული ოვალი და ორი პასის შემდეგ ფილიპსმა ნახტომით ზედ კარის ხაზზე დაანარცხა ბურთი. მერე უელსმა შერკინებით ჯაგა-ჯუგში გაიყვანა ათი წუთი, მაგრამ ჰუქს "მოსაყომარებელი არეკნი" არა და არ დაარტყმევინა.

ნამატჩევს გურუ გეთლენდი გამოტყდა, ბიჭებს შესვენებაზე ვურჩიე, ბურთს მოუფრთხილდითო. თინდოლისა და სთრეთლის გარდა, ინგლისს დაუშავდნენ ტომ რისი, ლუის მუდი და მარკ რეგანი, უელსს კი ალბათ დააკლდებიან ალუნ-ვინ ჯოუნზი და ჯონათან თომასი, ვისი დარეტიანებისთვის ვილკინსონი შეიძლება ტრიბუნალზე დაიბარონ და დისკვალიფიკაცია მისცენ.

როლანს დარღვევა გამორჩა

შოტლანდიის პივოტმა დენ პარკსმა კიკოფი კიდეს გადააცილა, 3:10-ზე კი კარის წინიდან დაახაია ჯარიმა. ფრანგთა პირველ ლელოზე, მარჯვნივ პასაობისას, ვენსან კლერკმა აშკარად წინ მიაწოდა სედრიკ ემონსს, მაგრამ დარღვევა გამორჩა ალენ როლანს, ვინც ოჯახური მიზეზით შინ, ზელანდიაში სასწრაფოდ გაფრენილი პოლ ჰონისი შეცვალა.

მეორე ლელოზე კაპიტანმა ლიონელ ნალემ უცებ გაათამაშა ჯარიმა, ჟიულიან მალზიომ კი წინ რომ გადაიკიდა, მიწიდან ამსხლტარ ბურთს აცდნენ პარკსი და რორი ლამონთი. მესამე ლელოზე ისევ კლერკმა გაიჯეჯილა, 6:27-ზე კი მარქაფაში გადასმულმა პლეი-მეიკერმა, კრის პატერსონმა რომ გაჭრა ხაზი და ბურთი ფეხით გაიგორა, ოვალს ზედ ლელოსთან დაწვდა, მაგრამ ვერ გადადო და შემდეგ ფაზაში კრის კაზიტერს ნალემ ზედ ხაზზე გააგდებინა.

ოგარამ ჯარიმაც გააფუჭა

ირლანდიამ მსოფლიო თასზე ჩაფლავებული გუნდი დაიტოვა, მაგრამ ბიჭებმა თავი ბევრი ვერაფრით გამოიჩინეს. მწვავედ უტევდა 9 ნომერი ეოინ რედენი და რონან ოგარასაც გამართულად მიყავდა თამაში, მაგრამ სამყურებმა ერთ ლელოზე მეტი ვერ გაიტანეს. ბოლოსკენ ოგარამ ჯარიმაც გააფუჭა და კელტები აძურის შეტევათა მოგერიებით ანგარიშის შენარჩუნებაზეც ყაბულს იყვნენ.

თავიდან ერთი-ორჯერ კოხტად წაიბურთავეს ჯორდან მერფმა და გირვან დემფსმა. ლელოზე ოგარამ ფრთაზე დაურტყა ენდრიუ თრიმბლს და ამან მაურო ბერგამასკოს დაბმით ბურთი დემფსს გაატანა. მალე ანდრეა მაზის ბოჭვისას ხელი მოიტეხა გორდონ დარსმა და ამ "ექვს ერზე" მეტად ვეღარ ითამაშებს, იტალიამ კი ლელო მოლით შეიტანა და ტელი-რეფმა მის ჩათვლას ხუთი წუთი მოანდომა.


ექვსი ერი. პირველი რაუნდი

ირლანდია 16:11 იტალია

ირლ: დემფსი თრიმბლი ბ.ოდრისკოლი კაპ დარსი (ქერნი 24) მერფი (10-9) ოგარა რედენი (სთრინგერი 74) / ჰორანი რ.ბესთი (ჯექმენი 62) ჰეისი (ბაქლი 73); ოკალაჰენი ოქელი (მ.ოდრისკოლი 66); ისთერბი  სბ 48  დ.ვოლესი ლიმი - ლ: დემფსი; გ 3ს: ოგარა

იტა: ბორტოლუსი (მარკატო 71) რობერთსონი კანალე მირ.ბერგამასკო კანავოზიო (გალონი 24) (10-9) მაზი ტრავალი / ლოჩიჩერო (პერუჯინი 55) გირალდინი (ფესტუჩა 55) კასტროჯოვანი; დელაპე  სბ 30  დელფავა (რეატო 74); სოული (ძანი 41) მაუ.ბერგამასკო პარისე კაპ - ლ: დელაპე; 2ს: ბორტოლუსი

რეფ კაპლანი (აფრ) დუბლინი, ქროუქ პარკი (75 387)

3:0(12) 10:0(17) 10:3(38) / 13:3(57) 13:8(60) 16:8(65) 16:11(69)

ინგლისი 19:26 უელსი

ინგ: ბოლშოუ საქი თინდოლი (სიპრიანი 64) ფლადი სთრეთლი (ვაინიკოლო 13) (10-9) ვილკინსონი გომერსოლი / შერიდანი რეგანი (მირსი 59) ვიქერი კაპ (სთივენსი 69); შოუ ბორსვიქი; ჰესქელი მუდი (ტ.რისი 14 ქეი 41) ნერევეი - ლ: ფლადი; გ 3ს ა: ვილკინსონი

უელ: ბერნი მ.ჯოუნზი პარკერი (შენკლინი 46) ჰენსონი შ.ვილიამსი (10-9) ჰუქი ფილიპსი / ად.ჯოუნზი (ჯენქინსი 46) ბენეთი (მ.რისი 59) დკ.ჯოუნზი; ალვ.ჯოუნზი (ევანსი 78) გოფი; ჯ.თომასი (პოპემი 13) მ.ვილიამსი რ.ჯოუნზი კაპ - 2ლ: ბერნი ფილიპსი; 2გ 4ს: ჰუქი

რეფ იუბერი (აფრ) ლონდონი, თვიქნემი (82 ათასი)

3:0(1) 3:3(3) 6:3(10) 9:3(17) 16:3(22) 16:6(34) / 19:6(45) 19:9(58) 19:12(63) 19:19(67) 19:26(70)

შოტლანდია 6:27 საფრანგეთი

შტლ: რ.ლამონთი (საუსველი 60) ვოქერი დელუკა ჰენდერსონი ვებსთერი (10-9) პარკსი (პატერსონი 60) ბლერი (კაზიტერი 65) / ჯეკობსენი ფორდი მარი (ქერი 58); ჰაინსი ჰემილტონი (მაკლიოდი 55); ვაითი კაპ ბარქლეი ქელემი (ბრაუნი 49) - ს ა: პარკსი

სფრ: ემონსი მალზიო მარტი ტრაი კლერკი (რუჟრი 73) (10-9) ტრენდიუკი (სკრელა 58) ელისალდი (პარა 65) / ფორე სერვა (შარჟევსკი 48) ბრიუნიო (მა 48); ნალე კაპ ჟაკე (მელა 62); უედრაოგო დიუზოტუარი ვერმელენი (ბონერი 55) - 3ლ: კლერკი ორი (1 3) მალზიო; 3გ: ელისალდი 2 სკრელა; 2ს: ტრაი

რეფ როლანი (ირლ) ედინბურგი, მარიფილდი (67 800)

3:0(4) 3:7(12) 3:10(18) 3:17(23) 6:17(31) / 6:20(54) 6:27(64)

მეორე რაუნდი

შაბ 9/02 უელსი - შოტლანდია 18.00, საფრანგეთი - ირლანდია 20.00; კვი 10/02 იტალია - ინგლისი 18.30 საქ

ირბ-ის რეიტინგი

(4/02) 1 სამხრეთი აფრიკა 9081, 2 ახალი ზელანდია 8959, 3 არგენტინა 8742, 4 ავსტრალია 8420, 5 ინგლისი 8355, 6 საფრანგეთი 8173, 7 ირლანდია 7870, 8 უელსი 7617, 9 ფიჯი 7588, 10 შოტლანდია 7532, 11 იტალია 7328, 12 სამოა 7161, 13 ტონგა 7151

14 კანადა 6725, 15 რუმინეთი 6673, 16 საქართველო 6654, 17 რუსეთი 6588, 18 იაპონია 6535, 19 შტატები 6468, 20 ურუგვაი 6318, 21 ესპანეთი 6230, 22 პორტუგალია 6006, 23 კორეა 5799, 24 ჩილე 5707, 25 ნამიბია 5682, 26 გერმანია 5657

პლუს-მინუსი: უელ 200 ინგ, სფრ 141 შტლ, ირლ 20 იტა * საქ 12 პორ (31:3 შ)

:::

Free Web Hosting