ლობუშთან გამოიცდება

ლობუშთან გამოიცდება

ნოემბრამდე გაიწაფებიან

ზედიზედ ორ მსოფლიო თასზე ნარაგბალი საქართველო მესამეზე გასასვლელად სამზადისს იწყებს: ოთხი წლით დათადარიგებულმა ავსტრალიელმა გურუმ, თიმ ლეინმა ისე უნდა გაგვიწაფოს ბორჯღალოსნები, რომ წლეულსვე, ნოემბერში დასაწყები შესარჩევი ციკლი 2010 წლის აპრილში ახალი ზელანდიის საგზურის აღებით დაგვირგვინდეს, მერე კი კივეთშიც გემოზე უნდა ვიბურთაოთ.

>>    ახალ გუნდს შექმნის
>>    ლეგიონს ჩამოსვლა უჭირს
>>   
ლეინი ნაღდად ჩამოდის
>>   
ოზი ლეინი გაგვეცნო

ოთხი წლის წინდელისა არ იყოს, ნაკრების გადახალისება ახლაც პორტუგალიასთან რკენით იწყება. ლობუშს მაშინაც ვაკეში, თებერვლის ცივ დღეს, დამბალ მოედანზე დავუხვდით და მზარდ, თასზე ჯერაც უმყოფელ მეტოქესთან მწარე მარცხი ვიგემეთ, რადგან სულ ხელდახელ, ეშხიანად ბურთაობა დავიჟინეთ და დავივიწყეთ აქსიომა, რომ რაგბში ბურთს შეიძლება ფეხიც დაკრა და დიდძალი მანძილი მოიგო.

ამჯერად ასე ალბათ აღარ მოხდება, რადგან გასულ ოთხწლედში განათლება მეტად შემოვიდა ჩვენში. საშაბათო რაზმსაც თუ ჩავხედავთ, თვალში გვეცემა, რომ ყოველ რგოლში გვყავს გამოცდილი ყოჩი, ვისაც შეიძლება მივენდოთ. ბეკებში ეგენი არიან ბესიკ ხამაშურიძე და კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე, ხოლო ფორვარდებში გოდერძი შველიძე და რატი ურუშაძე, ვისი კეპთა სიმცირეც ნუ შეგვაცდენს - წინის წინა გურუმ ბიჭს ციკლი გამოატოვებინა.

რჩევა ყურად ვიღეო

ბებრები იქეთ იყვნენ და მსოფლიო თასზე ჯეელებმა ისე იომეს ირლანდიასთან, რომ ფანობას კითხვა გაუჩნდა, ბორჯღალოსანთა პირველი შემადგენლობა ნეტავ რომელიაო. მერე კიდევ, შინა და უცხოეთშიც გვყავს კადრები, რომელთა დასაქმებაც მეტად გვმართებს. ჰოდა, ნაირგვარ მიზეზთა გამო ეგრე აეწყო, რომ ნაკრებს ახალი სტადიის დასაწყისშივე უბრუნდებიან დავით დადუნაშვილი და ირაკლი ჩხიკვაძე, ირაკლი ყიასაშვილი და დიმიტრი ბასილაია კი პირველად თამაშობენ ამ დონეზე.

ჩვენს 22 კაცში 18 ლეგიონერი და ოთხი შინაურია. მსოფლიო თასზე უთამაშია 8 დამწყებს, 4 სათადარიგოსა და ერთ მწურთნელს. უფროსობის მიერ "ერთა თასის" წყვილი მატჩისთვის შეგულებულთაგან საზოგადოებას მხოლოდ გიორგი შკინინის დაწუნება გააკვირვებს. გურუ ლეინს კონკრეტულად "გოშაზე" არ უთქვამს, მაგრამ კი შენიშნა პარასკევს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ბიჭებს რომ ახლოდან ვერ ვიცნობდი, ვარჯიშებზე დანახულით გავაკეთე არჩევანი და ქართველ თანაშემწეთა რჩევაც ყურად ვიღეო.

შეთვისებას დრო დაჭირდება

ოზმა მოძღვარმა მედიას სამომავლო გეგმებიც გაანდო. მისი თქმით, ბორჯღალოსანთა თამაში აქამდე ოდენ შერკინებით მიძალებას ეფუძნებოდა, თანამედროვე რაგბის ამოსავალი კი ისაა, რომ გუნდის 15-ვე წევრი უნდა ბურთაობდეს. მწურთნელის თქმით, ახალი ყაიდის, მოტივებისა და კოდების შეთვისებას დრო დაჭირდება, მაგრამ ამის ხათრით ჩვენს ძლიერ მხარეზე უარი სულაც არ უნდა ვთქვათ, მით უფრო, თუ ავდარში ლამაზად თამაში ვერ გამოვა.

ჩვენი ლეინის კოლეგამ, პროფესორმა ტომეჟ მორეიშმა გამოსვლა იმით დაიწყო, რომ საქართველოს მოულოცა საფრანგეთში მაგრად გამოსვლა. სტუმრის თქმით, ბორჯღალოსანთა ძალგულოვანება სრულიად ევროპული რაგბის იმიჯის გაუმჯობესებას წაადგა. მერე იყო და ლობუშის მწურთნელმა პროგნოზისგან თავი შეიკავა და დაიჩივლა, ხომ ხედავთ, რა პირობებში გვიწევს მომზადება, ისე კი, მჯერა, რომ თამაში ალალი იქნება და ყველა ისიამოვნებსო.

იმათი დანაკლისი მეტია

ოღონდაც! ჩვენები ტრადიციულად ვაჟკაცურად გაირჯებიან და არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ ლუზიტანთა წესიერებაში შევიტანოთ ეჭვი, მაგრამ მორიგი იტალიელის, სინიორ დესანტისის კავკასიაში მოვლინება კი არ გვეპიტნავება, რადგან ლათინური ნათესაობა დადასტურებული ფენომენია. ჰოდა, მწარე გამოცდილებით ვვარაუდობთ, რომ პატივცემული ჯულიო ან სტვენით გააყრუებს არე-მარეს და კუს ტბის მიდამოში ნადირს დააფრთხობს, და ანაც თავს დაიბრმავებს და ლობუშს რაქის ჩვენს მხარეზე წოლით ბურთს შეანელებინებს.

ჩვენი რაზმისა უკვე ვთქვით და მეტოქის დანაკლისი მეტია. თბილისში ჩამოსულთაგან მსოფლოიო თასზე უთამაშია მხოლოდ ხუთს, ლეგიონერი კი სულ სამი ჰყავს ლობუშს. ქართულმა მედიამ უვეები, მეტეუშები, პინტუები და სხვა მათებრ ნაცნობნი რომ მოიკითხა, მორეიშისგან პასუხად მიიღო, ზოგი დაშავებულია და ზოგიც კლუბმა არ გამოუშვა; შესარჩევები რომ მოატანს, საუკეთესო გუნდს შევკრებთ, ჯერჯერობით კი ახლებს გამოვცდითო, რაზეც ლეინმა დაამატა, მოკლედ, მეტოქეები ერთ დღეში ვყოფილვართო.


საქართველო - პორტუგალია

ბორჯღალოსნები

(კეპი)
^ შინაური, $ ლეგიონერი, * მსოფლიო თასელი

ბეკები: 15 ირაკლი ყიასაშვილი^ (0), 11 ირაკლი ჩხიკვაძე^ (2), 14 ბესიკ ხამაშურიძე* (52); 13 დავით კაჭარავა*^ (14), 12 რეზო გიგაური* (14); 10 მეკო კვირიკაშვილი* (24), 9 ირაკლი აბუსერიძე* კაპ (48)

ფორვარდები: 1 გოდერძი შველიძე* (41), 2 დავით დადუნაშვილი (14), 3 დავით ქუბრიაშვილი (0); 4 ლევან დათუნაშვილი* (22), 5 კახა უჩავა (2); 6 შალვა სუთიაშვილი (5), 7 რატი ურუშაძე* (25), 8 დიმიტრი ბასილაია (0)

მარქაფა: 22 ოთარ ბარკალაია* (25), 21 ლაშა მალაღურაძე (0), 20 ბიძინა სამხარაძე* (29) / 16 ირაკლი ნატრიაშვილი (3), 17 ანტონ ფეიქრიშვილი (0); 18 გიორგი ჩხაიძე* (24), 19 ზვიად მაისურაძე*^ (22)

მწურთნელები: თიმ ლეინი [ავსტრალია] / ლევან ცაბაძე (33), ვიქტორ დიდებულიძე* (45); მენეჯერი ვასილ აბაშიძე (15)

ლობუში [მგლები]

ბეკები: 15 ვესკუ გესპარი, 11 გონსელუ ფორუ*, 14 ედერიტუ ეშტევეში; 13 უგო მელუ, 12 ფრენსისკუ მირე; 10 პედრუ კებრალი*, 9 ფრენსისკუ მეგელიანეში

ფორვარდები: 1 როდრიგო ეგიარი, 2 ჟოაუ კორეია* კაპ, 3 ჟუან მურე*$; 4 ედუარდუ ეკუშტა, 5 სებასტიანუ კუნია; 6 ჟუან სევერინუ$, 7 ენტონიუ დუარტე, 8 ტიეგუ ჟირეუ*$

მარქაფა: 22 დიოგუ მირანდა, 20 ლურენსუ კედოში / 16 გუშტევუ დუარტე, 17 დიოგუ ფიელიუ, 21 ბერნარდუ დუარტე; 18 მენუელ სომერ-რიბეირუ, 19 ფრენსისკუ ფრეგეტეირუ

მწურთნელები: ტომეჟ მორეიში / ჟოზე რიკარდუ, პედრუ ნეტუ; მენეჯერი ფრენსისკუ მერტინში

მსაჯები

რეფერი ჯულიო დესანტისი; კიდეებზე: რობერტო ორლანდინი / ჯანლუკა ბონაჩი [იტალია]

შაბ 2/02    მიხეილ მესხი   
16.00

>>    წარსული

ერთა თასი 2007/08

კიბე: რუსეთი 4-1 (156:76), საქართველო 3-1 (166:63), რუმინეთი 3-2 (148:77), ესპანეთი 3-3 (165:142), პორტუგალია 2-2 (65:65), ჩეხეთი 0-6 (40:317)

წლეულსვე: საქართველო - 9/02 რუმინეთი (შინ), 23/02 პორტუგალია (გარეთ), 29/03 ჩეხეთი (გ), 12/04 რუსეთი (გ), 26/04 ესპანეთი (შ)

19 წლის (1989-2007) მონაგარი: 96 თამაში (35 შინ, 45 გარეთ, 16 ნეიტრალურზე) 55 მოგება - 37 წაგება * 4 ფრე / ქულა 2230:1881 (+349) ლელო 273-208 (+65)

:::

Free Web Hosting